მალე ზესტაფონის აიაქსი წარმოგიდგენთ...

”სურვილი მაქვს, ზესტაფონში ამსტერდამის ”აიაქსი”-ს საფეხბურთო სკოლისმაგვარი ავამოქმედო და ქართული ფეხბურთი ტალანტებით მოვამარაგო”- ეს იყო თავიდან, რაც ზესტაფონში სტუმრობისას კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გვითხრა და დაწყებული საქმის პირველი შედეგისკენ მიგვითითა -” შეხედეთ მოედანს!” შევხედეთ და მაშინვე ვთქვით, საქართველოში ასეთი ხარისხის მოედანი მეორე არ არის. მერე საუბარში აგრონომი ჩაგვერთო და თავისი კომპეტენტური სიტყვაც შეგვაწია, დაგვაჯერა,რომ ამ გაზონს ,ტრაქტორით თუ არ გადაუარე ,სხვანაირად არაფერი დააკლდება, უმაღლესი ხარისხიაო.

მოკლედ, ზესტაფონის სტადიონზე მოედანი დაიგო, გადაუჭარბებლად გეტყვით, მაღალი ევროპული დონის. დღეს-ხვალ იქვე, სტადიონის გვერდით სტანდარტული ზომის იდეალური ხელოვნურსაფარიანი მოედანიც მოეწყობა. აგერ,ახლა კი ”ზესტაფონ”-მა ოფიციალური ვებ-გვერდიც გააკეთა და დაინტერესებულთ ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. ეს ყველაფერი , ზოგადად , ქართული ფეხბურთისთვის კეთდება და დაუნახავი თუ იტყვის , ზესტაფონში კარგი საქმე არ კეთდებაო …

- მოგეწონათ?

საქმის შედეგით ნასიამოვნებმა მკითხა ილია კოკაიამ

მშვენიერია . აქ გამოყვანილი ბალახია ?

არა, თურქეთიდან ჩამოვიტანეთ, უმაღლესი ხარისხია. ამას წინათ დანიაში ვიყავი და დავრწმუნდი , რომ ეს მოედანი იქაურებს არაფრით ჩამოუვარდება, მეტიც , ეს გაზონი უფრო რბილია და საერთო შეფასებით, მასზე თამაში სასიამოვნოა.

ეს უკვე საბოლოო სახეა ?

რას გულისხმობთ, მეტი რა უნდა გავაკეთოთ?

გაზონის განაპირას ხრეშია მოყრილი და ...

ეგ პრობლემა არაა. სპეციალური ხალიჩა გზაშია, დღეს-ხვალ ჩამოვა და ხრეშზე გადაიგება.

მთლიანად სტადიონის გაკეთებას როდისთვის გეგმავთ ?

სახელმწიფომ ამ სტადიონის პრივატიზაციის უფლება თუ მოგვცა, ხელს არც ამას დავაკლებთ და ევროპულ დონეზე გავაკეთებთ. პროექტი მზადაა, მაგრამ... რომ გავაკეთოთ ეს სტადიონი და მერე სახელმწიფომ ჩამოგვართვას , რა გამოვა? პრივატიზაციასაც იმიტომ ველით. ვიცი, რომ ფეხბურთის ფედერაცია პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტის განხილვას სთხოვს და თუ ეს კანონი პარლამენტმა მიიღო, მაშინ არა მარტო ზესტაფონის, სხვა სტადიონებიც გაკეთდება. საერთოდ, სტადიონი მომგებიანი არსადაა, მაგრამ შესაძლებელია, რომ არც წამგებიანი იყოს. აგერ, მაგალითად, ჩვენს სტადიონზე ხალხი მანქანებიტ შემოდიოდა, კარს უკან აჩერებდნენ და თამაშს იქიდან უცქერდნენ. კი ბატონო, ასე თუ გსურს, შემოდი მანქანით, მაგრამ კეთილი ინებე და ამისთვის ფული გადაიხადე. რაც შეეხება სახელმწიფოს დამოკიდებულებას ფეხბურთისადმი, დახმარება მხოლოდ ფინანსური არ უნდა იყოს, ურთიერთხელსაყრელი კანონები თუ შემუშავდება, ძალიან კარგი იქნება. ერთ მაგალითს გეტყვით: ახლა , ”ზესტაფონი”- ”ტორპედო”-ს მატჩამდე პირველი არხიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, თუ გინდათ, ფული გადაგვიხადეთ და ამ თამაშს პირდაპირ ეთერში გადავცემთო... იქით გადამიხადონ ფული და უჩვენონ მატჩი. თუ არ აჩვენებენ, არც ესაა პრობლემა. მთელი საფეხბურთო სამყარო სატელევიზიო უფლებების გაყიდვით ცხოვრობს და ამათ რა სურთ, ფული მე გადავუხადო?! ასე არასდროს გავაკეთებ. ამას წინათ სპეციალისტთა ჯგუფი დავიქირავე, ისინი შეისწავლიან ქართულ საფეხბურთო მეურნეობას და მეტყვიან, რა, როდის და როგორ ვაკეთო.

ანუ?

