2008 წლის 30 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ქვეყნის 2006 წლის ჩემპიონ ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს”.
მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთა შეხვედრა ძალიან საინტერესო ბრძოლაში წარიმართა. მასპინძლები საწყისი წუთებიდანვე დაეუფლნენ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, თუმცა სახიფათო მომენტები სტუმართა კართან ნაკლებად იქმნებოდა. იმერელთა დაწინაურების საუკეთესო შანსი პირველი ნახევრის ბოლო წუთზე ნიკა კვასხვაძეს ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა თავისი იერიშები უფრო სახიფათო გახადეს, თუმცა, ბოლნისელები უმკლავდებოდნენ მარგველთა წამოწყებულ კომბინაციებს. გადამწყვეტი კი ორთაბრძოლის 86-ე წუთი გამოდგა - სტუმართა საჯარიმოში ალექსი ბენაშვილის სახიფათო ჩაწოდებისა და გიორგი ჭელიძის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ როინ ონიანი მეკარე ზურაბ ქვაჩახიასთან პირისპირ აღმოჩნდა და ბურთი თავით კარის ბადეში გადაგზავნა. ზესტაფონელთა რთული, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება - 1-0.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქვემოქართლელებთან მატჩი გახლდათ ბატონი თემურ მახარაძის ბოლო შეხვედრა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის რანგში. არბიტრ ალექსანდრე კრიჭაშვილის საფინალო სასტვენის შემდეგ ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა ბატონი თემური მოედნიდან ოვაციით გააცილა !