06.11.2008

 

 

ინტერვიუ ბექა გოცირიძესთან.

ბექა გოცირიძე `ზესტაფონის~ ერთგულია.

 

 

თვითმყოფადი სათამაშო სტილი, მეტოქე მცველებისთვის ძალიან უხერხული დრიბლინგი და თავდადება ”ზესტაფონის” 20 წლის შემტევ ბექა გოცირიძეს სხვათაგან აშკარად გამოარჩევს. გოცირიძემ შთამბეჭდავად ითამაშა ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ, ქომაგი კი ალბათ ყოველთვის გაიხსენებს რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების კარში მისი დიდებული სოლოს შემდეგ გატანილ ბურთს.

გოცირიძემ და სხვა ახალგაზრდებმა დაამსხვრიეს კლაუს ტოპმიოლერის მიერ შექმნილი მითი, რომლის თანახმადაც ჩვენს ჩემპიონატში ნაკრებისთვის გამოსადეგი ფეხბურთელები არ არიან. გოცირიძე თავის დროზე გაიოზ დარსაძის ჯილა იყო. ნაკრებში მისი მაშინდელი დაწინაურება ალბათ ნაადრევიც იყო. დღეს იგი ”ჯვაროსანთა” რაზმის ღირსეულ წევრად მოჩანს.
გუშინ ბექას ბევრ საინტერესო საკითხზე ველაპარაკეთ.

- ”ზესტაფონის” ბოლო ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვე. ახლა როგორ ხარ?

- ”ბორჯომთან” და ”გაგრასთან” ტრავმის გამო ვერ ვითამაშე. დაშავებული ადგილი ცოტა კი მტკივა, ნემსებს ვიკეთებ, მაგრამ თავს უკეთესობას ვატყობ. აგერ კუპერის მეთვალყურეობითაც ვივარჯიშე, ახლა კი ”ზესტაფონს” უნდა შევუერთდე.

- გამოდის, რომ რუმინეთთან აუცილებლად ითამაშებ...

- მთავარია, ნაკრებში დამიძახონ და ეს ტრავმა ხელს ნამდვილად ვერ შემიშლის.

- ”ზესტაფონზეც” გკითხავ. რატომ არ გამოუვიდა გუნდს დამაჯერებელი სტარტი?

- გაუთვალისწინებელი ქულები დავკარგეთ. ალბათ, იღბლის მომენტიც იყო. საგოლე მომენტები ბლომად კი გვქონდა, მაგრამ... მესამე ადგილზე ვართ, თუმცა ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ”ზესტაფონი” წლეულს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ჯერ არაფერი დაგვიკარგავს, ყველაფერი წინაა. მით უმეტეს, ”გაგრასთან” გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა.

- ბულგარეთთან მატჩის შემდეგ გოცირიძეს მთხოვნელები მოუმრავლდნენო...

- მეც ვკითხულობ და მესმის, მაგრამ ჩემამდე არავინ მოსულა. ”დნიპროს” ინტერესი ალბათ უფრო რეალურია. გაზეთში ისიც ეწერა, ”ლეჩე” დაინტერესდაო, მაგრამ ჯერჯერობით არავისზე ვფიქრობ. წლეულს ჩემპიონობა გვინდა და ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ძალიან მინდა ”ზესტაფონთან” ერთად ჩემპიონი გავხდე.

- შენი სტილის ფეხბურთელისთვის უკეთესი შუაევროპულ ჩემპიონატში გადაბარგება უნდა იყოს...

- ფეხბურთელის ბედი ისეა მოწყობილი, რომ წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. ყველაფერი ღმერთის ნებაა. ყველა ფეხბურთელს უნდა შუა ევროპაში თამაში. ისიც ვიცი, ”დნიპრო” ძალიან კარგ პირობებს სთავაზობს ფეხბურთელებს. რაღა დავმალო და მეც ძალიან მინდა ევროპაში თამაში.

