01.12.2008

 

 

გია გეგუჩაძე – მე არ ვარ რევოლუციონერი!
თუმცა, ზესტაფონს გაძლიერება აუცილებლად სჭირდება

 

 

გია გეგუჩაძე “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელია. გუშინ, ბოლნისის “სიონთან” სათამაშოდ “ზესტაფონი” თემურ მახარაძემ უკანასკნელად გაიყვანა. ეს იყო ცნობილი სპეციალისტის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა – მახარაძემ წასვლა თავად გადაწყვიტა და კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიასთან ერთად, შემცვლელის შერჩევაში თავადაც მონაწილეობდა.


„ზესტაფონი“ - „სიონის“ მატჩის დასრულებისთანავე, სტადიონის დიქტორმა გამოაცხადა, რომ ეს იყო თემურ მახარაძის ბოლო მატჩი და სტადიონზე ემოციებმა იფეთქა. უემოციოდ არც თავად ბატონი თემური დარჩენილა, რაზეც მისი აწყლიანებული თვალები მეტყველებდა. მერე ტრიბუნებთან მისვლით მადლიერ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა – დამშვიდობება აშკარად სენტიმენტალური გამოდგა. არცაა გასაკვვირი. თუ გახსოვთ, ერთი პერიოდი, მახარაძე გადადგა, დროებით შეცვალეს და სწორედ გულშემატკივრებმა მოითხოვეს მახარაძის დაბრუნება.
მატჩის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გასახდელში, ფეხბურთელების თანდასწრებით, თემურ მახარაძეს მადლობა გადაუხადა.
“თემურ, გაწეული მუშაობისთვის მადლობა მინდა გითხრათ. ჩვენ ერთად კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. მახარაძე არსად არ მიდის, ის “ზესტაფონის“ მომავალი წარმატებებისთვის, ჩვენთან ერთად იშრომებს” – განაცხადა კოკაიამ.
ამის შემდეგ კი, ‘ზესტაფონის” პრეზიდენტმა ფეხბურთელებს ახალი მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე წარუდგინა.
რა პოსტზე დარჩება თემურ მახარაძე, ჯერაც უცნობია, მაგრამ საკლუბო სისტემაში მუშაობას რომ გააგრძელებს, ამას კლუბშიც გვიდასტურებენ. ეს უდაოდ სასიამოვნო პრეცედენტია – როგორც იქნა, ქართულ კლუბშიც სამაგალითო მოვლენა მოხდა. მწვრთნელი ”პანღურით” კი არ გააგდეს, არამედ, მადლიერებით გააცილეს და კლუბში დარჩენა შესთავაზეს.


“ზესტაფონმა” დააფასა სპეციალისტი, რომელმაც ქართული კლუბი ევროსარბიელზე ყველაზე მაღალ საფეხურზე აიყვანა და თბილისის “დინამოს” ღირსეული გამოსვლით, ქართველ გულშემატკივარს იმედი გაუღვიძა. გუშინ გია გეგუჩაძეს გავესაუბრეთ.


