ინტერვიუ ნიკა გელაშვილთან.
მომზადება საქართველოშიც შეიძლება, მთავარია, მოინდომო...
გელაშვილის ექვსიდან ექვსი სწორი სირბილის შედეგია
ნიკა გელაშვილმა ბოლო ექვს ტურში ექვსი გოლი გაიტანა. 23 წლის ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი (ყატართან ამხანაგური და ლიტვასთან შესარჩევი) აქვს ჩატარებული, კმაყოფილია ამგვარი შედეგით და იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან ქვეყნის მთავარ გუნდში სისტემატურად მიიწვევენ...
- ნიკა, ექვს შეხვედრაში 6 გოლი შესანიშნავი შედეგია. ბომბარდირთა პირველ სამეულშიც ხარ...
- თუ არ ჩავთვლით თბილისის "დინამოსთან" სათასო შეხვედრას, ჩემპიონატში მოედნიდან უგოლოდ აღარ გავდივარ და მიხარია, რომ ბომბარდირებში დავუბრუნდი.
- ისე, ტრავმაც იმ ჭირივით ხომ არ არის, ზოგჯერ ფეხბურთელებისთვისაც რომ მარგებელია? თითქოს, ახალი ენერგიით დაბრუნდი...
- რა თქმა უნდა, ტრავმის შემდეგ მქონდა მოტივაცია, რომ ძველებურად მეთამაშა და გოლები გამეტანა. ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე მაშინ, როცა გულშემატკივრებმა ბომბარდირად გამიცნეს. ვერ ვიტყვი, თითქოს "მეორე სუნთქვა" გამეხსნა, აქ უფრო პრაგმატული მოტივებია. უბრალოდ, "ზესტაფონში" ძალიან კარგი მოსამზადებელი პირობებია და ყველაზე მეტად ეს დამეხმარა. ჩვენ გვყავს ფიზმომზადების ძალიან ძლიერი სპეციალისტი, საშა ნიკალაევიჩი, როგორც ყველა ეძახის. მას მთელი გუნდი ემადლიერება. თავის დროზე ის ქუთაისის "ტორპედოშიც" წარმატებით მუშაობდა. იცის კაცმა საქმე და ეს ჩვენს ფეხბურთელებსაც ეტყობათ. ფიზიკურად "ზესტაფონი" ძალიან კარგადაა მომზადებული. "ნიკალაევიჩის" დახმარებით უცბად აღმოვაჩინე, რომ ძველებურზე უკეთეს ფორმაში ვიყავი. თანაც, სტადიონზე ტრენაჟორების დარბაზი გვაქვს და ბიჭები ხშირად ვვარჯიშობთ ისე, რომ არც არავინ გვავალდებულებს. ვთქვათ, ვარჯიში ორ საათზე იწყება, ჩვენ თორმეტი-პირველი საათისთვის დარბაზში ვიკრიბებით, კუნთებს ვამუშავებთ და ასე თავს აშკარად კარგად ვგრძნობთ.
- ზესტაფონში ბევრი გასართობი რომ არ არის, სხვა რა გზა გაქვთ, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ. ანუ, ესეც თქვენი მეორე "სასარგებლო ჭირი"...
- კი, ესეც კარგია. სასტუმროში ვცხოვრობთ და იქ დილიდან საღამომდე ყოფნა არ მიყვარს. ტრენაჟორებზე ვარჯიშმა ჯანზე მომიყვანა. ადრე ეს ჩემი ნაკლი იყო და მგონი, ნელ-ნელა გამოვასწორე.
- სხვათა შორის, ძალიან სწრაფად და, რაც მთავარია, სწორად დარბიხარ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამაზეც საგანგებოდ მუშაობდი?
- დიახ, ვვარჯიშობდი. მე ხომ წლის დასაწყისში ბელგიაში უნდა წავსულიყავი? კარლო მჭედლიძის საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკში" ფიზმომზადების მწვრთნელი მავარჯიშებდა და სირბილი ისე გამომისწორა, მეც კი მიკვირს. "ზესტაფონში" "ნიკალაევიჩი" დამხვდა და მის ხელში ხომ საერთოდ... სისწრაფეშიც ძალიან მოვუმატე. 30 მეტრს უკვე 3,57 წამში გავრბივარ.
- 3,57 წამში?! თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ზაზა რევიშვილზე ლეგენდები დადიოდა, არადა, მისი მაჩვენებელი შენსაზე უარესი გამოდის. რევიშვილი 30 მეტრს თურმე 3,7 წამში ფარავდა...
- დიახ, ბოლო ვარჯიშზე სწორედ 3,57 წამი დააფიქსირეს, მანამდე კი 3,64 მქონდა. ვიცი, რომ ამ კუთხით საქართველოში საუკეთესო შედეგი მაქვს.
- აბა, რაღას დაგეწევიან მცველები...
- კიდევ უნდა მოვუმატო. არადა, სირბილში საკმაოდ დიდი ხარვეზი მქონდა - პატარა და ჩქარი ნაბიჯით გავრბოდი, ახლა ნაბიჯი გავშალე და შედეგიც გამოჩნდა. დიახ, სწორი სირბილის ხარჯზე მოვუმატე. ასე რომ, მომზადება საქართველოშიც შეიძლება, მთავარია, მოინდომო.
