ფრე ბორჯომში და იონას 400-ე მატჩი.
28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ბორჯომში ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”ბორჯომს”.
შეხვედრის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში მიილია, თუმცა პირველი ტაიმის მეორე ნახევარი უკვე სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, სწორედ მატჩის ამ მონაკვეთში ზესტაფონელებმა დაწინაურებაც მოახერხეს - თამაშის 39-ე წუთზე ერიკ რომეო ჩასემის გადაცემის შემდეგ გოლი ნიკა გელაშვილმა გაიტანა,
შეხვედრის მეორე ნახევარი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა - ედსონ სანტოსმა და ნიკა გელაშვილმა მასპინძელთა კარის ძელებიც შეაზანზარეს, თუმცა, ნაცვლად იოლი გამარჯვებისა, ზესტაფონელთა დაცვის ერთადერთი შეცდომის შედეგად, ბურთი საკუთარ კარში მიიღეს - მასპინძელთაგან თავი შეცვლაზე შესულმა ბაქარ ბაქრაძემ გამოიჩინა. სტუმართა საფინალი შტურმი კი უშედეგო აღმოჩნდა - 1-1.
საინტერესოა, რომ ბორჯომში გამართული შეხვედრა ზესტაფონელთა ბომბარდირ ზურაბ იონანიძისათვის გახლდათ მეოთხასე (!) მატჩი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
მატჩის შემდეგ:
თემურ მახარაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “დიდ უპირატესობას ვფლობდით და დაცვაში დასანანმა შეცდომამ ქულები დაგვაკარგვინა. ფეხბურთში ასეც ხდება და გუნდს რომ ასეთი რამ არ დაემართოს, გასატანი უნდა გაიტანოს”.
გიორგი სუხიაშვილი (“ბორჯომის” მთავარი მწვრთნელი): “ზესტაფონთან წაგებული თამაშის გათანაბრება იოლი საქმე არაა და ჩვენ ეს შევძელით. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს ფეხბურთელს, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ თამაში არ წაგვეგო”.
http://msofsport.com
|