ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.
ქულები კი დავკარგეთ, მაგრამ უეფა აუცილებელია.
ამბიციურმა "ზესტაფონმა" 2008 წელი მეოთხე ადგილზე ჩაამთავრა, თასის მფლობელი კი არის, თუმც ტიტულს წლეულს ვეღარ დაიცავს - მეოთხედფინალში თბილისის "დინამოსთან" წააგო. "ზესტაფონს" ხელი მოეცარა სუპერთასსზეც, სადაც იმავ "დინამოს" ემსხვერპლა.
კლუბში მწვრთნელი ნოემბრის ბოლოს შეიცვალა - თემურ მახარაძის ადგილი გია გეგუჩაძემ დაიკავა, რომლის კარიერის მწვერვალი 2004 წელი იყო, როცა თბილისის "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ერთის თქმა, ალბათ, უკვე შეიძლება - გეგუჩაძის ხელში "ზესტაფონი" სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებს. ამ მწვრთნელს რისკიანი, შემტევი სტილი უყვარს, იოჰან ბოსკამპის თანაშემწე გახლდათ "დინამოსა" და ეროვნულ ნაკრებში, ჰოდა, შესაძლოა, ამიტომაც არის ჰოლანდიური სტილის მიმდევარი. ალბათ, ყურს უხეშად ხვდება, როცა ქართულ გუნდზეა ლაპარაკი და ჰოლანდიურ სტილს ვახსენებთ, თუმც გეგუჩაძეს უკვე აქვს საინტერესო მწვრთნელის იმიჯი, თანაც ასეთი განმარტება ევროსარბიელზე მიღწეული წარმატებებით დაიმსახურა.
საქართველოს ჩემპიონატი 7 თებერვალს განახლდება და გეგუჩაძეს უკვე აქვს დრო იმისთვის, რომ რაღაც მნიშვნელოვნად შეცვალოს. მისი გუნდი გუშინ ზესტაფონში შეიკრიბა და სასტუმრო "ალპედეში" დაბინავდა, სადაც 16 იანვრამდე დარჩება, 18-დან კი თურქეთში გააგრძელებს მზადებას. გეგუჩაძეს გუშინვე შევეხმიანეთ და ჯერ ტრანსფერებზე ვკითხეთ...
- "ზესტაფონი" როინ ონიანმა, ბოიომო ფრიდოლინმა და ვაჟა ლომაშვილმა დატოვეს. ბექა გოცირიძე დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" მიდის. გვყავს ახალწვეულებიც - ლევან მელქაძე, ზურაბ მამალაძე და გიორგი კაჭკაჭიშვილი. ახალი ფეხბურთელების მიწვევასთან დაკავშირებით პრეზენტაციასაც მოვაწყობთ.
- თავდამსხმელ მელქაძესა და მეკარე მამალაძეს თბილისის "დინამოში" მაშინაც უთამაშიათ, როცა თქვენ იყავით ამ გუნდის მწვრთნელი. გიორგი კაჭკაჭიშვილზე რას გვეტყვით?
- ის 1990 წელს არის დაბადებული, თბილისის "დინამოს" მეორე გუნდიდან ავიყვანეთ, ცენტრალური მცველია.
- "ზესტაფონში" უკვე აიყვანეთ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, თქვენს გემოვნებას რომ აკმაყოფილებს. დაახლოებით როდის მიაღწევს გუნდი ისეთ კონდიციას, როცა შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ეს ძველი "ზესტაფონი" აღარ არის?
- ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გუნდში ჩემი იდეები დაინერგოს. სათამაშო კონცეფციის შეცვლა იოლი არ არის. იმედია, "ზესტაფონი" მალე დაიწყებს იმ ფეხბურთის თამაშს, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს. საამისოდ, ნამდვილად არ გვაწყენდა კიდევ უფრო გაძლიერება და ამ საკითხზე მუშაობას ვაგრძელებთ.
- ცალკე უნდა გკითხოთ მელქაძეზე. ის დაახლოებით ნახევარი წელი იყო უგუნდოდ და მისგან როდის ელით ოპტიმალურ ფორმაში შესვლას?
