05.12.2008

 

 

გია გეგუჩაძის მიზანი “ზესტაფონში” ჩემპიონობაა.

 

 

XX ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში შეცვლილ მთავარ მწვრთნელთა რაოდენობა გასამდა. ს.კ. “ზესტაფონს” სათავეში გია გეგუჩაძე ჩაუდგა, რომელმაც პოსტის საკუთარი ნებით დამტოვებელი თემურ მახარაძე შეცვალა. იმერული კლუბის მესვეურებმა საქართველოსთვის უპრეცედენტო გამონაკლისი დაუშვეს და ძველი მწვრთნელი მისგან შორს არ გაუშვიათ - მახარაძე “ზესტაფონში” დარჩება და მისი წინსვლისთვის მდიდარ გამოცდილებას არ დაიშურებს.


გია გეგუჩაძე 1965 წელს დაიბადა. მან სამწვრთნელო კარიერა 24 წლისამ ბავშვებს წვრთნით დაიწყო. იგი გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი გახლდათ. 1994 წლიდან 2000 წლამდე, თბილისის “დინამოში” დავით ყიფიანის მთავარი მწვრთნელობისას, მისი ასისტენტის ფუნქციებს ასრულებდა. პარალელურად, როცა ყიფიანი და ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი ეროვნულ ნაკრებს ავარჯიშებდნენ, გეგუჩაძე იქაც ასისტენტობდა. ბოსკამპმა საქართველოს დატოვების შემდეგ, გეგუჩაძე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, კერძოდ კი დუბაიში, ერთ-ერთი კლუბის წვრთნისას, ისევ ასისტენტად წაიყოლა. იგი ჰოლანდიელს 6 თვის განმავლობაში ეხმარებოდა და სამშობლოში დაბრუნებულმა, 2001 წელს რუსთავის “გორდა” ჩაიბარა. 2003 წელს გია გეგუჩაძე კვლავ თბილისის “დინამოში” დაბრუნდა, სადაც ჯერ ფარმ-კლუბს წვრთნიდა, 2004 წლის გაზაფხულზე კი, როცა ხორვატი ივო შუშაკი დაითხოვეს, მისი ადგილი დაიკავა. გეგუჩაძის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართული გუნდის მიერ ევროთასებზე მოპოვებული ყველაზე დიდი წარმატება. მისმა გაწვრთნილმა “დინამომ” 2004/05 წლების სეზონში უეფას თასის ჯგუფურ ტურნირზე შეაღწია. მან თბილისის “დინამოში” 2005 წლის მარტამდე იმუშავა, რის შემდეგაც აქტიური სამწვრთნელო პრაქტიკა აღარ ჰქონია. გეგუჩაძე ს.კ. “გაგრაში” გარკვეული პერიოდი სპორტულ დირექტორად მუშაობდა.
“ზესტაფონის” ახალ თავკაცთან “მსოფლიო სპორტის” ინტერვიუ იმის გარკვევით დაიწყო, რით იყო სამწვრთნელო პრაქტიკას თითქმის 4 წლით მოწყვეტილი სპეციალისტი დაკავებული.
- პრაქტიკა აღარ მქონია, მაგრამ მოვასწარი ის, რომ უკრაინაში ავიღე უეფას მწვრთნელობის A და PRO- ლიცენზია. ახლა უფლება მაქვს ევროპის ნებისმიერი ქვეყნის კლუბს და ნაკრებს ვუხელმძღვანელო.
- განათლების ბაზაც კარგი გაქვთ და პრაქტიკისაც. მიდით ისეთ გუნდში, რომელსაც ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებიდან, ყველაზე არაორდინალური პრეზიდენტი ჰყავს. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ტანდემი ილია კოკაიასთან?
- ისე, თავისებურად არაორდინალურები ყველანი ვართ. ჩვენს ტანდემს რაც შეეხება, ამას დრო გვიჩვენებს. მე რამაც ამ ადამიანში მომხიბლა, ეს არის მისი უზომო სიყვარული ფეხბურთისადმი - იგი თავსაც არ ზოგავს, მონდომებას და სახსრებს, ჰყავდეს ყველანაირად ძლიერი კლუბი. აქ მე მარტო სპორტულ მხარეს არ ვგულისხმობ.
- თქვენსა და პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები, საკმაოდ დიდხანს მიდიოდა. როგორც ჩანს ყველაფერთან ერთად “ზესტაფონის” საკლუბო ინფრასტრუქტურასაც ეცნობოდით.
- აქ უკვე ისეთი ინფრასტრუქტურა არსებობს, რომ საქართველოს მასშტაბით “ზესტაფონი” ერთ-ერთ წარმატებულ კლუბად შეიძლება ჩაითვალოს. ცხადია, სურვილია, ეს ყველაფერი დაიხვეწოს. საკუთარი ბაზისთვის მიწა უკვე გამოყოფილია და მშენებლობაც ახალი დაწყებულია. იქ იქნება ფეხბურთელების საცხოვრებელი კორპუსი, ბავშვთა აკადემიის დაფუძნებაც იგეგმება.