- ”ზესტაფონში” საქართველოს ნაკრების ფეხბურთელად ჩამოყალიბდი და კლუბთან განშორება შენთვის რთული უნდა იყოს...

- დამიჯერეთ, ჩემპიონატის ბოლომდე წასვლაზე არ ვფიქრობ. მით უმეტეს, რომ გუნდთან 10 თვე დამრჩა კონტრაქტი. წინასწარ რომ ვილაპარაკო, აქ წავალ, იქ წავალ-მეთქი, ლამაზი არ იქნება. ყველაფერი კლუბის პრეზიდენტის გადასაწყვეტია. მზად ვარ, ვითამაშო გუნდში და მას ჩემპიონობაში დავეხმარო, რაც ყველა
ზესტაფონელი ქომაგის ოცნებაა.

- ქართულ ფეხბურთში გამოკვეთილი ინდივიდუალისტების ნაკლებობაა. შენ კარგი დრიბლინგი და ბურთის ფლობის განსაკუთრებული კულტურა გაქვს. პოზიციას ხშირად გიცვლიან. მაინც სად არის ბექა გოცირიძის ადგილი მინდორზე?

- თავდასხმაში ძალიან მიყვარს თამაში. ალბათ ბავშვობის დროიდან შემომრჩა ეს სიყვარული. ხშირად გამთამაშებლადაც ვთამაშობ, მაგრამ თავდასხმას ვერაფერი შეედრება. ისე, ფეხუბრთელი უნივერსალი უნდა იყოს - ბულგარეთთან მარცხენა ნახევარმცველად ვითამაშე. სათამაშო ამპლუასთან დაკავშირებით გართულება არასდროს მქონია. უბრალოდ, საყვარელ პოზიციაზე მკითხეთ და მეც გიპასუხეთ.

- საინტერესოა, ვინ არის შენი იდეალი ფეხბურთში?

- რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი მყავს, მაგრამ კრისტიანო რონალდო უნდა გამოვარჩიო. მისნაირი ფეხბურთელი დღეს არ არის. ძალიან მომწონს უეინ რუნის თამაში. დააკვირდით, რამდენს მუშაობს, როგორი ”ჟილკიანია”, რა მონდომებულია.

- ბულგარეთთან მატჩს დავუბრუნდეთ. ერთ-ერთ ეპიზოდში საჯარიმო მოედანში შეიჭერი და ბულგარელმა მცველმა წაგაქცია...

- ყველა ამას მეკითხება. პოზიცია მოვუგე ბულგარელ მცველს, შევიჭერი საჯარიმოში და ამ დროს მუხლი წამომდო. ალბათ მაინც 50/50-ზეა, ან დადებს მსაჯი, ან არა. მე მაინც მგონია, რომ პენალტი იყო.

- გატანილ გოლამდე რაღა დაგაკლდა?

- მაინც 20 წლის ბიჭი ვარ, სანაკრებო გამოცდილება არ მქონდა. თავით იმ გოლს აუცილებლად გავიტანდი, უბრალოდ, საპირისპირო კუთხეში უნდა დამერტყა. ამას უკვე გამოცდილება სჭირდება.

- ოცი წლის ბიჭები რეჟიმს მაინცდამაინც არ იცავენ. შენს ცხოვრებაში როგორ დგას ეს საკითხი?

- ფეხუბრთელი თუ ხარ, რეჟიმისტი უნდა იყო. სხვანაირად მოქცევას ღმერთი არ გაპატიებს. დისკოთეკებზე სიარული და სმა ფეხბურთელის საქმე არ არის. რეჟიმს სულ ვიცავ. ხანდახან ინდივიდუალურადაც ვვარჯიშობ. ვიცი, რომ თუ რეჟიმს დავარღვევ, წამსვე გავაუარესებ თამაშს.

