ინტერვიუ ჟილვან გომეს ვიეირასთან.
რა რასიზმი?! ზესტაფონში მეგობრები შევიძინე !
პოლ კესანის განცხადებამ "ზესტაფონი" აღაშფოთა - გაბონის ნაკრების კაპიტანმა, აფრიკის შესარჩევ ჯგუფში თამაშის შემდეგ რამდენიმე საინტერესო წინადადება მიიღო - ჯერ მისით საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბი დაინტერესდა.
სწორედ ამ დროს გადაწყვიტა პოლ კესანიმ, რომელსაც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” 2010 წლამდე მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, საქართველოდან წასვლა. მართალია, ფრანგული ვარიანტი ჩაეშალა, მაგრამ ისრაელში "ჰაპოელ შმონაში" ჩარიცხვის შანსი გაუჩნდა.
ძნელი სათქმელია, ვინ ჩააწვეთა გაბონელს "ზესტაფონთან" კონტრაქტის გაწყვეტის მსგავსი მოტივი, მაგრამ ფაქტია - კესანიმ საქართველოდან წამოსვლის მოტივად რასისტული გამოხდომები დაასახელა.
რას ფიქრობს ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებაზე "ზესტაფონის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ჟილვან ვიეირა, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:
- ჟილვან, პოლ კესანის ამბავზე რა კომენტარს გააკეთებდი?
- მე არ ვიცი კესანი რატომ წავიდა, მაგრამ ზესტაფონში შავკანიანებსა და მეტისებს რომ ერჩიან, ეს ჩემთვის სიახლე იყო.
- შენ გუნდის წევრი ხარ, თავის ატკიება არ გსურს და ალბათ, ამიტომ არც იტყვი, მას შეურაცხყოფას აყენებდნენ თუ არა.
- ვინ აყენებდა შეურაცხყოფას? სისულელეა.
- პირადად შენს მიმართ იყო რასისტული გამოხდომები?
- არა, რა რასისტული! კესანი კესანია, მე კი ვიეირა ვარ, ზესტაფონში მეგობრები მყავს, ფანებს ვუყვარვარ. ეს სისულელე მართლა გჯერათ? მე აქ არანაირი პრობლემა არ მაქვს, დედას ვფიცავარ!
|