14.11.2008

 

 

ინტერვიუ მურთაზ დაუშვილთან.

კუპერმა ბევრი ისეთი რამ მასწავლა, რაც მანამდე არ ვიცოდი.

 

 

რუმინეთთან მატჩისთვის ნაკრებს მალხაზ ასათიანი და დავით კვირკველია გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად ექტორ კუპერმა გიორგი შაშიაშვილი და მურთაზ დაუშვილი მიიწვია. შაშიაშვილს ყველა კარგად იცნობს, აი დაუშვილი კი ეროვნული ნაკრების დებიუტანტია. თუმცა კუპერის ხელმძღვანელობით მას ორჯერ უვარჯიშია - არგენტინელმა "ზესტაფონის" ნახევარმცველი ორივე "სამშაბათობაზე" გამოიძახა.
მურთაზ (ბუბა) დაუშვილი 1989 წელსაა დაბადებული. მისი პირველი მწვრთნელი ტარიელ კანდელაკი გახლდათ, რომელიც "შრომითი რეზერვების მომზადების ცენტრში" მუშაობდა. მერე, დაუშვილი 35-ე საფეხბურთო სკოლაში, გოჩა ავსაჯანიშვილთან ემზადებოდა. ამის შემდეგ იყო თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემია, "ზესტაფონი-2" და მერე ზესტაფონის მთავარი გუნდიც. ჭაბუკთა ნაკრების გარდა, დაუშვილი 21-წლამდელებშიც სტაბილურად ასპარეზობდა...

