22.10.2008

 

 

”ზესტაფონი” და კონტრაქტის დამრღვევები.

 

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ყოფილმა ფეხბურთელმა სერგეი ნუდნიმ რამდენიმე თვის წინ თავის ყოფილ კლუბს ფიფა-ში უჩივლა. ფეხბურთელის ასეთ ქმედებას ქართული კლუბის შესაბამისი რეაქცია მოჰყვა ...

 

მთელი ეს არცთუ სასიამოვნო ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც, 2005- 2006 წლის სეზონის დასრულების შემდეგ გამოცხადებული ”საფეხბურთო არდადეგებისას”, მოლდაველი ლეგიონერი, რომელსაც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” მოქმედი კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებდა, გაემგზავრა შინ. სერგეი ნუდნის, კონტრაქტის თანახმად, იმერული კლუბის ღირსება 2007 წლის იანვრამდე უნდა დაეცვა. თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, ფეხბურთელი საქართველოში აღარ დაბრუნებულა.

ამის შემდეგ სერგეი ნუდნიმ მიმართა ფიფას ძალზედ უცნაური მოთხოვნით - მოლდაველი მოითხოვდა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისათვის” მისი ”კუთვნილი ხელფასის” გადახდის დაკისრებას (საუბარია ფეხბურთელის კლუბში არყოფნის პერიოდზე!).

ნუდნის ამ მოთხოვნას საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” შეგებებული პრეტენზია წამოუყენა. ქართულმა კლუბმა მოითხოვა - ფეხბურთელს დაკისრებოდა იმ ”ბონუსის” თანხის დაბრუნება, რომელიც მან თავის დროზე კლუბისაგან მიიღო.

რამოდენიმე დღის წინ კი იმერული კლუბის ოფისში ციურიხიდან მოვიდა წერილი, რომელშიც საუბარია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ფიფას დავების განხილვის სამსახურმა მიიღო ზემოთხსენებულ დავასთან დაკავშირებით. მსოფლიო ფეხბურთის უმაღლესი ინსტანციის გადაწყვეტილების თანახმად, ფეხბურთელს უარი ეთქვა მის მიერ წამოყენებული პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე. გარდა ამისა, მას დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მან მიაყენა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” კონტრაქტით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.

უახლოეს პერიოდში ფიფამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” კიდევ ერთ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც გაბონელების - პოლ ულრიკ კესანისა და ეტიენ პანაიოტის ბიტო’ოს მიერ კონტრაქტით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას უკავშირდება. ქართული კლუბი მოითხოვს ფეხბურთელების დისციპლინარულ დასჯასა და გაბონელების მიერ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისათვის” მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005