დასანანი მარცხი გორში.
18 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი გორში ესტუმრა საქართველოს 2004 წლის ჩემპიონს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას”.
შეხვედრის პირველი ნახევარი ზესტაფონელთა კარნახით წარიმართა, სტუმრებმა დაწინაურებაც მოიახერხეს - ნიკა გელაშვილმა ალექსი ბენაშვილის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით ზემოიმერლები დააწინაურა - 1-0.
აღსანიშნავია, რომ სტუმრები შეხვედრის მეორე ნახევარშიც აკონტროლებდნენ მატჩის მსვლელობას, თუმცა, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზედმეტად აქცენტირებულმა ტაქტიკამ უარყოფითი შედეგი დასკვნით 16 წუთში მოიტანა - 74-ე წუთზე შორეული დარტყმით გიორგი მელქაძემ ანგარიში გააყაიმა, ხოლო 81-ე წუთზე კვარაცხელიამ გამარჯვება ვეტერინარებს მოუტანა -2-1.
|
18/10/2008- “ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) 2-1 ”ზესტაფონი” |
დაწვრილებით: |
იხილეთ “ვიტ-ჯორჯია” -”ზესტაფონის” მატჩის ფრაგმენტები საიტზე www.zestaphoni.com
გორული ტაიმბოლი
წინა ტურში თბილისის “დინამოს" დამმარცხებელ “ზესტაფონს”, სატურნირო ცხრილის ლიდერის, “ვიტ ჯორჯიას” სტუმრად ძლევის შემთხვევაში, 10 ქულის დაგროვებისა და ცხრილის სათავეში მოქცევის ბრწყინვალე შანსი ეძლეოდა. იმერლები მიზანთან ახლოსაც იყვნენ, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, არათუ მოგება, ფრეც კი სანატრელი გაუხდათ.
გორში ჩატარებულმა ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ, მოლოდინი ასი პროცენტით გაამართლა. მატჩს არც დაძაბულობა აკლდა და არც დრამატიზმი.
საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, ზესტაფონელი ფორვარდი ბექა გოცირიძე, მოულოდნელად, ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა - როგორც ჩანს, თემურ მახარაძემ დასვენების საშუალება მისცა. გუნდის ბრაზილიელი ლიდერის, ვიეირას სათადარიგოთა სკამზე დარჩენა კი, ყველასთვის გასაკვირი იყო. ოპტიმალური შემადგენლობა არც მასპინძლებს ჰყავდათ. ვიტელებმა გიორგი დათუნაიშვილი მოისაკლისეს. კარგახანს, საკმაოდ დუნედ დაწყებულ თამაშში, საგრძნობ უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ დაეუფლა. პირველი რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ 21-ე წუთზე ვიხილეთ და ანგარიშიც გაიხსნა. მარცხენა ფლანგზე ვიტელი ლაშა ჯაფარიძე შეცდა და მისი თავიდან, ბურთი ალექსი ბენაშვილს მიუვიდა. ამ უკანასკნელის საჯარიმოში ჩაწოდებული კი ნიკა გელაშვილმა შეირგო და სტუმრები დააწინაურა. ცოტა ხანში, უპირატესობის ორ ბურთამდე გაზრდა, ბოიომო ფრიდოლინს შეეძლო, მაგრამ მეკარე გრიგოლ ბედიაშვილმა თავიდან ააცალა ბურთი. ეს იყო და თბილისელები ცოტა გამოცოცხლდნენ. კარგა ხანს უტრიალეს მეტოქის საჯარიმოს, თუმც კარში დარტყმას ვერაფრით ახერხებდნენ. ერთადერთი, რაც დაგვამახსოვრდა, ღუჭაშვილის საჯარიმოს კუთხიდან დარტყმა იყო, ისიც ძალიან უზუსტო. ეს, 37-ე წუთზე მოხდა, ოთხიოდ წუთში კი, ღუჭაშვილმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. მის ნაცვლად, მინდორზე ვახტანგ კვარაცხელია შევიდა და საბოლოოდ, მატჩის ბედიც გადაწყვიტა, თუმც იქამდე, ბევრი საინტერესო ეპიზოდი ჩავინიშნეთ. ტაიმის მიწურულს, “ზესტაფონმა” ორი ბურთით დაწინაურების კიდევ ორი შანსი გაანიავა. ჯერ იყო და, გიორგი ხიდეშელის ძლიერი დარტყმული ბედიაშვილმა კუთხურზე მოიგერია, შემდეგ კი, ჩასემმა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან უზუსტოდ დაჰკრა თავური.