სწორი მენეჯმენტის გარეშე არაფერი გამოგვივა. დასამალი რაა, მსურს, რომ ფეხბურთიდან ფული მივიღო...

 

ეს პასუხი იყო და მომდევნო კითხვაც თავისთავად გაჩნდა...

 

ალბათ , თქვენც ხშირად გსმენიათ , ხალხი ამბობს , რომ ილია კოკაია და ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდში იმიტომ აწინაურებენ , რათა მერე გაყიდონ და ამით ფული გააკეთონო ...

ამის მეტი რა მესმის.

მერე , რას იტყვით ?

”ტორპედო”-ს მეკარის, ნუკრი რევიშვილის თამაში დღეს მოგეწონათ?

ძალიან !

უნდა გენახათ, ამ ბიჭმა ესტონეთში 19-წლამდელთა ტურნირზე როგორ ითამაშა. არავის საწყენად არ ვამბობ, მაგრამ პერსპექტივაში ასეთი მეკარე ქართულ ფეხბურთს ჯერ არ ჰყოლია. ის 17 წლისაა და უკვე ქვეყანა აალაპარაკა . ჰოდა, რევიშვილის უცხოეთში გაყიდვას ახლა ვინც მოინდომებს, სასტიკად უნდა დაისაჯოს. მისთვის ჯერ ადრეა -სადმე თუ წავა ,წავა მეორე მეკარედ და ამით ფეხბურთსაც დაამთავრებს. იცით, უბედურება რაშია? ხალხს არ სჯერა,რომ ფედერაცია და იგივე ”ზესტაფონი”-ც სუფთად მუშაობენ და ყველა თავის საქმეს აკეთებს. სადღეისოდ, მაგალითად, ცსკა ,მოსკოვის ”ლოკომოტივი” და ფრანგული ”ბორდო”ეპატიჟებიან ჩვენს ფეხბურთელებს, მაგრამ არავინ გაგვიშვია და ამას არც ვაპირებთ, მით უმეტეს , თუ მათ სკამზე დასვამენ. თუმც კი, მაღალი დონის კლუბი რომელიმე ფეხბურთელს თუ მიიწვევს, ჩვენ უძლურნი ვიქნებით, ის ბიჭი დავაკავოთ.ფეხბურთელი თუ წასვლას მოისურვებს, რაგინდ პირობები გაუუმჯობესო მას, ვერ შეაჩერებ.

რაკი ფედერაცია - ” ზესტაფონ ”- ზე ჩამოვარდა სიტყვა , მოდით , ერთსაც გკითხავთ - სპონსორულ ურთიერთობებზე . ” ფერო ” ფედერაციის სპონსორი არის თუ არა ?

არ არის, ჩვენ ფედერაციასთან შევწყვიტეთ ყველანაირი ურთიერთობა. ”ფერო” მარტო კოკაია არ არის, სხვა აქციონერები კი გაუთავებელი ლანძღვით აღშფოთებულნი არიან და ამიტომაც გადავწყვიტეთ, ფედერაციასთან კონტრაქტი შეგცეწყვიტა. ფედერაციამ სპონსორის შენარჩუნება უნდა იცოდეს.

” ფერო ”- ს ლანძღავდნენო , თქვით ... მაგრამ რას იტყვით ფაქტზე - შეიძლება , რომ ფედერაციასა და კლუბს ერთი სპონსორი ჰყავდეთ . ეჭვი თავისთავად ჩნდება , რომ ფედერაცია ” ზესტაფონი ”- ს წინაშე ვალდებულია .

ფედერაციასთან კონტრაქტს ”ფერო”-მ ჯერ კიდევ მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობისას მოაწერა ხელი და ვიდრე სპონსორობა გაფორმდებოდა, ეს ფიფა-უეფა-ში სამჯერ ვიკითხეთ.

უარყოფთ , რომ ფედერაციას ” ზესტაფონი ”- დან სხვა კლუბებზე ტკბილი ურთიერთობა აქვს ?

”ზესტაფონი” აკეთებს თავის საქმეს, ფედერაცია - თავისას. ახლა ფედერაციას ვთხოვთ, რომ ის სამი უცხოელი მწვრთნელი, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ ჩამოდიან, ნაკრების პარალელურად ”ზესტაფონ”-შიც დაკავდნენ. კლუბი ამ სპეციალისტებს ფულს გადაუხდის და ჩვენთან იმუშავონ. ეს ცუდი საქმეა?!

სხვათა შორის და ” ზესტაფონი ”- ს მწვრთნელი თემურ მახარაძე ცუდი შედეგისთვის გაათავისუფლეთ ?

თემურ მახარაძე არ გაგვითავისუფლებია , მან თავად გვთხოვა დასვენება. ” ზესტაფონი”-ს თავკაცი ერთი თვე კობა ჟორჟიკაშვილი იქნება, მერე კი თემურ მახარაძესაც შევეხმიანებით. ის ისეთი სპეციალისტია, უსაქმოდ არ უნდა დარჩეს.

” ზესტაფონ ”- ში გია გეგუჩაძეს იწვევენო , მართალია ?

არ არის მართალი.

 

გაზეთი ”სარბიელი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005