07.12.2008

 

 

არშემდგარი რევანში.

 

7 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ბორჯომში ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა ახალციხის საფეხბურთო კლუბ ”მესხეთს”.

როგორც მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა ზესტაფონში ახალციხელი ფეხბურთელების სენსაციური გამარჯვებით დასრულდა. დღევანდელი შეხვედრა რევანშის ასაღებად შემართული იმერლების სათამაშო და ტერიტორიული დიდი უპირატესობით წარიმართა, ზესტაფონელებს რამდენიმეჯერ შეეძლოთ კიდეც ანგარიშის გახსნა, თუმცა საბოლოოდ მატჩი უგოლოდ 0-0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ:

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): "მცირე სათამაშო უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ რამდენიმე სახიფათო მომენტი ვერ გამოვიყენეთ. რაც უპირველესად, ჩვენი ბრალი უფრო იყო, ვიდრე მეტოქის დამსახურება. აქედან გამომდინარე, არც თამაშის ხარისხია ჩვენთვის მისაღები და არც შედეგი”.   

 კობა თედიაშვილი ("მესხეთის” მთავარი მწვრთნელი): "რაღა დაგიმალოთ და საოცარ რაღაცეებს ჩავდივართ. "ოლიმპთან”, წინა ტურში წაგების შემდეგ, ბიჭებმა ერთად ვარჯიში უკვე დაიწყეს და ცოტათი ფორმაში შედიან. ძალიან კმაყოფილი დავრჩი დაცვისა და შუა ხაზის მოთამაშეების. გუნდი გაფრთხილებული მყავდა, რომ მეტოქისთვის არ უნდა მიეცათ მოედნის დიდ სივრცეებზე თავისუფლება, სათამაშო ზონები გადავუკეტეთ და შედეგიც მივიღეთ. ჩვენი ამჟამინდელი ყოფიდან გამომდინარე, შედეგითაც კმაყოფილი ვარ და თამაშითაც”.     

 

07/12/2008- ”მესხეთი” -”ზესტაფონი” 0-0

დაწვრილებით:

 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005