26 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგის” თასის გათამაშების განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩები. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თასის მოქმედი მფლობელი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”დაუპირისპირდა ქვეყნის ჩემპიონ თბილისის ”დინამოს”.
შეხვედრის პირველი ტაიმი, ისევე როგორც ამ მეოთხედფინალური წყვილის ზესტაფონში გამართული ორი ტაიმი, ძალიან ფრთხილ ბრძოლაში წარიმართა. გუნდები მაქსიმალურ ყურადღებას უთმობდნენ საკუთარი კარის უსაფრთხოებას, ამდენად, სახიფათო მომენტები მეტოქეთა კართან ნაკლებად იქმნებოდა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა სცადეს დაწინაურება, თუმცა ზესტაფონელთა კართან, 1-2 ეპიზოდის გარდა, განსაკუთრებული ხიფათის შექმნა ვერ მოახერხეს. ძირითადი დრო უგოლოდ 0-0 დასრულდა .