- მოდი, კლაუს ტოპმიოლერი და ჰექტორ კუპერი შევადაროთ.

- ტოპმიოლერი არ ესწრებოდა ეროვნულ ჩემპიონატს და მის ნაკრებში იშვიათად ნახავდით ფეხბურთელს შიდა პირველობიდან. როცა ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩებს ასე ცოტა მაყურებელი ესწრება და თანაც შენი ნაკრების მწვრთნელიც არ გიყურებს, თითქოს სულერთი ხდება ყველაფერი. კუპერმა სტიმული დაგვიბრუნა. ხომ გვენდო ბულგარეთთან და ხომ გავამართლეთ? სამომავლოდაც ყველაფერს ჩავდებთ ნაკრების თამაშებში.

საქართველოს ჩემპიონატი არ არის იოლი პირველობა. კუპერი კი უბრალო და საქმის მკეთებელი ადამიანია. მისთვის მთავარი საქმეა. როცა უყურებ, რომ უცხოელი ასე მუშაობს შენი ქვეყნისთვის, შენც მაქსიმუმს სთხოვ საკუთარ თავს.

- გულწრფელად გვითხარი, კუპერი ძალიან მკაცრია?

- ვარჯიშებზე ძალიან მკაცრია. დისციპლინას ვერავინ დაარღვევს. თავისუფალ დროს კი მშვენივრად ხუმრობს. საქმეს რომ მორჩება, მხიარული კაცია.

- ბერბატოვის, პეტროვისა და სხვა ვარსკვლავების წინააღმდეგ კარგმა თამაშმა თავდაჯერება არ შეგმატა?

- იცით, უფრო თავდაჯერებული გავხდი. რამდენი ხალხი მოვიდა, როგორი მხარდაჭერა იყო... როცა საუკეთესოდ დამასახელეს, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო მთელ მსოფლიოში. თანაც, კობიაშვილის, იაშვილისა და სხვების გვერდით ვითამაშე. ჩემთვის დიდი სტიმულია თითოეული სანაკრებო შანსი. რამდენი კარგი ფეხუბრთელი წავიდა ისე, რომ ნაკრებში ვერ ითამაშა. ახლა მეტს ვვარჯიშობ. დრო გვიჩვენებს, რომ თავს არ დავზოგავ. მინდა ქართველი ხალხი გავახარო.

- რა თქმა უნდა, შენს კარიერაშიც ყოფილა არცთუ ისე კარგად ჩატარებული მატჩები, მაგრამ ჟინი და მონდომება არასდროს დაგიკარგავს. ეს თვისება მომავალშიც გაგყვება?

- მიყვარს ჩემი ქვეყნის ნაკრები, მიყვარს გუნდი, რომელშიც ვთამაშობ. ექვსი წლის ვიყავი, ფეხბურთზე რომ შევედი და მაშინაც ამბობდნენ, ”ჟილკა” კოჭებში ეტყობაო. ჰიმნს რომ ვუსმენ, ვტირივარ... მეტი რაღა უნდა ინატროს ფეხბურთელმა. მე ხომ საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ. წამივა თუ არა თამაში, ეს მეორე საკითხია, მაგრამ არ მესმის, თავი როგორ უნდა დაზოგო, როგორ არ უნდა იბრძოლო. როცა შევატყობ, რომ ბრძოლის ჟინი აღარ მექნება და ჩემთვის სულერთი გახდება ყველაფერი, ფეხბურთიდან საერთოდ წავალ.

- შენი ოცნების ჩემპიონატი რომელია?

- ესპანეთის ჩემპიონატი. არ მჯერა, როდესმე რომ იქ ვითამაშებ, მაგრამ ხომ შეიძლება, ვეცადო? ესპანური პირველობის დონე სხვებისას სჯობს. ასეთია ჩემი აზრი.


ალეკო კაკაურიძე, გაზეთი ”ოლიმპი”
   
FC ZESTAFONI © 2005