ზესტაფონს პატარა ბრაზილიად გადავაქცევთ
"ზესტაფონის " თითქმის ერთთვიანი წარუმატებელი ასპარეზობა ქომაგებმა მტკივნეულად განიცადეს . მათ ხელმძღვანელობის მიმართ არაერთი კითხვა დაებადათ და კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრა ითხოვეს . ილია კოკაიამ ხალხის თხოვნა გაითვალისწინა და კვირას გორის " დილასთან " მატჩის შემდეგ გულშემატკივარი ფეროშენადნობი ქარხნის კლუბში მიიწვია . ამ შეხვედრას ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაიოზ დარსაძეც ესწრებოდა , თუმცა პოლემიკაში არ ჩართულა , კლუბის პრეზიდენტისა და ქომაგების დიალოგის მოსმენით დაკმაყოფილდა .
... ილია კოკაიამ გუნდის მიზნებზე და გეგმებზე ვრცლად ისაუბრა . პრეზიდენტმა პირველად კლუბისა და ქომაგების ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება :
" ბოლო რამდენიმე შეხვედრა ცუდად ჩავატარეთ და გულშემატკივრების შესაბამისი რეაქცია არც გამკვირვებია . მზად ვარ , ნებისმიერ კითხვაზე გაგცეთ პასუხი . ერთში კი დამერწმუნეთ : მეც თქვენსავით მისკდება გული , " ზესტაფონის " ცუდ თამაშს რომ ვუყურებ . კარგია , როცა მოწინააღმდეგე გუნდს ტაშით აცილებთ . ეს თქვენი მხრიდან ობიექტურობის გამოვლინებაა , მაგრამ ასეთივე დამოკიდებულება უნდა იყოს საკუთარი გუნდის მიმართაც , რადგანაც თამაშს მხოლოდ ფეხბურთელები ვერ იგებენ . ფეხბურთი მაყურებლის გარეშე არაფერია . საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარა . ეს ნამდვილი საშინელება იყო . ცუდი იქნება , თუ ზესტაფონელი გულშემატკივრები საკუთარ გუნდზე გულს აიცრუებენ და სტადიონზე აღარ ივლიან . უნდა გაითავისოთ , რომ " ზესტაფონი " მხოლოდ კოკაიას საკუთრება არაა . ის თქვენი კლუბი , თქვენი დროშა და სავიზიტო ბარათია , რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება ".
კოკაიამ " ზესტაფონის " მიერ აღებულ კურსზე და გუნდის მიზნებზეც ისაუბრა :
" შეგვიძლია ბევრი ფული დავხარჯოთ და ჩემპიონობაც არ გაგვიჭირდება , მაგრამ შემდეგ ჩამოვა მეზღვაურებითა და მეთევზეებით დაკომპლექტებული მალტის გუნდი და მწარე რეალობის წინაშე დაგვაყენებს . მით უმეტეს , ზესტაფონელებს ასეთი იმედგაცრუება საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი . ეს ყველაფერი იმ ცუდი სისტემის ბრალი იყო , რომელიც ქართულ ფეხბურთს ამუხრუჭებდა . ისტორია რომ არ განმეორდეს , რთული და შორი გზა ავირჩიეთ . ეს გზა მხოლოდ ჩვენი კლუბის კი არა , მთლიანად ქართული ფეხბურთის აღორძინებისკენ არის მიმართული . ზოგჯერ ისეთი ნაბიჯების გადადგმაც მოგვიწევს , რომლის მნიშვნელობაც , შესაძლოა , თავადაც ვერ გავაცნობიეროთ , მაგრამ გვჯერა , რომ სწორედ ეს გზა გაგვიყვანს გვირაბიდან . ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით სწორედ " ზესტაფონს " ერგო ეს მძიმე ხვედრი . ამის გამო პრესასა და ტელევიზიაში აურზაურია ატეხილი . როცა საქმე ვერ კეთდება , თავისი " პორცია " საყვედური ყველამ უნდა მიიღოს , მაგრამ იმდენ დაუმსახურებელ კრიტიკას ვაწყდები , გაზეთებს აღარც კი ვკითხულობ ".