სულ ჩვენს ბაზაზე 5 მინდორი იქნება. ესაა პრაქტიკულად “მილანელოს” ბაზის ანალოგი, იმ განსხვავებით, რომ იტალიაში 8 მინდორია. ეს ყველაფერი მაქსიმუმ წელიწადნახევარში იქნება მწყობრში. აქედან ორი მინდორი სავარჯიშოდ, უკვე მომავალ გაზაფხულზე გვექნება. ვთვლი, რომ ამ ბაზის მშენებლობის დაწყება, ძალიან დიდი ნაბიჯია “ზესტაფონის” წინსვლის საქმეში ...
- თქვენ კარგა ხანი ეცნობოდით ფეხბურთელებთან მოქმედ კონტრაქტებს. ალბათ გეცოდინებათ, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ მოქმედ ვეტერანს ზურაბ იონანიძეს, 4 დეკემბერს “ზესტაფონთან” შრომითი ხელშეკრულების ვადა ეწურება. მას გამოემშვიდობებით, თუ გაუგრძელებთ კონტრაქტს?
- მასთან კონტრაქტი აუცილებლად გაგრძელდება.
- რამდენი ხნით?
- ყველაფერი მუშა პროცესშია და მოგვიანებით დავაკონკრეტებთ.
- ახალ მწვრთნელს, როგორც წესი, თავისი ფეხბურთელებიც მოჰყავს.
- არის პოზიციები, რომლებიც ნამდვილად გასაძლიერებელია გუნდში. “ზესტაფონს” მეორე გუნდშიც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, ისინი დღესაც ვნახე საქმეში, როცა დღის 11 საათზე პირველი ვარჯიში ჩავატარე. ამ ბიჭებს მომავალშიც დავაკვირდებით და თუკი ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდება, რომელიც მთავარ გუნდში თამაშს დაიმსახურებს, მას შესაძლებლობას მივცემთ, რომ ადგილი ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდროს.
- გაბონელი პოლ კესანის გუნდში დაბრუნების იმედი კიდევ გაქვთ?
- ფეხბურთელი, რომელიც ძალიან უსამართლოდ უჩივის კლუბს, მერე იქ როგორ უნდა დაბრუნდეს, ვერ წარმომიდგენია. თუ გუნდში მეგობრული, სამუშაო ატმოსფერო არ იქნა, ისე არ ივარგებს. ამდენად, როგორაც არ უნდა გადაწყდეს ეს საქმე, კესანი ჩვენს გუნდს აღარ სჭირდება.
- ვთქვათ, მაგიდაზე გიდევთ ორი შემოთავაზება - ერთი “ზესტაფონიდან”, მეორე სფფ-დან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში სამუშაოდ. რომელზე შეაჩერებდით თქვენს არჩევანს?
- მე გავაკეთე უკვე არჩევანი.
- ეს ალბათ იმიტომ, რომ ნაკრების მწვრთნელობა არავის შემოუთავაზებია.
- ამას მნიშვნელობა არა აქვს. მე გუშინ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე პერმის “ამკარიდან” შემომთავაზეს იქ მუშაობა. ხომ არ დავყარე ყველაფერი და არ წავედი იქ სამუშაოდ.
- მაინც რა არგუმენტით დაიხსენით თავი “ამკარიდან”?
- ვუთხარი, რომ უკვე მოვაწერე კონტრაქტს ხელი “ზესტაფონთან”. ახლა ახალგაზრდული კი არა, ეროვნულიც რომ შემომთავაზონ, მე ამ გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს, რომლის დარღვევას არ ვაპირებ.
- და რამდენი ხანი უნდა იმუშავოთ კონტრაქტის მიხედვით “ზესტაფონში”?
- 6 თვე პლუს 3 წელი.
- გუნდში თქვენი მიზანი?
- ჩემპიონობა ...
- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევთ?
- “ვიტ ჯორჯიას” და “დინამოს”. ნაადრევი მიმაჩნია “ოლიმპის”, “ლოკომოტივის” და “სიონის” ჩამოწერა. საერთოდ, ჩემპიონატი ისე დაძაბულად მიმდინარეობს, შეიძლება ვინმესთან ისეთი დაუგეგმავი ქულები დაკარგო, მერე ოქროს ფასი რომ დაედება. ასე რომ, ყველა მეტოქეს დაფასება სჭირდება.
- როგორი სათამაშო სტილით აპირებს გია გეგუჩაძე “ზესტაფონისთვის” მთავარი მიზნის ასრულებას?
- თუ საქართველოს სხვადასხვა კლუბში ჩემს მოღვაწეობას გადაავლებთ თვალს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ შეტევა მიყვარს და ვეცდები, ამ სტილს არ ვუღალატო.


ფრიდონ კერვალიშვილი, გაზეთი ”მსოფლიო სპორტი”, 02.12.2008
   
FC ZESTAFONI © 2005