ინტერვიუ ზურაბ იონანიძესთან.
გოლის გატანის “ხუთიანზე” მცოდნე “ორიანი”
ზურაბ იონანიძე ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა და მეოცეშიც აგრძელებს თამაშს. “იონა” ქვეყნის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა (სამჯერვე ქუთაისის “ტორპედოში”) და ეროვნულ თასსაც 3-ჯერ (ორჯერ “ტორპედოში”, ერთხელ “ზესტაფონში”) დაეუფლა. თუმცა, მუდმივად “2” ნომრიანი მაისურით შემოსილი ფორვარდის საფეხბურთო დღეგრძელობა, უფრო მის მიერ ნათამაშები მატჩებისა და გატანილი გოლების რაოდენობაში აისახა. დღემდე მან ეროვნული ჩემპიონატის 398 მატჩი ითამაშა და 210 გოლი გაიტანა. “იონა” მისივე სახელობის 200-იანთა სიმბოლური კლუბის პირველი წევრია, რომელშიც ვინმეს შემატებას, ალბათ ძალიან დიდხანს დააგვიანდება.
ფორვარდის სპორტულ რეგალიებს ეროვნული ჩემპიონატების ორ-ორგზის საუკეთესო ფეხბურთელობა (1999-2000 და 2002-03) და ბომბარდირობა (1999-2000 - 25 გოლი, 2002-03 - 26 გოლი) ემატება.
XX ჩემპიონატის ხუთ ტურში “იონა” ერთადერთხელ გავიდა მინდორზე - 26 სექტემბერს, ზესტაფონში ფეროელები “მესხეთს” იღებდნენ და მასპინძელთა გუნდის თავკაცმა თემურ მახარაძემ ზურაბ იონანიძე ბოლო ნახევარი საათი ათამაშა.
ფაქტია, კლუბის ხელმძღვანელობა აქცენტს სანაკრებო პერსპექტივის მქონე ახალგაზრდა კადრებზე აკეთებს. სწორედ ასეთი სტრატეგიის გამო, “იონას” ოფიციალურ მატჩებში ხშირი გამოსვლის საშუალება აღარ ეძლევა. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, კლუბთან კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, გამოცდილმა ფორვარდმა “ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს”. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ გამონათქვამი “ბებერი ხარის რქანიცა ხნავენ”, თანამედროვე ქართულ ფეხბურთში თუ ვინმეზე ვრცელდება, პირველ რიგში ეს ზურაბ იონანიძეა.
“მსოფლიო სპორტის” სტუმართან საუბარი მისი ეროვნულ ფეხბურთში მოსვლის გახსენებით დაიწყო.
- ფეხბურთში ვარჯიში ქუთაისში, ედუარდ შავგულიძესთან დავიწყე. შემდეგ წვრთნა ადგილობრივი პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდში გავაგრძელე იურა კვერნაძესთან, მოგვიანებით კი, წყალტუბოში გადავედი, “სამგურალში” სათამაშოდ. ის იყო ჩვენმა გუნდმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის II ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, საქართველოში ეროვნული ჩემპიონატის გამართვა გადაწყდა...
- თავდამსხმელმა 2-ნომრიანი მაისური რა პრინციპით ამოირჩიეთ?
- “სამგურალში” რომ ვთამაშობდი, მგონი, გორის “დილას” ვიღებდით, სწორედ ამნომრიანი მაისური იყო თავისუფალი და რომ ჩავიცვი, მას შემდეგ გახდა არც მიფიქრია. სხვათა შორის, იმ მატჩში გოლი გავიტანე და რაკი სპორტსმენებს თილისმები გვიყვარს, მეც ჩემს თილისმად “2”-ანი ავირჩიე. ამ მაისურით თავიდანვე ბევრი გოლების გატანა დამჩემდა და ვერ მოვიშალე ეს “მავნე ჩვევა”.
- საქართველოში სულ ოთხ გუნდში გაქვთ ნათამაშები და ისე გამოვიდა, იმერულ გუნდებს არ გაცილებიხართ.
- სიმართლე გითხრათ, ამაზე არც დავფიქრებულვარ - “სამგურალის” შემდეგ ერთი სეზონი ქუთაისის “ტორპედოში” ვითამაშე, მერე სამტრედიაში ტარიელ ჩაჩუამ გააკეთა სერიოზული გუნდი და იქ ვიყავი კარგა ხანი. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, ისევ “ტორპედოში” ვთამაშობდი, სადაც 2003 წელს უკრაინაში, კერძოდ “ტავრიაში” წასვლამდე დავრჩი. სიმფეროპოლიდან დაბრუნებული დღემდე ზესტაფონში ვარ და ფეხბურთიდან წასვლაც ალბათ, ამ გუნდიდან მომიწევს.
