08.11.2008

 

 

ინტერვიუ ნიკოლოზ გელაშვილთან.

გასეირნება დამთავრდა!

 

საქართველოს მე-20 ეროვნული ჩემპიონატი საინტერესოდ დაიწყო, ფავორიტებად შერაცხული გუნდები ადრინდელივით ადვილად ვეღარ იღებენ ქულებს, ყველას დიდი ბრძოლის გადატანა უწევს. ამ 9 ტურში რამდენიმე მეგოლეც გამოიკვეთა - "ზესტაფონის" ფორვარდმა ნიკა გელაშვილმა ბოლო ოთხ შეხვედრაში ოთხჯერ გაიტანა (ნიკამ ცხინვალის ”სპარტაკთან” გამართულ გუშინდელ შეხვედრაშიც ისახელა თავი- ს.კ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური) და ჩვენც მას გუშინ გავესაუბრეთ...

- სასიამოვნოა, რომ ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას ვიბრუნებ. ტრავმის შემდეგ ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.

- "ზესტაფონს" ამ ჩემპიონატში გოლების გატანა უჭირს, ბოლო ტურში ოდნავ გამოასწორეთ და "გაგრას" 3:0 სძლიეთ ...

- ერთ გოლზე მეტი ვერ გაგვქონდა, თუმც ეს ფეხბურთში ხდება. "გაგრას" სამჯერ გავუტანეთ და დარწმუნებული ვარ, რაც დრო გავა, გუნდი უკეთეს ფორმაში შევა.

- ალბათ, ბომბარდირობას უმიზნებ?

- უკვე ოთხი გოლი შევაგდე და ვნახოთ... რა თქმა უნდა, ბომბარდირობა ძალიან მინდა.

- გასულ სეზონთან შედარებით "ზესტაფონის" შემადგენლობა სახეცვლილია. როგორ ფიქრობ, ამ გუნდით ჩემპიონობას შეძლებთ?

- დაკარგული ჯერ არაფერია, "ზესტაფონი" დასახული მიზნის მისაღწევად ძალას არ დაიშურებს.

- კონკურენტებად ვის მიიჩნევ?

- "ლოკომოტივს", "ვიტ ჯორჯიას" და "დინამოს". აქვე მინდა ვთქვა, რომ მე-20 ეროვნული ჩემპიონატი ძალიან საინტერესოდ მიდის, ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის, ვერავისთან გაისეირნებ - ეს უკვე ყველა ფავორიტმა იწვნია თავის თავზე და ჩემპიონატიც მაგარი დაძაბული გახდა, რაც თავისთავად წაადგება ჩვენს ფეხბურთს.

- ალბათ, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზეც ფიქრობ...

- ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. მე ჩემსას ვეცდები და იმედი მაქვს, შანსი მომეცემა.


ნუკრი ლოლაძე, გაზეთი ”სარბიელი”, 06.11.2008
   
FC ZESTAFONI © 2005