- ბატონო გია, უპირველესად დანიშვნას გილოცავთ. როდის დაიწყო თქვენსა და ”ზესტაფონს” შორის მოლაპარაკებები?
- მოლაპარაკებები, დაახლოებით, თვენახევრის წინ დაიწყო.
- დანამდვილებით ვიცით, რომ თქვენი კანდიდატურას ფედერაციაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატადაც განიხილავდნენ. ნაკრებში მუშაობა არ ისურვეთ?
- ჩემთვის ამ წინადადებით არავის მოუმართავს.
- თემურ მახარაძის მუშაობას როგორ შეაფასებთ?
- უპირველესად, ბატონ თემურს მადლობას მოვუხდი, რადგან წლებია “ზესტაფონში” მუშაობს და გუნდს ხელი დაატყო. მის მუშაობას დიდი ხანია თვალს ვადევნებ და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელად მიმაჩნია. მადლიერი ვარ იმიტომაც, რომ ცარიელ ადგილას არ მოვსულვარ. ‘ზესტაფონში” სპორტული და არასპორტული მხარეც მაღალ დონეზეა აყვანილი. უდაოა, სპორტული მიმართულების განვითარება მახარაძის დამსახურებაა.
- ასისტენტებად ვის ნიშნავთ?
- ასისტენტი იქნება გია ჭიაბრიშვილი, დათო ჯანელიძე კი მეკარეებს ავარჯიშებს. ვფიქრობ, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მწვრთნელები არიან. დღეს გავიცანი გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი ალექსანდრე ალექსეევი, ნელ-ნელა ყველას გავიცნობ.
- მუშაობას როდის დაიწყებთ?
- თამაშის შემდეგ, ზესტაფონში დავრჩი და ხვალიდანვე საქმეს შევუდგები.
- თქვენი თბილისის “დინამო” გია ნემსაძემ და ირაკლი ზოიძემ ჩამოაყალიბეს გუნდად, რომელიც უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. გამოცდილი ვეტერანის გარეშე, გუნდი წარმოუდგენელია. ასეთ ვეტერანს “ზესტაფონისთვისაც” ეძებთ?
- არ დაგვავიწყდეს დათო ჭიჭვეიშვილიც, რომელიც იმ “დინამოსთვის” დიდი ფიგურა იყო, საკმაოდ გამოცდილი, ძალიან კარგი ფეხბურთელი და პიროვნება. გამოცდილი ფეხბურთელები ‘ზესტაფონშიც” არიან- იონანიძე, ონიანი, თოდუა, იგივე ღონრაძე, რომელიც ბოლო დროს, ძირითადში იშვიათად ხვდება, მაგრამ კარგად მახსოვს მისი ძველი თამაშები.
ხიდეშელი, ძარია, გოცირიძე, ბენაშვილი, იგივე გელაშილი და სხვა ახალგაზრდები საინტერესო ფეხბურთელები არიან. ალბათ, მათ ვეტერანებთან თამაში აძლიერებთ.
- რა დასამალია და თქვენი დანიშვნისთანავე, “ზესტაფონში” საკადრო რევოლუციას ელოდებიან.
- არ ვარ მე რევოლუცონერი! უბრალოდ, არის პოზიციები, რომლებსაც გაძლიერება სჭირდება.
- ისიც ითქვა, თითქოს, მეორე წრიდან, 9 ახალი ფეხბურთელის დამატება გსურთ, მათ შორის, კიევის “დინამოს” სამივე ქართველი და ჯაბა კანკავა დაასახელეს.
- შესაძლოა, სასურველი ფეხბურთელების სია მართლაც ვრცელია, მაგრამ ყველას ვერ ავიყვანთ. ისე, გუნდს დიდი მიზენები გააჩნია და მის მისაღწევად გაძლიერება სჭირდება. რამდენიმე ფეხბურთელი ერთ პოზიციაზე გუნდის გასაზრდელადაა სასურველი – ფეხბურთელები ვარჯიშზე და თამაშში უფრო მოინდომებენ, ცხოვრებისეულ დისციპლინასაც მეტ ყურადღებას მიაქცევენ, კონკურენცია კი ‘ზესტაფონს” გააძლიერებს.
რაც შეეებათ კიევის დინამოელებს, არ ვიცი, ისინი საქართველოში ჩამოსვლას დათანხმდებიან? კანკავა კი ტრავმას მოირჩენს და მჯერა, “დნეპრის” ძირითადში ადგილს დაიბრუნებს. მათი ტრანსფერები ჭორებს ჰგავს. მეც მინდა “რეალი” მყავდეს, მაგრამ საქართველოში ეს არარეალურია. თუმცა, რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელების მოყვანა ნამდვილად გვსურს, რომლებსაც სიტყვა ეთქმით. თუმცა, მაგრამ დღეს მათ გვარებს საიდუმლოდ დავტოვებ.
მე უფრო ვარ “ზესტაფონი 2”-დან ნიჭიერი ბიჭების დაწინაურების მომხრე. გუნდის რამდენიმე მატჩის ვიდეოჩანაწერი ვნახე და სიმართლე გითხრათ, რამდენიმე ბავშვი მომეწონა.
- ხედავთ “ზესტაფონში” იმ პოტენციალს, თქვენი საყვარელი შემტევი ფეხბურთი რომ ათამაშოთ?
- მე მართლა ძალიან მიყვარს შემტევი ფეხბურთი, კარგია, როდესაც ყველა მოსაწონ ფეხბურთელს ყიდულობ და გუნდს სასურველი ტაქტიკით ათამაშებ. თუმცა, იმედია, ლამაზ შემტევ ფეხბურთს ვაჩვენებთ.
- არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ გულშემატკივარი თქვენგან “დინამოს” 2004 წლის ევრომიღწევას მოითხოვს.
- ის უკვე წარსულია. მიხარია, რომ ჩემი და პრეზიდენტ ილია კოკაიას აზრები ემთხვევა – კლუბს უნდა ჰქონდეს თავისი სტრატეგია, ფილოსოფია, განვითარების გზა და სტილი. რაც შეეხება “დინამოს” მიღწევის განმეორებას, წინ რატომ არ უნდა წავიდეთ? შეიძლება, ეს ცოტა დროში გაიწელოს, მაგრამ ევროპული დონის გუნდის ჩამოყალიბებას უნდა ვეცადოთ.


მერაბ მამულაშვილი, გაზეთი ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005