10.11.2008

 

ჟურნალისტური გამოძიება:

სინამდვილე: რატომ წავიდა კესანი?
ზესტაფონში მომხდარის რეალური ისტორია.

 

გინახავთ სერიალი "ფეხბურთელების ცოლები"? ძნელი სათქმელია, რა ხდება ინგლისური ფეხბურთის კულისებში, მაგრამ გუნდში კონფლიქტები, დაძაბულობა და ზოგჯერ გაწევ-გამოწევაც უცხო ამბავი არ არის. ამდენად, ნუ გაგიკვირდებათ, რასაც ჩვენი მონათხრობით გაიგებთ...

მაშ ასე, პოლ კესანიმ ფიფაში იჩივლა და ქართველებს - თანაკლუბელებსა და ზოგადად ზესტაფონელებს რასისტული გამოხდომები დააბრალა, თან ფოტოებიც დაურთო, კლუბში მცემესო ...


და რა მოხდა რეალურად "ზესტაფონში"? რა ფოტოები წარმოადგინა კესანიმ? მართლა სცემეს თუ არა კლუბში? ოფიციალური კომენტარის მიღმა ჩვენ არსებული ფაქტებითაც დავინტერესდით და აი, რა გავიგეთ:
შევთანხმდეთ, რომ როცა ადამიანი რაღაცაზე გამწარდება, ჩვეულებრივ, იგინება ხოლმე და ამ დროს, რაც ენაზე მოადგება, იმას ამბობს. რა თქმა უნდა, არც გინებას აქვს გამართლება, მაგრამ აქამდე არ ვიცოდით, თუკი ეს პირდაპირ რასიზმთან ასოცირდებოდა. თუმც გააჩნია გინებასაც...
გაზაფხულზე გაბონის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა "ზესტაფონში" მართლაც იჩხუბა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მან საკმაოდ კარგად აითვისა ქართული, განსაკუთრებით - დედის გინება. ჰოდა, ერთ-ერთ თანაგუნდელს თამაშის დროს უახლოესი ადამიანი სწორედ ამ სიტყვებით "მოუკითხა". აქვე გეტყვით, რომ ეს ამბავი კლუბში შევიტყვეთ, მაგრამ ვისთან მოუვიდა კესანის კონფლიქტი, ამას არავინ ამხელს.
გაბონელს პირველი გინება გაუაზრებელ საქციელად ჩაუთვალეს, თუმც იგივე კიდევ ორჯერ გაიმეორა, თანაც იმავე თანაგუნდელთან მიმართებაში. კესანის და "ზესტაფონის" ერთ-ერთ ფეხბურთელს შორის კონფლიქტი სწორედ ამის გამო წარმოიშვა და, რა თქმა უნდა, გაბონელს ამის გამო მოხვდა კიდეც. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის სცემეს - თავადაც გვარიანად უთავაზა თანაგუნდელს. თუმცა მოჩხუბრები შეარიგეს და მათ შორის ძველი ურთიერთობა აღდგა.
ამის პარალელურად კი უფრო საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა. ჯერ კიდევ იანვარში კესანის მენეჯერი "ზესტაფონთან" მოლაპარაკებას აწარმოებდა. გაბონის ნაკრებში თამაშის შემდეგ მისით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. ისინი ფეხბურთელს "ზესტაფონზე" უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ. კლუბსა და მენეჯერს შორის მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა - აფრიკელი "ზესტაფონისთვის" ძვირფასი შენაძენი იყო, შესაბამისად, მის გაშვებას არ აპირებდნენ.
კესანი და მისი მენეჯერი ერთმანეთს ხშირად უკავშირდებოდნენ და მიხვდნენ, რომ იმერლებთან ვერაფერს გააწყობდნენ. ამიტომ, საქმე სულ სხვა მიმართულებით წარიმართა - ამჯერად, გაბონელთან მოლაპარაკება ხელფასის გაზრდის თაობაზე წარიმართა. კლუბს ხელთ ჰქონდა კონტრაქტი, რომელიც 2010 წლის აპრილამდე იყო გაფორმებული და მასში მკაფიოდ იყო განსაზღვრული კესანის ანაზღაურება. იურიდიულად, "ზესტაფონი" მართალია, მაგრამ სხვა საქმეა, რომ თუნდაც ტაქტიკური მოსაზრებით, მაინც სჯობდა საკვანძო მოთამაშისთვის ხელფასის გაზრდა. როგორც გავიგეთ, ეს ახალი სეზონიდან იგეგმებოდა.
ასეა თუ ისე, კესანის "ზესტაფონიდან" წასვლის, ან უფრო ზუსტად - უკეთესი მომავლის ყველანაირი იმედი გადაეწურა. სწორედ ამ დროს იჩხუბა თანაგუნდელთან. ვიმეორებთ - ეს იყო ჩხუბი ერთი-ერთზე, რომლის დროსაც მოხვდა არა მარტო კესანის, არამედ იმასაც, ვინც მისი გინების შემდეგ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
ამის მერე კესანი გაბონში წავიდა, ეროვნულ ნაკრებში ითამაშა და დაბრუნდა. ამ პერიოდში თანაგუნდელები გააოცა, როცა ნახევრად შიშველმა ფოტო გადაიღო. მაშინ, კესანის ჩანაფიქრს ვერავინ მიხვდა.
გავიდა მცირე ხანი, კესანიმ კვლავ სამშობლოს მიაშურა, გაბონის ნაკრებში ითამაშა და "რასისტულ" საქართველოში დაბრუნდა, სადაც "ზესტაფონთან" ერთად საქართველოს თასის ფინალი მოიგო, . სწორედ ამ პერიოდში მოიფიქრეს მან და მისმა მენეჯერმა "ზესტაფონიდან" გაქცევის "რასისტული" გეგმა. ზესტაფონში გადაღებული ფოტოებით ის კვლავ სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მოსამზადებელი ეტაპისთვის აღარ დაბრუნებულა...

