დერბი ?! არა ! ომი !

ტორპედო - ზესტაფონი 0:1

25 თებერვალი . ქუთაისი . ცენტრალური . 4500 მაყურებელი

მასპინძელ ფანობას განსაკუთრებული ინტერესი იმის გამოც ჰქონდა , რომ ეს ფეხბურთელები და გუნდი საქმეშიც ენახათ , თან მათი ამბიციების შესახებაც გაეგოთ . ერთი სიტყვით , მეზობლურ დერბს სხვა დამაინტრიგებელიც ბევრი ჰქონდა , რის გამოც , ყველა დაძაბული და უკომპრომისო ბრძოლას ელოდა . თუმცა თავშივე ვიტყვი , სპორტული თვალსაზრისით , მატჩმა გულშემატკივარი მაინცდამაინც კმაყოფილი ვერ დატოვა , რაც ორივე გუნდის არცთუ სახარბიელო თამაშით გახლდათ გამოწვეული . მახარაძე , როგორც გვამცნეს , ავადმყოფობის გამო არ დაესწრო ამ შეხვედრას და გუნდს მეორე მწვრთნელი , დათო გენძეხაძე გაუძღვა . მან თავისიანები 4-4-2 სქემით განალაგა , მისმა მასპინძელმა ვიზავიმაც იგივეს მიმართა და შეხვედრაც დაიწყო . " ტორპედო " ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას , საწყის წუთებშივე შეეცადა და სტუმართა არც თუ დალაგებული თამაშის ფონზე , გამოუვიდა კიდეც . უკვე მე -7 წუთზე , ნახევარმცველებმა მეგრელაძეს წინ გრძელი გადაცემა გაუჭრეს . ისიც გავიდა და მის შესახვედრად გამოსულ მეკარეს ბრძოლაში აჯობა , თუმცა , მახვილი კუთხისკენ წასული ბურთი კარისკენ ვეღარ მიმართა და მომენტი გაუცუდდა . ოთხ წუთში , ისევ მეგრელაძე აქტიურობს : ფლანგზე კარგად გადის და გაის სამწუხაროდ , ქვაჩახია თავდამსხმელს თავგანწირულად ჩაუხტა და სოსელიას დარტყმული კარს ასცდა . სტუმრები კვლავ არეულად თამაშობდნენ : წინა ხაზზე ვერც ზირაქიშვილმა , ვერც იონანიძემ კონტრთამაში ვერ ააწყვეს , რაშიც ბრალი ნახევარდაცვას მიუძღოდა . " ტორპედომ " კიდევ უფრო მოუმატა . მეგრელაძეს ტაიმის ბოლოსკენ , კიდევ ორჯერ მიეცა შანსი , პირველად , საჯარიმოში მერებაშვილმა თავით უპასა პენალტის ნიშნულთან მყოფ თავდამსხმელს , რომელმაც მაკრატელათი დაარტყა და ბურთი ზემოდან ოდნავ გადასცდა კარს . ტაიმის ბოლოს კი , მას ყველაზე რეალური მომენტი შეექმნა - ფლანგიდან ჩაწოდებულს , იგი მეკარის ბაქნის კუთხესთან ეულად მდგომი დახვდა , თუმცა თავური გაუცუდდა და კარი ვერ დალაშქრა .

" ზესტაფონის " მონაგარი პირველ ტაიმში საჯარიმოში მხოლოდ ორჯერ ჩაწოდებით შემოიფარგლა .

სამწუხაროდ , მეორეში " სტუმართა წყალი " მასპინძლებსაც გადაესხათ და თამაშის ხარისხი მათაც გაუფუჭდათ . რის გამოც , მხოლოდ ორი მომენტი იყო დასამახსოვრებელი : 58- ე წუთზე , კოშკაძემ დაარტყა სახიფათოდ და ოდნავ ააცილა , 5 წუთის შემდეგ კი , გამეზარდაშვილი გავიდა საჯარიმოში დასარტყმელად და სამიზნეს მანაც ააცილა . ამის შემდეგ , ტორპედოელები და განსაკუთრებით მეგრელაძე კი აქტიურობდნენ , მაგრამ რეალური და საგოლე არ შეუქმნიათ . ერთ - ერთი ასეთი აქტიურობისას , საჯარიმოში მეგრელაძისა და შავგულიძის საჰაერო ბრძოლისას , მასპინძლები ( მოთამაშეებიც და მწვრთნელებიც ) პენალტს ითხოვდნენ , მსაჯმა ანიაშვილმა მისი დანიშვნა არ ჩათვალა საჭიროდ და თამაში გააგრძელა , ამ ეპიზოდმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია , თუმცა , შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა და შეხვედრაც ჩვეულებრივად გაგრძელდა . ამ პერიოდში , სტუმრები არ თამაშობდნენ - მხოლოდ ბურთს იგერიებდნენ . ის კი არა , პირველი კუთხური მხოლოდ 76- ე წუთზე ჩამოაწოდეს .

არბიტრმა ძირითად დროს ოთხი წუთი დაამატა და სწორედ აქ მოხდა მოსახდენი : დამატებული დროის მეორე წუთზე , ძამსაშვილი ფლანგზე გავიდა და პენალტის ნიშნულიდან ეულად მდგომ იონანიძეს ზუსტად მიაწოდა , " იონამ " ბრუნში ძალზე ეფექტურად და უძლიერესად გაისროლა და ბურთი კარში " ჩააჭედა " 1:0 - " ეს უკვე გამარჯვება იყო .

www.sporti.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005