21.01.2009

 

 

პირველი ამხანაგური მატჩი სიდეში .

 

 

2009 წლის 21 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა თურქული შეკრების პირველი ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი, ქალაქ პოლტავას საფეხბურთო კლუბი ”ვორსკლა”.

შეხვედრა, რომელიც ზესტაფონელთა ადგილსამყოფელიდან 15 კილომეტრის მოშორებით, უკრაინელთა სასტუმრო ”კამელია ვორლდის” საფეხბურთო მინდორზე გაიმართა, ადგილობრივი დროით 11:00 (თბილისის დროით - 13:00) საათზე დაიწყო. უკრაინის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი ”ვორსკლა” ქართველებს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდა. ამის მიუხედავად, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა საგრძნობი ტერიტორიული ან სათამაშო უპირატესობის მოპოვება, თუმცა ამის ფონზეც სახიფათო მომენტებს ძირითადად ქართველები ჰქმნიდნენ - გოლის გატანის კარგი შესაძლებლობები ჰქონდათ ნიკო კვასხვაძეს (ორჯერ), კარენ მაკარიანსა და ნიკა გელაშვილს. კავკასიელთათვის სამწუხაროდ, სლავთა კარის დალაშქვრა შეხვედრის პირველ ნახევარში არ მოხერხდა. უკრაინელებმა კი ერთადერთი შორეული დარტყმით დაამახსოვრეს თავი მატჩზე მყოფ 50-მდე მაყურებელს, თუმც, უნდა ითქვას, რომ ეს დარტყმა იმერელთა მეკარის ზურაბ მამალაძის იოლი ნადავლი გახდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში უკრაინელებმა რამდენიმე ცვლილება განახორციელეს. დროის სწორედ ამ მონაკვეთში ზესტაფონელებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებაც შეძლეს - 53-ე წუთზე ნიკო კვასხვაძის მიერ საჯარიმოს გარედან შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მურთაზ დაუშვილი გამოეხმაურა და თავურით ბურთი პოლტაველთა კარის ბადეში გადაგზავნა; მეორე გოლი კი 55-ე წუთზე გავიდა - ალექსი ბენაშვილის უძლიერესად დარტყმულ ბურთს უკრაინელთა მეკარემ ვერაფერი მოუხერხა - 2-0 .

59-ე წუთზე ანგარიში 2-1 გახდა. მეტად საეჭვო სიტუაციაში დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად პოლტაველთა ხორვატმა ლეგიონერმა დენის გლავინამ აქცია. დანარჩენ დროში ქართველებს უფრო შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, ვიდრე სლავებს გათანაბრება, თუმცა, საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა, ზესტაფონელთა პირველი და დამსახურებული გამარჯვება - 2-1.

ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს : მამალაძე, ლობჟანიძე, თოდუა, მაკარიანი, დაუშვილი, ხიდეშელი (კაჭკაჭიშვილი, 76), ძარია (გორგიაშვილი, 71), ბენაშვილი (ჭელიძე, 64), ნ.კვასხვაძე (სტეფანიშვილი, 76), იონანიძე (მელქაძე, 62), გელაშვილი (ტეტუნაშვილი, 80).

შემდეგ სპარინგ-მატჩს გუნდი 24 იანვარს გამართავს ...

 

21/01/2009 - ”ზესტაფონი” - ”ვორსკლა” (პოლტავა, უკრაინა) 2-1


 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005