გია გეგუჩაძის ფორმულა: 6 თვე + 3 წელი
”ჩვენი მიზანი კვლავ ჩემპიონობაა”
უკვე გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გია გეგუჩაძე ”ზესტაფონის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მართალია, იმერული კლუბის შედეგი ახალი მწვრთნელის ხელში იდეალური არ არის, მაგრამ საგანგაშო არაფერია - წინ ზამთრის არდადეგებია და სწორედ ამ დროს უნდა მოჭრას თავის თარგზე გეგუჩაძემ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გუნდი.
”ზესტაფონის” ახალ მწვრთნელს სამუშაო არ აკლია, მაგრამ ”ოლიმპთან” სასაუბროდ მაინც მოიცალა.
- ბატონო გია, ჯერ ის გვითხარით, როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება?
- პირველი შთაბეჭდილება მხოლოდ და მხოლოდ დადებითია. ზესტაფონში ის დამხვდა, რასაც ველოდი. საკითხს აქვს მეორე მხარეც - ჯერ შედეგი ვერ არის ისეთი, როგორიც ყველას გვინდა, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარებადია. ერთი წაგება და ერთი ფრე საამაყოდ ვერ გამოგვადგება. ეს შედეგი კიდევ უფრო მეტი
მუშაობისკენ გვიბიძგებს.
- გულწრფელად გვითხარით, რაიმეს შეცვლა უკვე მოასწარით ”ზესტაფონში”?
- ორი მატჩი ძალიან მცირე დროა იმისთვის, რომ თუნდაც ზედაპირული ცვლილებები განახორციელო. გრძელდება დაკვირვების პროცესი, უმნიშვნელო ჩარევა. ერთი სიტყვით, უმაშაობთ და ვნახოთ.
- თავის დროზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიყვანეთ ავანსცენაზე. ”ზესტაფონში” თუ არიან ნიჭიერი ბიჭები?
- რა თქმა უნდა, არიან. სუპერთასზე ძირითადში დავაყენეთ ახალგაზრდა მცველი მაკარიანი. მოგვიანებით მას ”მესხეთთან” მატჩშიც გამოვუცხადეთ ნდობა. ახალციხეში პირველი გუნდის შემადგენლობაში ითამაშეს სუხიაშვილმა და სტეფანიშვილმა. ისინი აქამდე დუბლებში იყვნენ. კვლავ დიდი ინტერესით ვაგრძელებს
ძიების პროცესს.
- ამბობენ, რომ ”ზესტაფონი” ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდება. ჯაბა კანკავა, შოთა გრიგალაშვილი, ჯაბა დვალი და სხვები სწორედ თქვენ აზიარეთ დიდ ფეხბურთს...
- წინასწარ ზუსტი პასუხის გაცემა ამ კითხვაზე ძალიან გამიჭირდება. ეს ბიჭები ჩემთვის უსაყვარლესი ფეხბურთელები არიან. კანკავა სისტემატურად ხვდებოდა ”დნიპროს” ძირითად შემადგენლობაში, ბოლო დროს კი ტრავმამ შეუშალა ხელი. სამწუხაროდ, ცოტა სხვანაირად წავიდა შოთა გრიგალაშვილისა და სხვების საქმე, რის გამოც გული ძალიან მტკივა. არადა, ამ ბიჭებს მართლაც ბევრი შეუძლიათ.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ”გაგრას” სპორტული დირექტორი ვიყავი, ჩემი ყოფილი ფეხბურთელები ხშირად ”მამწარებდნენ”, გოლები გაჰქონდათ ჩემი გუნდის კარში. ასე მოხდა სუპერთასზეც - ლევან ხმალაძე ”დინამოში” ჩემს დროს დამკვიდრდა.
არასდროს მჩვევია საკუთარი ღვაწლის გაზვიადება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბიჭების ჩამოყალიბებაში ჩემი წვლილიც არის. უნდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანის გულშემატკივრად ვრჩები. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდში არიან ახლა.
ერთსაც დავამატებ: შეიძლება კარგი ფეხბურთელი იყოს, მაგრამ ჩემს სათამაშო კონცეფციას ვერ მოერგოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სხვა კლუბში, სხვა მწვრთნელის ხელში გაუჭირდება. იგივე შეიძლება ითქვას ჩემს პრინციპებზე. შეიძლება სხვის ხელში ჩრდილში მყოფი ფეხბურთელი მე ძალიან გამომადგეს.
მოკლედ, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. არ უარვყოფ, თქვენ რომ ჩამოთვალეთ, იმ ფეხბურთელებზე გარკვეული მუშაობა უკვე დაწყებულია, მაგრამ რა სახე ექნება `ზესტაფონს~ ზამთრის პაუზის დასრულების შემდეგ, ამას უშუალოდ სეზონის განახლების წინ ვნახავთ.
- ”ზესტაფონმა” უკვე დაიწყო ახალი ბაზის მშენებლობა. გამართულ ინფრასტრუქტურას რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?
- გუნდის წარმატებისთვის ეს ერთ-ერთი უპირველესი ფაქტორია. ვისურვებდი, რომ ამ კუთხით ყველა ქართულ კლუბში ისეთივე მდგომარეობა ყოფილიყოს, როგორიც ამჟამად ”ზესტაფონშია”. თუ საფეხბურთო მეურნეობა არ მოვაწესრიგეთ, ისე წარმატების მიღწევა საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან გაგვიჭირდება.
- ვიცით, რომ ”ზესტაფონში” შორს მიმავალი გეგმებით მიხვედით. მხოლოდ ექვსთვიანი კონტრაქტი რატომ გააფორმეთ?
- არა, კონტრაქტი 6 თვე + 3 წელი გაფორმდა. ასე რომ, მე დიდი იმედით ვმუშაობ ამ გუნდში.
- ბოლოდროდინდელი არათანაბარი ასპარეზობის მიუხედავად, გუნდის მიზანი კვლავ ჩემპიონობაა?
- მართალია, ”ვიტ ჯორჯიას” და ”დინამოს” ჩამოვრჩებით, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა.
|