- ბელგიაზე ლაპარაკი დასრულდა?
- სამწუხაროდ, აღარაფერი მსმენია. თუმცა უცხოეთში წასვლაზე ისევ ვფიქრობ. აბა, საქართევლოში ჩემს ოჯახს ვინ მიხედავს? აქ ფეხბურთელი იმდენ ფულს ვერ იშოვნის, კარიერის დასრულების შემდეგ წყნარად რომ იცხოვროს. უზრუნველ ცხოვრებასაც არ ვჩივი, ელემენტარულად, რომ არ გაგიჭირდეს, ამის საშუალებაც არ მრჩება. ზოგადად, ფეხბურთელის კარიერა ხომ სადღაც 15 წელი გრძელდება, საქართველოში ეს პერიოდი კიდევ უფრო ნაკლებია. ამ ხნის განმავლობაში თუ ვერაფერი ვიშოვნე, ოჯახი მშიერი მეყოლება. რაღაც ხომ უნდა შევქმნა, კარიერის შემდეგ რომ დამრჩეს? ამიტომაც არ მინდა საქართველოში დარჩენა და თავს ვიკლავ ვარჯიშით, რომ იქნებ, უცხოეთში წავიდე, თორემ "ზესტაფონში" თავს გვევლებიან. კლუბს რაც შეუძლია, ფეხბურთელებს ყველაფერს უკეთებს.
- წლის დასაწყისში "ოლიმპში" რატომ არ დარჩი?
- "ვიტ ჯორჯიაში" მერჩივნა თამაში, რადგან იქ ყველა ჩემი მეგობარია, მაგრამ შემდეგ ჩემი ტრანსფერი "ზესტაფონმა" გამოისყიდა.
- "ვიტ ჯორჯიის" წინააღმდეგ თამაში არ გიჭირს? ამ გუნდმა ხომ მწვანე შუქი აგინთო დიდ ფეხბურთში?
- სიმართლე გითხრათ, მართლა მირჩევნია, ამ გუნდის წინააღმდეგ არ ვითამაშო. "ვიტ ჯორჯია" ყოველთვის შეკრული გუნდი იყო და შედეგსაც ამის ხარჯზე აღწევდა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ჩემი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდი... თუმცა ფეხბურთში ასეა, სადაც ხარ, იმ გუნდის ინტერესებისთვის უნდა იბრძოლო.
- ყველაზე მეტად რომელი მცველის წინააღმდეგ გიჭირს თამაში?
- ლექსო კვახაძე ძალიან მაგარია, მაგრამ მის წინააღმდეგ ბევრჯერ არ მითამაშია. "ვიტ ჯორჯიაში" ყოფნის დროს სევასტი თოდუასთან ჭიდილი მიჭირდა, ჯანიანია და სირბილის დროს იდაყვის ამორტყმა იცის. ვერც დავთვლი, რამდენჯერ მომხვედრია ყბაში მისი ხელი. "ზესტაფონში" რომ გადავედი, მერე ვკითხე - რა უბედურებაა, ასეთი თამაში-მეთქი და, მთელი ინგლისი ასე თამაშობსო, მიპასუხა.
- ექტორ კუპერს საქართველოს ნაკრებში ჯერ არ მიუწვევიხარ...
- კუპერი დიდ ყურადღებას აქცევს საქართველოს ჩემპიონატს და იმედია, მეც მიმიწვევს. კაცი იმედით ცოცხლობსო, ნათქვამია...
- აქვს გაახალგაზრდავებულ "ზესტაფონს" ჩემპიონობის შანსი?
- ჩემპიონობის კარგი შანსიც გვაქვს და თასის მოგებისაც, იმის მიუხედავადაც, რომ პირველ მატჩში "დინამოსთნ" შინ ფრედ ვითამაშეთ. წელს "ზესტაფონი" ძალიან ძლიერი გუნდია. ისე, ქულები უაზროდ დავკარგეთ - "ბორჯომთან", რომ იტყვიან, ძელები დავამტვრიეთ, მაგრამ მეორე გოლი ვერა და ვერ გავიტანეთ, იმათ კი ერთხელ დაგვირტყეს და... ასე იყო "მესხეთთანაც". "ვიტ ჯორჯიასთან" კი გოლი ბოლო წუთზე გავუშვით და საჭირო ქულები დავკარგეთ. ჩვენი პრობლემა რეალიზაციის დაბალი მაჩვენებელია. მომენტების ნახევარიც რომ გამოგვეყენებინა, პირველი წრეს ჩვენ მოვიგებდით.
- ისე, ამ მხრივ, თავადაც ბევრს სცოდავ...
- გამოცდილებაზეა დამოკიდებული... თუმცა ყველა მომენტს ვერ გამოიყენებ...
- შენი აზრით, ვინ არის დღეს საქართველოს საუკეთესო თავდამსხმელი?
- ვაწაძე, მერებაშვილი და ჩვენი გიცირიძე. სამივე ნიჭიერი და პერსპექტიულია.
|