- საქართველოს ნაკრებშიც გაქვთ რამდენიმე თამაში ჩატარებული.
- მაშინ დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი იყვნენ ეროვნული გუნდის მწვრთნელები და საქართველოს კლუბების ნაკრებმა ქუთაისში აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა. 1:0 მოვიგეთ და გოლი მე გავიტანე. კიდევ 3 ამხანაგური მატჩი მაქვს ნათამაშები, მაგრამ თავი მეტჯერ აღარ გამომიჩენია.
- პირველ ეროვნულ ჩემპიონატშიც გაქვთ მონაწილეობა მიღებული და, ალბათ, არ უნდა გაგიჭირდეთ მისი წლევანდელთან შედარება - დონემ მოიმატა თუ პირიქით.
- თავიდან, ასე 2-3 ჩემპიონატის განმავლობაში საკმაოდ მაღალი დონე იყო. მაშინ რამდენიმე წამყვანი გუნდი (თბილისის “დინამო”, ქუთაისის “ტორპედო”, ლანჩხუთის “გურია”) საბჭოთა კავშირის პირველობაზე სათამაშოდ იყო მზად და ჩემპიონობისთვის ერთმანეთში დიდი კონკურენცია ჰქონდათ. მგონი, ყველა კარგად გამიგებს - იმ პირველ ჩემპიონატებში გაცილებით ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობდა საქართველოში.
- პირველი ოფიციალური გოლი თუ გახსოვთ ვის გაუტანეთ?
- თუ არ ვცდები, სამეგრელოში გვქონდა თამაში, წავაგეთ, მაგრამ ჩემთვის გუნდის მარცხი გატანილმა გოლმა ცოტათი გააქარწყლა (ეს მოხდა ზუგდიდში “ოდიშთან” მატჩში, 1990 წლის 28 ოქტომბერს - ფ.კ.).
- მგონი, 210 გოლზე, რომლებიც მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში გაქვთ გატანილი, გაჩერებას არ აპირებთ.
- კონტრაქტი “ზესტაფონთან” 2008 წლის 1 დეკემბერს მიმთავრდება და სიტუაციიდან გამომდინარე, ალბათ, ფეხბურთის ოფიციალურ დონეზე თამაშისთვის თავის დანებება მომიწევს. ჯერ საბოლოოდ არ გადამიწყვეტია, მაგრამ ამის დიდი ალბათობა საკმაოდ დიდია.
- იქნებიან მეკარეები, ვისთვისაც არაერთი გოლი გაგიტანიათ. თუ არის ისეთი ქართველი კიპერი, ვისი დამწუხრება დღემდე ვერ მოგიხერხებიათ.
- თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი “ზესტაფონის” ახლანდელი მეკარე გრიგოლ ჭანტურიაა. მის წინააღმდეგ ბევრი თამაში ჩამიტარებია, მაგრამ სულ “მშრალად” დარჩენილა.
- ქართველი კოლეგებიდან ვისი გამორჩევა შეგიძლიათ.
- ბევრი კარგი ფორვარდი გვყავს, მაგრამ განსაკუთრებით ბექა გოცირიძის პროგრესია თვალშისაცემი. ამ ბიჭმა ძალიან მოუმატა და ჩემი აზრით, დიდ ფეხბურთს ითამაშებს. ასევე კარგი მონაცემები აქვს ლევან მჭედლიძეს, რომელმაც უკვე სერია A-ში გატანილი გოლით გამოიჩინა თავი.
- თქვენ კიდევ ერთი რეკორდი გეკუთვნით - ეროვნული თასის ფინალში 7-ჯერ გაქვთ მონაწილეობა მიღებული.
- სამჯერ “ტორპედოსთან” ერთად ვიყავი ფინალში და ოთხჯერ “ზესტაფონთან” ერთად. თუ ქუთაისელთა რიგებში მხოლოდ ერთხელ წავაგე ფინალი, “ზესტაფონში” მხოლოდ ერთხელ მოვიგე.
- უკვე იცით რას გააკეთებთ აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ?
- ჯერ არაფერი მაქვს გადაწყვეტილი. სიმართლე გითხრათ, სწორედ მაგ საკითხზე ვფიქრობდი, სანამ დამიკავშირდებოდით. როგორც ვატყობ, დეკემბერში ეს საკითხი ჩემთვის აქტუალური იქნება - აბა, ქუჩაში ხომ არ დავრჩები?!
|