მარცხი უშუალო კონკურენტთან შეხვედრაში.
28 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას”.
შეხვედრა, რომელშიც ზესტაფონელებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, თავიდანვე მასპინძელთათვის არასასურველი სცენარით წარიმართა - მიმდინაობდა მატჩის 19-ე წუთი, როდესაც ვახტანგ კვარაცხელიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი ძლიერად დაარტყა და ვეტერინარები დააწინაურა.
ზესტაფონელებმა მალევე გაათანაბრეს - 28-ე წუთზე კარენ მაკარიანმა კუთხურიდან ბურთი სტუმართა საჯარიმოში გადაგზავნა, იქ კი ყველას ნიკოლოზ გელაშვილმა დაასწრო და თავით ბურთი ”ვიტ-ჯორჯიის” კარის ბადეში გაახვია. პირველი ტაიმის დარჩენილმა წუთებმა მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა.
გადამწყვეტი კი შეხვედრის 63-ე წუთი გამოდგა, როდესაც ვახტანგ კვარაცხელია, ზესტაფონელთა დაცვის უხეში შეცდომით ისარგებლა და როინ კვასხვაძესთან პირისპირ გასულმა შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა -1-2.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ”ზესტაფონი”-”ვიტ-ჯორჯიისა” და ”ლოკომოტივი”-”ბორჯომის” 28 დეკემბერს გამართული შეხვედრები ყველაზე გვიან გამართული საფეხბურთო მატჩებია საქართველოს ფეხბურთის ისტორიის მანძილზე.
მატჩის შემდეგ:
ნესტორ მუმლაძე ("ვიტ ჯორჯიას” მთავარი მწვრთნელი): "საინტერესო თამაში გამოდგა. იყო ბრძოლა, რაც საბედნიეროდ უხეშობაში არ გადაზრდილა. ორმხრივ შეტევებში ჩავლილი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში მეტოქეს დაღლა დაეტყო, ვაჯობეთ და გამარჯვების მოპოვება შევძელით. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემპიონატის პირველ ნახევარში ჩემი გუნდის თამაშით და მიხარია, რომ მის დამაგვირგვინებელ და პრინციპულ შეხვედრაში 3 ქულა ავიღეთ”.
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): "პირველი ტაიმის კმაყოფილი ვარ, თუმცა მაინც ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომელიც მოგვაგებინებდა. მატჩის ბედი იმ ერთადერთმა შეცდომამ გადაწყვიტა, რომელიც ჩვენმა მცველმა დაუშვა. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ქაოტური შეტევები გვქონდა, რასაც მე ფეხბურთად არ მივიჩნევ. საბოლოოდ, მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა”.
|