05.01.2009

 

 

ინტერვიუ ბექა გოცირიძესთან.

"ზესტაფონი" სულ სხვაგვარად ათამაშდება.

 

“ზესტაფონის” ფორვარდმა ბექა გოცირიძემ, გასულ წელს პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა, რამაც “ჯვაროსნებს” უელსის ნაკრებთან კარდიფში მოაგებინა. 20 წლის ფეხბურთელმა, ეროვნულ ჩემპიონატში თავდაუზოგავი თამაშით, თავი ეროვნული გუნდის არგენტინელ თავკაცსაც მოაწონა და კუპერი მას პრაქტიკულად ყველა ოფიციალურ თუ საკონტროლო შეხვედრაში ენდო. გოცირიძე ფეხბურთს პირველად თბილისის “ნორჩი დინამოელის” მწვრთნელმა გია ჯანგავაძემ აზიარა. მას შემდეგ ფორვარდმა მხოლოდ ორ ქართულ პროფესიულ გუნდში, “ამერსა” და “ზესტაფონში” მოსინჯა ძალები. მომავალი ზაფხულიდან, არაა გამორიცხული, იგი რომელიმე უცხოურ კლუბში გადავიდეს.


ბექა გოცირიძემ “მსოფლიო სპორტის” კითხვებს, ზესტაფონში შეკრების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უპასუხა.
- ბექა, ტრავმის გამო წლის ბოლოს ბევრი გაგიცდათ. ჯანმრთელობის მხრივ უკეთესობა თუ შეინიშნება?
- ყველაფერი რიგზეა. შეიძლება ითქვას, სრულად განვიკურნე. დეკემბრის ბოლომდე გია გეგუჩაძის რეკომენდირებული ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობდი. ახლა გუნდთან ერთად ვარ და დიდი იმედი მაქვს, ჩვეულებრივ დატვირთვებს შევეჭიდები.
- მაინც რა დაგემართათ, ბულგარეთთან თამაშისას?
- ამ თამაშში ძალიან დავიღალე და უბრალოდ, დასვენება მჭირდებოდა. ტრავმა კი, რომელმაც ჩემპიონატში თვეზე მეტი გამომატოვებინა, რუმინეთთან ამხანაგურში მივიღე. კუნთში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და კუპერმა გამომცვალა. მერე რუსთავის “ოლიმპთანაც” ვითამაშე და მწვრთნელმა იქაც შემცვალა. ტრავმას არც ამის შემდეგ შევეპუე და “დინამოსთან” თასის საპასუხო მეოთხედფინალში, ბოლომდე ვითამაშე. როგორც ჩანს, კუნთმა ვერ გაუძლო ამდენ დატვირთვას და როცა ამ თამაშის შემდეგ ფეხზე სურათი გადამიღეს, აღმოჩნდა, რომ კუნთი გაგლეჯილი მქონდა. ექიმებმა სამკვირიანი დასვენება გამომიწერეს, პარალელურად ნემსებს მიკეთებდნენ და საბედნიეროდ, ახალ წელს სრულიად ჯანმრთელი შევხვდი.
- გამოდის, გამოუცდელობის ბრალია. თავიდანვე რომ მაღალ დატვირთვებს მორიდებოდით, შესაძლოა ამდენი დრო არ გაგეცდინათ?
- გეთანხმებით, მაგრამ თავის დაზოგვა არ მიყვარს და მეც დასვენებას, თამაში მერჩივნა. მომავალში, ალბათ ცოტათი უფრო მოვუფრთხილდები, თორემ ამდენი ხნის უთამაშებლობა ძნელია. მით უფრო, გუნდს წინ მეტად საპასუხისმგებლო მატჩები აქვს გასამართი.
- ცალკე გუნდს, ცალკე ნაკრებს - კუპერი ხშირად განდობთ ძირითადში ადგილს.
- კუპერისაგან ნდობას ნამდვილად ვგრძნობ და ყოველთვის ვცდილობ, იგი მაქსიმალურად გავამართლო. ნაკრებში, ყველა რგოლში დიდი კონკურენციაა და პატარა ჩავარდნაც საკმარისია, რომ იქ ადგილი დაკარგო. ამის გათვალისწინებით, ძირითადში გარანტირებული ადგილი არავის აქვს. ამდენად, იმედი მაქვს, ნაკრების მწვრთნელები ისევ მენდობიან და მეც ჩემს შანსს ხელიდან არ გავუშვებ.
