ტურის მწვრთნელი - თემურ მახარაძე.
მწვრთნელობა გაუთავებელი სტრესია, დავიღალე...
ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი პაუზაზე დაფიქრდა
ამბობენ, ორი კურდღლის მადევარი ერთსაც ვერ დაიჭერსო. თუმცა თემურ მახარაძემ ეს მოახერხა - "ზესტაფონმა" ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "ლოკომოტივს" 3:1 მოუგო, თავადაც მეორე ადგილზე აღზევდა, მეტოქე კი უკან მოიტოვა - პირველიდან მეოთხე საფეხურზე ჩამოაქვეითა.
ლიდერთა ბრძოლაში გამარჯვებული "ზესტაფონის" დამრიგებელი ტურის საუკეთესო მწვრთნელად დავასახელეთ და ინტერვიუც ვთხოვეთ. და სწორედ იმიტომ, რომ ბატონი თემური "ლელოს" ნომინანტია, გადავწყვიტეთ, კლუბში არსებულ ბოლოდროინდელ პრობლემებზე (კესანისა და ჭანტურიას ისტორია) ამ ინტერვიუში არ გვესაუბრა...
- ბატონო თემურ, გილოცავთ ტურის მწვრთნელობას! ოღონდ, გულახდილად გვითხარით, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- გულახდილად გეუბნებით: რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს. ფეხბურთში ხალხი აღიარებისთვის მუშაობს და როგორ არ გამიხარდება, როცა ესა თუ ის გაზეთი მაფასებს? მადლობას ვუხდი "ლელოს" და მინდა გითხრათ, რომ ყოველი ტურის შემდეგ, ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც, თქვენს შეჯამებას ინტერესით ველოდებით.
- "ზესტაფონმა" ჩემპიონატი არადამაჯერებლად დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა ლიდერებში ახვედით. როგორია ამ პროგრესის თქვენეული ახსნა?
- მოდით, ჯერ მთლიანად ჩემპიონატზე გეტყვით. ძალიან რთული ტურნირია. ასეთი არაპროგნოზირებადი, საინტერესო და დაძაბული პირველობა არ მახსოვს და ეს ძალიან მახარებს. ეს ერთი. მეორე: ჩვენი გუნდიდან რამდენიმე ლიდერი წავიდა - საჯაია, ფიფია, კესანი, ვიეირა... ისინი "ზესტაფონის" წამყვანი მოთამაშეები იყვნენ და ნებისმიერ გუნდს გააძლიერებენ. და ვინ დარჩნენ? რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე, რომელთა გვერდით, უმთავრესად, 19-20 წლის, ჯერ კიდევ გამოუცდელი ბიჭები თამაშობენ. წარმოიდგინეთ, მათ ფონზეც კი 20 წლის ხიდეშელი და გოცირიძე გამოცდილები არიან. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ლამის ყოველ სამ-ოთხ დღეში თამაშები გვიწევს. ასეთ გრაფიკში ახალგაზრდა ბიჭებს სტაბილურად თამაში უჭირთ. "ზესტაფონი" ახალგაზრდული, მაგრამ ამბიცური გუნდია. სწორედ ეს გახდა სტარტზე ქულების დაკარგვის მიზეზი. დიდ პატივს ვცემ "ბორჯომსა" და "მესხეთს", ორივე სიმპათიური გუნდია, მაგრამ მათთან ფრე და წაგება, უპირველესად, ჩვენი ბრალია. თუმცა მიზანმიმართულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ლიდერებს დავეწიეთ. ანუ, მთავარი იყო ჩვენი შედეგიანი თამაში და არა ლიდერის მარცხი. მე ასე მიმაჩნია.
- თაობათა ცვლის პროცესი უმტკივნეულოდ გადაიტანეთ. "ზესტაფონის" მეორე ადგილი ამაზე მიუთითებს...
- არა, პირიქით, ეს იყო ძალზე მტკივნეული პროცესი. სეზონის დაწყებამდე ურთულეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ფეხბურთელების ისეთი დეფიციტი გვქონდა, უეფას თასზე "დიორთან" მატჩისთვის განაცხადში ბევრი ახალი მოთამაშე შევიყვანეთ. არადა, მათ ძირითად შემადგენლობაშიც არ ჰქონდათ ნათამაშები. მხოლოდ ამის შემდეგ დაგვიბრუნდნენ გიორგი ხიდეშელი, ბუბა დაუშვილი და ალექსი ბენაშვილი, რომლებიც იმ დროისთვის წასულები იყვნენ. ეს პროცესი - გაახალგაზრდავება და ხალხის დამატება, დიდი ნერვიულობის ფასად დაგვიჯდა.