- მელქაძე "ზესტაფონში" დეკემბრიდან ვარჯიშობს. მისი კონდიციები უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ამ მოსამზადებელმა ეტაპმა მელქაძისთვის უმტკივნეულოდ ჩაიაროს.
- კლუბის ხელმძღვანელობის აზრი ემთხვევა თქვენს შეხედულებებს?
- მათგან არის საიმისო მხარდაჭერა, რომ გუნდი კიდევ გაძლიერდეს. ზუსტად უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის საჭირო ფეხბურთელები. ვისაუბრეთ სისტემის დახვეწაზეც, რათა "ზესტაფონი" საკუთარი კადრებითაც კარგად მომარაგდეს. მეორე გუნდი და აკადემია სამ ასაკობრივ ჯგუფში - ამ სისტემამ გამართულად უნდა იმუშაოს.
- "ზესტაფონის" მშენებარე ბაზაზე რა ვითარებაა?
- ერთი მინდორი ორ-სამ თვეში მზად იქნება უცხოეთიდან ჩამოტანილი ბალახის საფარით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- ზურაბ იონანიძე, სევასტი თოდუა, შალვა ღონღაძე - ეს გამოცდილი ფეხბურთელები ესადაგებიან გია გეგუჩაძის მონახაზს?
- რაკი ისინი "ზესტაფონში" არიან, ესე იგი საჭირონი არიან.
- 2004 წლის "დინამო" - ანალოგიური სათამაშო მოდელის შექმნას აპირებთ "ზესტაფონშიც"?
- გვაქვს ამის სურვილი, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად არის მზად "ზესტაფონი" ასეთი მოდელისთვის. ამას შესაფერისი ფეხბურთელები სჭირდება და ამიტომაც ვაგრძელებთ სელექციას.
- კიდევ რომელი ფეხბურთელების აყვანას აპირებთ?
- გასინჯვაზე გვყავს რამდენიმე მოთამაშე - მიხეილ კაკალაძე და კვესიაშვილი "სამტრედიიდან", არკადი ტეტუნაშვილი "გაგრიდან"... ვაკვირდებით "ზესტაფონის" მეორე გუნდის ფეხბურთელ სუხიაშვილსაც...
- აიყვანეთ მელქაძე, აკვირდებით ასევე ყოფილ დინამოელ ფორვარდ კაკალაძეს... უკვე ხომ არ შეგიმუშავებიათ, რამდენი ფორვარდით შექმნით გუნდის ტაქტიკურ განლაგებას?
- არის რამდენიმე ვარიანტი, რომელთაც საკონტროლო მატჩებში მოვსინჯავთ და გადაწყვეტილებასაც ამის მერე მივიღებთ.
- რამდენი საკონტროლო მატჩის გამართვას აპირებთ თურქულ შეკრებაზე?
- ანთალიიდან 15 კილომეტრში, სადეში დავბინავდებით. შევარჩიეთ 6 სავარაუდო მეტოქეც - "კარპატი", ბაქოს "ინტერი", ჩეხური "ბანიკი", ნალჩიკის "სპარტაკი" და ერთ-ერთი ხორვატული გუნდი.
- რა იქნება "ზესტაფონის" მიზანი სეზონის მეორე ეტაპზე? პირველადგილოსან "ვიტ ჯორჯიას" 13 ქულით ჩამორჩებით, მეორე პოზიციაზე მყოფ "დინამოს" კი - შვიდით. კლუბის ხელმძღვანელობისგან გრძნობთ, რომ გაქვთ დროის კრედიტი?
- კლუბის ხელმძღვანელობისგან ნდობასა და მხარდაჭერას კი ვგრძნობ, თუმცა შედეგი უახლოეს პერიოდშიც უნდა იყოს - საჩემპიონო შანსები კი შეგვიმცირდა, მაგრამ უეფას თასის საგზურისთვის აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ. ამ მიზნის მიღწევა რეალურია. ამას გარდა, აუცილებელია ეფექტური შიდა სტრუქტურის შექმნაც, რომლის გარეშეც წარმატებებზე ვერ ვიფიქრებთ.
|