- ნაკრების დონეზე შარშან ჩატარებულმა თამაშებმა, თქვენით უცხოური კლუბების დაინტერესება რეალური გახადა.
- კარგია, როცა შრომა გიფასდება. მეც გამიგია უცხოური გუნდებიდან ჩემით დაინტერესების თაობაზე, მაგრამ როგორც ვიცი, ჯერ მოლაპარაკების სტადიაში არიან.
- ყველაზე მეტად, უკრაინაში თქვენს შესაძლო გადასვლაზე საუბრობენ – დნიპროპეტროვსკის “დნიპროში”. ვინ აწარმოებს ამ ტრანსფერზე მოლაპარაკებებს?
- “ზესტაფონში” კონტრაქტით კიდევ 6 თვე დამრჩა სათამაშო და ამ ხნის გასვლამდე ჩემზე სატრანსფერო უფლებები, კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიას ეკუთვნის. არ გამოვრიცხავ, თუ მხარეები შეთანხმდნენ და პირობები ჩემთვისაც მისაღები აღმოჩნდა, კარიერა უკრაინაში გავაგრძელო. თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ზესტაფონში ყველა პირობაა შექმნილი ფეხბურთის მაღალ დონეზე სათამაშოდ.
- თქვენი გასაკეთებელი რომ იყოს არჩევანი გასაკეთებელი, სად არჩევდით თამაშს?
- რომელი ფეხბურთელი არ ფიქრობს პირობების გაუმჯობესებაზე. თანაც, ამ გუნდში უკვე მეოთხე წელი ვთამაშობ და მგონი დროა, ცოტათი უკეთეს ჩემპიონატშიც ვითამაშო.
- ზოგი ჭირი მარგებელიაო და ახლა “ზესტაფონს” მხოლოდ ჩემპიონატზე ექნება აქცენტი გადატანილი.
- სამწუხაროდ, თასზე ბრძოლას გამოვეთიშეთ და ახლა მთელი ყურადღება ჩემპიონობაზე გვაქვს გამახვილებული. პირველ ადგილზე მყოფი “ვიტ ჯორჯია” 13 ქულით გვისწრებს, მაგრამ მათზე ორი თამაშით ნაკლები გვაქვს გამართული და სხვაობის შემცირება შესაძლებელია. მოკლედ, ჩვენ არაფერს დავიშურებთ, ამას ალბათ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერებაც დაემატება, მწვრთნელიც ისეთი გვყავს, ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ბრძოლობს. მერწმუნეთ, სეზონის მეორე ნახევარში ჩვენი გუნდი სულ სხვაგვარად ათამაშდება.
- “გაზეთ მსოფლიო სპორტის თასზე” სახალხო გამოკითხვის ერთ-ერთი ნომინანტი თქვენც ხართ. თქვენს არჩევანს ვისზე შეაჩერებდით?
- აუცილებლად ირაკლი კლიმიაშვილზე. ის ძალიან კარგ სეზონს ატარებს, რაც ნაკრების მწვრთნელებმაც შეამჩნიეს. ჩემპიონატზე ირაკლი ერთ-ერთი საუკეთესოა და თუ გულშემატკივარი ამაგს დაუფასებს, კარგი იქნება.

ფრიდონ კერვალიშვილი, გაზეთი ”მსოფლიო სპორტი”

P.S. 5 იანვარს ბექა გოცირიძე, კლუბებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გაემგზავრა ქალაქ დნეპროპეტროვსკში, სადაც ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”დნიპროს” ექიმთა მეთვალყურეობით ჩასატარებელი სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ფეხბურთელი მოაწერს ხელს კონტრაქტს საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონ და უკრაინის ერთ-ერთ წამყვან კლუბთან.


ს.კ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005