07.11.2008

 

 

იმერელთა დაბრუნება ”ქართლზე”.

 

 

7 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი გორში ”ქართლის” მრავალტანჯულ სტადიონზე დაუპირისპირდა ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს”.

შეხვედრის საწყისი წუთები სტუმართა უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა, ლოგიკის საწინააღმდეგოდ, ანგარიში უკვე 16-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს - ზესტაფონელებმა ბურთი მოედნის ცენტრის სიახლოვეს დაკარგეს და ცხინვალელმა შონიამ უძლიერესი დარტყმით თავისიანები დააწინაურა ...

ზესტაფონელები, გაშვებული გოლის შემდეგაც, კვლავ აკონტროლებდნენ მატჩის მსვლელობას, სახიფათო მომენტებსაც მრავლად ჰქმნიდნენ ( გამოსარჩევია ალექსი ბენაშვილისა და ბექა გოცირიძის დარტყმების შემდეგ შექმნილი სახიფათო სიტუაციები, როდესავ მასპინძელთა მხარეს მათი კარის ჯერ ხარიხა, მერე კი მარჯვენა ძელი აღმოჩნდნენ ...), თუმცა, ანგარიში მხოლოდ პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე გათანაბრდა - ხელით თამაშისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად ნიკოლოზ გელაშვილმა აქცია .

შეხვედრის მეორე ნახევარი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა, თუმცა, პირველი ტაიმის მსგავსად, გოლის გატანა მარგველებმა მხოლოდ ტაიმის მიწურულს მოახერხეს. უკვე მერამდენედ იმერლებს მშველელად ზურაბ იონანიძე მოევლინა. 88-ე წუთზე მოედანზე 3 წუთის შესული ”იონას” თავური დარტყმა აუღებელი გამოდგა - ზესტაფონელთა გამარჯვება - 2-1.

 

07/11/2008- ”სპარტაკი” -”ზესტაფონი” 1-2

დაწვრილებით:

 

მატჩის შემდეგ:

თემურ მახარაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “მოულოდნელი გოლი მივიღეთ და დრო დაგვჭირდა საპასუხი გოლის გასატანად. “სპარტაკი” გავარდნის კანდიდატია და დიდი “ომი” გაგვიმართა. კარგა ხანი არ გვიმართლებდა - სამი-ოთხჯერ ბურთის ძელს მოხვდა. მოკლედ რომ ვთქვა, ცალკარა გვქონდა და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ”.
http://msofsport.com

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005