ქომაგები იმ გეგმის დეტალებით დაინტერესდნენ , რომლის განხორციელებასაც " ზესტაფონის " ხელმძღვანელობა აპირებს :
" ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ . " ზესტაფონი " პროფესიული საფეხბურთო კლუბი უნდა გახდეს . სამუშაო ისე უნდა წარიმართოს , რომ ჩვენს კლუბთან თანამშრომლობა ყველასთვის მომხიბვლელი იყოს . ჩვენ " ჩელსის " მაგალითი უნდა ავიღოთ , რომელიც ცოტა ხნის წინ ერთ - ერთი წამგებიანი კლუბი იყო და სწორი პოლიტიკის შედეგად დღეს მომგებიან საწარმოდ იქცა . " ზესტაფონის " შენებაში თითოეულმა თქვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა . არა აქვს მნიშვნელობა , თქვენი მხარდაჭერა ბილეთების შეძენაში გამოიხატება , თუ ფიზიკური შრომით . გვინდა , კლუბი სააქციო საზოგადოებად ვაქციოთ . ყველა თქვენგანს გუნდის აქციების პატარა ნაწილი ერგება . ადრე თუ გვიან ამ საქმემ შემოსავალი თუ არ მოიტანა და კლუბმა თავი ვერ შეინახა , ეს იგივე იქნება , კაზინოში რომ იარო და ფული წააგო . ამიტომ თქვენც უნდა დაგვიდგეთ გვერდით . ზესტაფონი საკმაოდ მდიდარი ქალაქია და ბილეთის შეძენა არავის გაუჭირდება . თითოეულ მატჩზე 10 ათასი ბილეთიც რომ გაიყიდოს , ჩვენ მიერ გაწეულ ხარჯებს მაინც ვერ აანაზღაურებს . თუმცა თანხა ისევ თქვენს საყვარელ კლუბს მოხმარდება . ბრაზილიაში , სადაც არანაკლებ გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს , გულშემატკივრებს ფეხბურთი ისე უყვართ , რომ მთელი კვირა მუშაობენ , 5 კრუზეირო რომ გამოიმუშაონ და კვირის ბოლოს ფეხბურთი ნახონ . მოდი გავაკეთოთ ისე , რომ ზესტაფონი პატარა ბრაზილია გახდეს . ჩვენ ამის წინაპირობა გვაქვს . " ზესტაფონს " ნიჭიერი თაობა ეზრდება . ეს ბავშვები პირველ ლიგაში გამოდიან . მათ თამაშზე მშრალი სტატისტიკით ნუ შეიქმნით შთაბეჭდილებას ".
გულშემატკივრებმა ილია კოკაიას კლუბის ინფრასტრუქტურის შესახებაც კითხეს . ისინი დაინტერესდნენ , გაგრძელდება თუ არა სტადიონის კეთილმოწყობა .
" ოთხივე მხრიდან ტრიბუნების გაკეთებას ვგეგმავთ . დამონტაჟდება პლასტმასის სკამები , გვექნება განათება . გარდა ამისა , გაკეთდება სამი სავარჯიშო მოედანი . მთავარია , რომ თქვენგან იყოს კეთილი ნება და ბილეთების შეძენით გვერდში დაგვიდგეთ . თუ ამის პირობას მომცემთ , სამუშაოები მალევე დაიწყება . გარდა ამისა , ბევრი საკითხია მოსაგვარებელი . იმერეთში ერთი სასტუმრო არ არის , რომელიც ერთდროულად ორი გუნდის მიღებას შეძლებს . ფედერაციის ხელმძღვანელებსა და ნაკრების წევრებს უნდათ , იორდანიას ზესტაფონში ვუმასპინძლოთ , მაგრამ გუნდების დაბინავების პრობლემაა . პირველ რიგში , სწორედ ეს საკითხები უნდა მოვაგვაროთ და შემდეგ ვიფიქროთ სხვა დანარჩენზე . უცხოელ მწვრთნელებს რომ ვითხოვთ , თუ მათ ბაზები არ დავახვედრეთ , ისინიც ვერაფერს გახდებიან . ეს ყველაფერი მხოლოდ ზესტაფონის კი არა , ყველა ქართული კლუბის საზრუნავი უნდა იყოს ".
ქომაგები თემურ მახარაძის ბედითაც დაინტერესდნენ .
" მახარაძე გუნდიდან არავის გაუშვია , მან დასვენება ითხოვა და თავის პოსტს 15 ნოემბერს დაუბრუნდება ".
ბოლოს გულშემატკივრებმა იმის გარანტია ითხოვეს , რომ დაწყებული საქმე შუა გზაში არ შეჩერდება და " ზესტაფონი " ორწლიან გუნდს არ დაემსგავსება . ამაზე კოკაიამ უპასუხა :
" გარანტიას მხოლოდ ბანკები იძლევიან . სანამ ძალა შემწევს , გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ , რადგანაც თქვენსავით ფეხბურთით ვარ დაავადებული . რაც კეთდება , ამას სახლში ვერ წავიღებ , ეს აქ დარჩება , მაგრამ რომ იცოდეთ , ჩემი გაგდებაც გაგიჭირდებათ , რადგან ზესტაფონში იქნება სტადიონი , იქნება ბაზა და ძლიერი კლუბი
|