10.12.2008

 

 

გია გეგუჩაძე: ”ვარჯიშებზე კარგად ჩანს, რას აპირებს კუპერი”

 

 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა, ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ნაკრების კანდიდატებს, რომელთა გვერდით ნალჩიკის “სპარტაკის” თავდამსხმელის დავით სირაძის სახით ერთი ლეგიონერიც გამოჩნდა, გუშინ საგურამოში მორიგი ვარჯიში ჩაუტარა.


გუშინდელ წვრთნაზე, არგენტინელმა ძირითადი აქცენტი ორი თავდამსხმელით შეტევაზე აიღო და ფეხბურთელებს უხსნიდა ამ დროს კონკრეტულად რა უნდა გააკეთონ. მაგალითად, ბურთიანმა ფორვარდმა როგორ უნდა იმოძრაოს, მისმა პარტნიორმა კი რა პოზიცია დაიკავოს საჯარიმოში, ან გადაცემას როგორ გამოეხმაუროს.
საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, კუპერმა განაცხადა, რომ მისთვის მთავარია, ფეხბურთელებმა მიცემული დავალება სწორად გაიგონ და შეასრულონ. “კარგად მესმის, რთულია იმის გაკეთება, რაც აქამდე არ გაგიკეთებია, მაგრამ მთავარი მონდომებაა. დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება”, - თქვა არგენტინელმა.


საგურამოში იმყოფებოდა “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში ცდილობს არგენტინელის ვარჯიშებს დაესწროს: “ცხადია, ვარჯიშზე ჩემი ყოფნა იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ნაკრებში “ზესტაფონის” ფეხბურთელები არიან გამოძახებული, მაგრამ კუპერის ვარჯიშებს მაშინაც ვესწრებოდი, როდესაც არსად ვმუშაობდი. მისასალმებელია, რასაც არგენტინელი აკეთებს და მე რომ ვიყო ნაკრების მწვრთნელი ანალოგიურად მოვიქცეოდი. საინტერესოა, მისი საფეხბურთო ხედვა და ვარჯიშებზე კარგად ჩანს, თუ როგორ აპირებს გუნდი ათამაშოს”.


დღევანდელ ვარჯიშზე კუპერის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ:
მეკარეები: გიორგი ლომაია (“ლოკომოტივი”), როინ კვასხვაძე (“ზესტაფონი”), ზურაბ მამალაძე (“მგლები”)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (“ზესტაფონი”), გურამ კაშია (“დინამო”), დავით გიგაური (“გაგრა”), ალექსანდრე კვახაძე (“ვიტ ჯორჯია”);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (“ზესტაფონი”), ზაზა ჭელიძე (“სიონი”), ლევან ხმალაძე (“დინამო”), ლუკა რაზმაძე (“ვიტ ჯორჯია”), დავით ოდიკაძე (“დინამო”), გიორგი სეთურიძე (“ოლიმპი”), ირაკლი კლიმიაშვილი (“ვიტ ჯორჯია”);
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე (“დინამო”), გიორგი გაბედავა (“გაგრა”), დავით სირაძე (ნალჩიკის “სპარტაკი”).


ლაშა თაბაგარი, გაზეთი ”მსოფლიო სპორტი”, 10.12.2008
   
FC ZESTAFONI © 2005