- "ლოკომოტივთან" მატჩი ჩავლილია და ახლა მაინც თუ გაგვიმხილეთ, რა გეგმა დაუპირისპირეთ მეტოქეს?
- ლიდერთა თამაში ექვსქულიანი იყო, რადგან გამარჯვებას ორმაგი ფასი ჰქონდა. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა "ლოკომოტივის" ლიდერთა განეიტრალება იყო. ჩვენი ბიჭების მცდელობის მიუხედავად, ლევან ცქიტიშვილი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, ურიგოდ არც რატი ალექსიძე გამოიყურებოდა. თუმცა, მთლიანობაში, მეტოქის ლიდერებმა ისე ვერ ითამაშეს, როგორც სურდათ. ეს კი ჩვენი დამსახურება იყო.
- რატომ აღარ თამაშობენ ბრაზილიელები "ზესტაფონის" ძირითად შემადგენლობაში?
- ჟონატასი სამშობლოში დაბრუნდა, რადგან ჯანმრთელობას უჩიოდა. სანტოსს კი კონტრაქტი დაუმთავრდა და დეკემბერში წავა...
- ბრძანეთ, რომ მსგავსი საინტერესო ჩემპიონატი არ გახსენდებათ. თუმცა დღემდე ჩატარებულებს დონით მაინც ჩამოუვარდება.
- მაყურებელი სტადიონზე რომ არ დადის, აქედან გამომდინარე, ადვილია დასკვნის გაკეთება - დონემ დაიწია, ბრძოლამ მოიმატა. დაძაბულობა კლასის ამაღლებას არ ნიშნავს, თუმცა, იმედია, ესეც მალე იქნება. ხომ ხედავთ, მაღალი კლასის მოთამაშეები თითებზე ჩამოსათვლელია...
- დადგება კი ის დრო, გულშემატკივარი სტადიონებს სანახევროდ მაინც რომ შეავსებს?
- მჯერა, დადგება ეს დროც. რა თქმა უნდა, საამისოდ გუნდებს დღევანდელზე გაცილებით უკეთესი პირობები უნდა ჰქონდეთ. გარდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა, საჭიროა სპეციალისტთა პროფესიული დონის გაზრდაც. უამრავი ნიჭიერი ადამიანია, რომელიც უფულობის გამო ვერ "იზრდება". და რა თქმა უნდა, ფინანსებია საჭირო - სახელმწიფო გვერდით უნდა ჩაუდგეს იმ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ქართულ კლუბებს ინახავენ. რეალურად რომ ვთქვათ, ქართული ფეხბურთი ამ ხალხით სუნთქავს. ასე რომ, მათ გაფრთხილება სჭირდებათ.
- თქვენი აზრით, ჩემპიონობისთვის რომელი გუნდები იბრძოლებენ?
- ძალიან დიდი ბრძოლა იქნება "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" შორის. ამ ბრძოლაში "ზესტაფონიც" აქტიურად ჩაერთვება. თუმცა ჯერ ნაადრევია "ოლიმპის", "სიონისა"და "ლოკომოტივის" ჩამოწერა. ვფიქრობ, ისეთი მეორე და მესამე წრე გველის, გულშემატკივარს აუცილებლად რომ დააინტერესებს.
- ჩვენთვის ცნობილია, რომ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელობა აღარ გსურთ და კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიას გია გეგუჩაძის კანდიდატურაც შესთავაზეთ...
- გეტყვით, რაც ხდება: 31 წელია მთავარ მწვრთნელად ვმუშაობ. არის მომენტები, როცა ადამიანს დასვენება სჭირდება. მწვრთნელობა გაუთავებელი სტრესია, დავიღალე, რა... დანარჩენი, რა იქნება და როგორ, ამას დრო გვიჩვენებს. ალბათ, ყველა მწვრთნელისთვის დგება ის დრო, როცა უნდა დაისვენოს. თანაც, გაიხსენეთ, გულის პრობლემის გამო, დასვენება ადრეც მომიხდა. ერთი ეს ვიცი, რომ "ზესტაფონის" ფეხზე დასაყენებლად დიდი შრომა გავწიე და მინდა, გუნდმა წინსვლა გააგრძელოს.
- გია გეგუჩაძის თაობაზე რას ფიქრობთ?
- გიას მიმართ დიდი სიმპათია გამაჩნია. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია საქართველოში...
|