- მურთაზ, რა გრძნობა დაგეუფლა, როცა ნაკრებიდან მიწვევა მიიღე?
- რა თქმა უნდა, უზომოდ გამიხარდა. იმდენად ბედნიერი ვარ, მიჭირს ამ განცდის სიტყვებით გადმოცემა. არც კი ვიცი, რა გითხრათ... კუპერის დიდი მადლობელი ვარ...
- მცირედით მაინც არ უშვებდი, რომ კუპერი გამოგიძახებდა?
- როგორ გითხრათ... ფეხბურთელი ყოველთვის ელოდება და ოცნებობს, რომ ნაკრებში მიიწვევენ, თუმც ჩემს შემთხვევაში, მაინცდამაინც ახლა, ნამდვილად არ ველოდი. შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით კარგ ფორმაში ვარ და მინდა, მწვრთნელის ნდობა გავამართლო.
- კუპერის მიერ ჩატარებულ ორივე "სამშაბათობაზე" იყავი. როგორც ჩანს, ნაკრების მწვრთნელს თავი მოაწონე...
- მაქსიმალურად მონდომებული ვიყავი, ყურადღებით ვუსმენდი მწვრთნელების მითითებებს და ვცდილობდი, ყველა დავალება გულმოდგინედ შემესრულებინა. სხვა რა ვთქვა? შეფასება მწვრთნელის საქმეა და როგორც ჩანს, ნაკრების თავკაცი ჩემით უკმაყოფილო არ ყოფილა.
- კუპერის "სამშაბათობა" ზოგიერთი კლუბის მწვრთნელს მოსწონს, ზოგს - არა. საინტერესოა, ფეხბურთელები რას ფიქრობთ? მაგალითად, შენ...
- ჩემი აზრით, ეს ვარჯიშები ყველა ფეხბურთელისთვის სასარგებლო და აუცილებელია. მიუხედავად იმისა, მოხვდები თუ არა ეროვნულ ნაკრებში, ეს წვრთნები მაინც საჭიროა ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის. ალალად გეტყვით - შეიძლება, ნაკრებში ვერ მოხვდე, ან მოხვდე, მაგრამ თამაში არ მოგიწიოს, თუმცა ამ ვარჯიშებზე სწორად თამაშს ისწავლი. ეს არის მთავარი.
- მაინც რა დახვეწე "სამშაბათობაზე"?
- ზუსტად ის, რაც გითხარით - სწორად თამაშის კომპონენტები. მაგალითად, დროული გახსნა, სად უნდა იდგე მაშინ, როცა შენი გუნდი უტევს, ან მეტოქის იერიშისას... გულახდილად გეუბნებით - ორივე "სამშაბათობაზე" რამდენიმე ისეთი კომპონენტი ავითვისე და დავხვეწე, რაც მანამდე არ ვიცოდი.
- ამ სიახლეებს იოლად იგებთ თუ ცოტა გიჭირთ?
- კუპერი იმდენად მარტივად გვიხსნის ყველა დეტალს, წარმოუდგენელია, ვერ გაიგო. მე იოლად ვიგებ ყველაფერს და ვხედავ, რომ არც ჩემს მეგობრებს უჭირთ.
- ოპტიმალურ ფორმაში ხარ?
- "ზესტაფონში" სტაბილურად ვთამაშობ, კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ მეტი შემიძლია. სწორედ ამას ვცდილობ ახლა - უნდა მოვუმატო.
- საყრდენი ნახევარმცველი ხარ, თან არა - ცაცია. არადა, ცაციები მრავლად გვყავს. "მემარჯვენე" დაუშვილს ეს რაიმე უპირატესობას ხომ არ ანიჭებს?
- ისე, "მემარჯვენეები" მართლაც ცოტანი ვართ. ბავშვობიდანვე საყრდენად ვთამაშობ, ყველა მწვრთნელი ამ მიმართულებით მზრდიდა. ცაციათიც ვურტყამ ხოლმე, მაგრამ ცოტა არ იყოს, მიჭირს. ვიცი, რომ ეს დასახვეწი მაქვს. "ზესტაფონში" ვარჯიში რომ მთავრდება, ბაზაზე ვრჩები და ინდივიდუალურად ვემზადები ხოლმე.
- როგორ ფიქრობ, მოგიწევს ბუქარესტში თამაში?
- იმედი მაქვს, მწვრთნელი მათამაშებს, თუ არა და, ცხოვრება წინაა... ამ მიწვევით კიდევ უფრო მივუახლოვდები ნაკრებს. თან ეროვნულ გუნდში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია და მათ გვერდით ბევრს ვისწავლი.
- ფსიქოლოგიურად რამდენად მზად ხარ ნაკრებში სათამაშოდ? როცა მეტოქეს ბევრი ვარსკვლავი ჰყავს, ბევრს ეს თრგუნავს...
- არა, პირიქით, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. ყოველთვის ვცდილობ, ჩემზე სახელოვანი მეტოქე დავჯაბნო - ხან გამომდის, ხან არა. მინდა, ეს უფრო ხშირად შევძლო.
- რამდენად მნიშვნელოვანია რუმინეთთან ამხანაგური მატჩი?
- ჩემთვის ეს ერთ-ერთი რიგითი თამაში არ არის. დავიწყოთ იმით, რომ დებიუტის მოლოდინში ვარ და ეს ჩემთვის პირველი შანსია. ძალიან მინდა, ეს შანსი გამოვიყენო. მაგრამ უფრო მთავარი ისაა, რომ რაღაც გამოცდილებას მივიღებ... ახალგაზრდულ ნაკრებში არაერთხელ მითამაშია, მაგრამ ეროვნული სულ სხვაა... ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის მთავარი გუნდია.
- მეტოქეზე თუ იცი რამე?
- რუმინეთზე გარკვეული წარმოდგენა მაქვს. ამ გუნდის თამაშები ევროპის ჩემპიონატიდან მახსოვს... კარგი გუნდია. თუ თამაში წაუვიდა, ძნელია ამ ნაკრების შეჩერება. თუმცა ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მოვიგოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.
- ახლა "ზესტაფონზეც" ვთქვათ. "ბორჯომთან" 1:1, "სპარტაკს" კი მოუგეთ, მაგრამ აგებდით. "დინამოსთან" შინ უგოლოდ ითამაშეთ... არ ჩანს, რომ კრიზისი ბოლომდე დაძლეულია...
- არ ვიტყოდი, რომ ეს კრიზისი იყო, ჩვეულებრივ უიღბლობას მივაწერდი. არის ხოლმე პერიოდები, როცა გუნდი ბევრ საგოლე მომენტს ვერ იყენებს, როგორც იტყვიან, საკუთარი თამაში დაკარგული აქვს... ვფიქრობ, ეს პატარა წარუმატებლობები წარსულს ჩაბარდა.
- "ზესტაფონთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს გეწურება. უცხოეთში ხომ არ აპირებ წასვლას?
- კარგი უცხოური კლუბის დაინტერესების შემთხვევაში, "ზესტაფონი" ხელს არ შემიშლის. თუ მომდევნო სეზონშიც საქართველოში ვიქნები, კლუბს ნამდვილად არ შევიცვლი. "ზესტაფონი" კარგი გუნდია და იქ კვლავაც სიამოვნებით ვითამაშებ... შარშან თასი მოვიპოვეთ, ამ სეზონშიც მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით, გვინდა, სუპერთასიც მოვიგოთ... ასე რომ, ტიტულებს ნელ-ნელა ვაგროვებთ.
- "დინამოსთან" სათასო მატჩის შემდეგ კიდევ ერთი რთული დაპირისპირება გელით - შინ, "ლოკომოტივთან". ამ გუნდმა ბოლო შეხვედრებში აშკარად მოუკლო...
- დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია. "ლოკომოტივს" მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და ცხარე ბრძოლას გაგვიმართავს. ეს გუნდი მხოლოდ ქულით გვისწრებს. გამარჯვების შემთხვევაში, გადავუსწრებთ. იოლი არ იქნება, მაგრამ უნდა შევძლოთ.

 


დავით ცაბაძე, გაზეთი ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005