შესვენების შემდეგ, “ვიტ-ჯორჯია” აშკარად უფრო მოტივირებული გამოვიდა მინდორზე და საწყის ოთხწუთიან მონაკვეთში ორჯერ დაემუქრა როინ კვასხვაძის კარს. ჯერ კვიღინაძემ გადააცილა ბურთი კარს, შემდეგ კი, ჯაბა ლიპარტიას ახლოდან დარტყმული ბურთი იმერელთა გოლკიპერმა საოცრად მოიგერია. თამაში ნელ-ნელა ისევ გათანაბრდა, მაგრამ პარალელურად, დაძაბულობამაც იმატა და მთავარმა მსაჯმა ოთარ ხეცაძემ, ათწუთიან მონაკვეთში სამჯერ ააფრიალა ყვითელი ბარათი. 67-ე წუთზე, ნაკლებად აქტიური ერიკ რომეო ჩასემის ნაცვლად, მოედანზე გოცირიძე გამოჩნდა. იქვე, ბენაშვილმა, დაახლოებით 30 მეტრიდან, უძლიერესად და ცოტა არაზუსტად დააქუხა და შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს სტუმრები უნდა გააქტიურებულიყვნენ. მოხდა კი პირიქით – 75-ე წუთზე, გიორგი მელქაძემ ზესტაფონელთა საჯარიმოდან საკმაოდ მოშორებით მიიღო ბურთი, რამდენიმე მეტრი გაიარა და ყველასთვის მოულოდნელად დაარტყა. თანაგუნდელები და მეტოქეები გონს მხოლოდ მას შემდეგ მოეგნენ, რაც ბურთი ბადეში გაეხვა. ვერც კვასხვაძემ მოასწრო გადახტომა.
ერთ წუთში, მასპინძლებმა მეორეც გაიტანეს, ოღონდ ამჯერად თამაშგარედან. მახარაძემ კი, თამაშის კვლავ სათავისოდ შესატრიალებლად, მინდორზე ვიეირას უხმო. სწრაფმა ბრაზილიელმა თამაშში ნორმალურად ჩართვაც ვერ მოასწრო, რომ “ზესტაფონის” კარში მეორე გოლი გავიდა – ამჯერად, ყველა წესის დაცვით. მელქაძისგან საჯარიმოში ჩაწოდებულ მაღალ ბურთს, პირველი კვარაცხელია შეწვდა და ცხრიანში გაიტანა. სტუმრები ცოტა კი გამოცოცხლდნენ, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე ერთხელაც ვერ მიიყვანეს. ის კი არა, კინაღამ ისევ თავად დაისაჯნენ - მატჩის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე, კლიმიაშვილი სიზუსტემ ბოლო წამს დააღალატა.
მატჩის შემდეგ:
თემურ მახარაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “გულდასაწყვეტი თამაში წავაგეთ. მეტოქემ დასანანი 3 ქულა წაგვართვა. მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა “ვიტ ჯორჯია” სათამაშო უპირატესობას ფლობდა, გატანა შეგვეძლო, მაგრამ სწორედ ამ დროს გავუშვით საპასუხო გოლი. რას იზამ, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება”.
ნესტორ მუმლაძე (“ვიტ ჯორჯიას” მთავარი მწვრთნელი): “კარგია, რომ ჩემს ბიჭებს გარჯა დაუფასდათ. ეს მით უფრო გასახარია, რომ ყველაფერი, პირველ ტაიმში აშკარა ჩავარდნის შემდეგ მოხდა. მათი დიდი მადლობელი ვარ და იმედი მაქვს, მომავალშიც ისეთი მოტივირებულები იქნებიან, როგორც ეს ამ მატჩის მეორე ტაიმში იყო.
ახლა, ყველა ფიქრი მორიგი ტურის მატჩისკენაა. “მესხეთი” იოლი დასამარცხებელი გუნდი არაა. საერთოდ, სუსტი გუნდი ჩემპიონატში აღარაა. რთულია, წინასწარ დაგეგმო ვისთან რა შედეგით ითამაშებ. ჯერჯერობით, სტარტი იმაზე მიუთითებს, რომ რთული ჩემპიონატი იქნება”.
ოთარ მაღლაკელიძე, www.msofsport.com
|