ილია კოკაია: ამ ავანტიურისთვის კესანს მკაცრად დაისჯება!

სიმართლეს წინ ვერაფერი დაუდგება. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ "ზესტაფონის" დაცვას. უბრალოდ, რეალური ვითარების გარკვევას შევეცადეთ და გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კესანი, თითიდან გამოწოვილი მიზეზებით, "ზესტაფონთან" ხელშეკრულების გაწყვეტასა და ისრაელში გაცილებით სარფიანი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს. ამ თემაზე ინტერვიუ "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას ვთხოვეთ...

- ბატონო ილია, რა ხდება კესანის საქმესთან დაკავშირებით?
- 10 დეკემბერს ფიფას კომიტეტი, რომელიც მოთამაშეთა სტატუსსა და ტრანსფერების საკითხს განაგებს, ეგრეთწოდებულ "კესანის საქმეს" განიხილავს. დარწმუნებული ვარ, გაბონელი ამაზე პასუხს აგებს.
- ისე, რასიზმი მძიმე ბრალდებაა. ფიფაც და უეფაც ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ...
- მართალი ხართ, მაგრამ თბილისში ჩამოსული იყო ფიფას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც გვითხრა, რომ ზოგიერთი შავკანიანები ამით ხშირად სპეკულირებენ. მათ უკვე იციან, რაც მოხდა სინამდვილეში და ამდენად, კესანის პროცესის მოგების იმედი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენთან ჩამოსვლამდე ის გაბონის ნაკრების კაპიტანი არ ყოფილა და ძირითად შემადგენლობაშიც არ ჰქონდა მყარი ადგილი. მერე ათამაშდა და კაპიტნობაც უბოძეს. სწორედ "ზესტაფონში" ჩამოსვლის შემდეგ გამოუჩნდნენ მსურველები და მოიფიქრა, თუ როგორ უნდა დაეღწია თავი საკონტრაქტო ვალდებულებებისგან.
- როგორც შევიტყვეთ, კესანის მენეჯერი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შეგეხმიანათ...
- დიახ, მელაპარაკა, მაგრამ ადამიანურ ენაზე ავუხსენი, რომ კესანი "ზესტაფონს" ძალიან სჭირდებოდა, რომ ევროთასებზე გასვლის იმედი გვქონდა და აფრიკელს ვერ შეველეოდით...
- ...და მერე თავად მოთამაშემ გთხოვათ ხელფასის გაზრდა?
- არა, ეს წინადადება ჩვენგან მოდიოდა, რადგან კესანი საჭირო მოთამაშე იყო. თუმცა ხელფასის მომატებას დამსახურება სჭირდება და ჩვენ უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ კესანიმ კიდევ უფრო მოუმატა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყებდით ახალ პირობებზე მოლაპარაკებას.
- მერე? გაუზარდეთ ხელფასი?
- გაიქცა, გვიჩივლა და სხვა კლუბთან გააფორმა კონტრაქტი და ლაპარაკს რაღა აზრი ჰქონდა?! ვფიქრობ, ამ ავანტიურისთვის მას მკაცრად დასჯიან.
- ალბათ, მთავარი მაინც ისაა, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე და აქაური პირობები არავის აკმაყოფილებს...
- თქვენ თუ გგონიათ, რომ მას ჩვენთან ცუდი პირობები ჰქონდა, ძალიან ცდებით. ამხელა ხელფასს ბევრგან არ მისცემენ.
- ვიეირას საბოლოოდ შეელიეთ?
- დიახ, ასეა. გვთხოვა, სამშობლოში უნდა დავბრუნდეო. მისი ძმა მეორე რონალდინიო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძა და წელსქვემოთ მოწყვეტილი იყო. როგორია, ასეთ მდგომარეობაში ძმის დატოვება? მოკლედ, ხელი არ შევუშალეთ.
- აშკარაა, რომ გუნდი წელს გაახალგაზრდავდა...
- ძალიან გვინდა ამ ბიჭების შენარჩუნება. მათგან ძლიერი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს, ნიჭიერები არიან...

კომენტარის გაკეთება თავად გვთხოვა "ზესტაფონის" ფანკლუბის აქტივისტმა ლაშა კიკნაველიძემ:
"რასიზმის რა მოგახსენოთ და, კესანი წელს ჩემი ოჯახის მეკვლე იყო. ვმეგობრობდით, საქართველოზე გიჟდებოდა... რესტორნებშიც დამყავდა, ქორწილებს არ აცდენდა... აქამდე არ ვიცოდი, რომ ადამიანის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება რასიზმი ყოფილა. რეალურად ხომ ყველამ ვიცით, რომ წასვლა უნდოდა? ამ საჩივრით გული დაგვწყვიტა".
ყველაფრის თავი და თავი ჩვენი ბედკრული ქვეყნის მდგომარეობაა. კესანის ინგლისში, ესპანეთში ან იტალიაში რომ ეთამაშა და ნამდვილი რასისტული გამოხდომები ესმინა, კლუბიდან წასვლასა და მილიონიანი კონტრაქტის გაწყვეტას მოისურვებდა?


მერაბ მამულაშვილი, გაზეთი ”ლელო”, 08.11.2008
   
FC ZESTAFONI © 2005