13.10.2008

 

 

ინტერვიუ როინ და ნიკა კვასხვაძეებთან.

 

 

 

ძმები კვასხვაძეების გარეშე დღევანდელი "ზესტაფონი" წარმოუდგნელია. როინი 20 წლისაა და უკვე ძირითადის მეკარეობაში კონკურენციას უწევს გამოცდილ გია ჭანტურიას. არის ეროვნული ნაკრების კანდიდატი - ბოლო ერთი წელია, მუდმივად სანაკრებო შეკრების მონაწილეა. ექტორ რაულ კუპერმა "ლოკომოტივის" სტადიონის მასტერკლასზეც მიიწვია.
ძმები ერთმანეთზე, "ზესტაფონზე", ნაკრებებზე და სახალისო ამბებზე საუბრობენ
.

როინ კვასხვაძე - მეკარისგან სიმშვიდეს უნდა მოდიოდეს

- როინ, კუპერის მასტერკლასით დავიწყოთ.
- ძალიან კარგი იდეაა, მომწონს და კარგი იქნება, მომავალშიც თუ ასე გაგრძელდება. ასე ნაკრების ფეხბურთელები ერთმანეთს დავუახლოვდებით, მწვრთნელის მოთხოვნებს უკეთ გავიცნობთ. თვითონ კუპერიც მაინცდამაინც კარგად არ გვიცნობს და ზუსტ წარმოდგენას შეიქმნის, ვინ ვინ არის.
საერთოდ, მსგავსი შეკრება საქართველოს ნაკრების კანდიდატებისთვის, ბოსკამპის შემდეგ, არავის მოუწყვია, საჭირო კი ნამდვილად არის. თვითონ ვარჯიშებიც მომეწონა.
- საქართველოს ჩემპიონატში 18 წლის ბიჭი გათამაშეს - ის, რაც ნორმალურ ლიგაში ძნელია, შენ იოლად გამოგივიდა. ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე გაგიიოლდა თამაში?
- ალბათ, ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე. ეს არაა ევროპული დონის ლიგა, კლასიც შედარებით დაბალია და დებიუტიც უფრო იოლია. უეფას თასზე უნგრეთის "დიორთან" რომ ვითამაშეთ, საკმაოდ გამიჭირდა. "დიორი" გრანდი არაა, მაგრამ კლასი მაინც ეტყობოდა.
თამაში ასე თუ ისე გამომდიოდა, გამოსვლებზე კი გამიჭირდა, ძალიან კარგად აწვდიდნენ. საქართველოში კი გამოსვლებზე თამაში ბევრად იოლია.
- ანუ, ჩვენი პირველობის დაბალი დონის ბრალია, მეკარეები ამ კომპონენტში აშკარად რომ მოიკოჭლებთ?
- დიახ, ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის. საქართველოში არ არის ისეთი თამაშები, გამოსვლებზე ხშირი თამაში რომ იყოს საჭირო. აუტსაიდერებთან შეხვედრისას საქმე თითქმის არ გვაქვს, ზოგჯერ თამაში ისე დამთავრდება, ოფლსაც ვერ მოიდენ, კარში ერთხელ არტყამენ და ძნელია გაიზარდო. ლიდერებთან თამაში სხვა საქმეა, მაგრამ მეკარის გასაზრდელად ბევრი დაძაბული მატჩია საჭირო. აქედან გამომდინარეობს მეკარეთა პრობლემები, რაზეც ასე ბევრს საუბრობენ ბოლო დროს.
მეკარეთა ძლიერი სკოლაც არ გაგვაჩნია, როგორც იტალიას, გერმანიას, რუსეთს, მინდორიც ხელს არ გვიწყობს. მე ზესტაფონის მოედანს არ ვგულისხმობ, იქ ძალიანაც კარგი პირობებია. თუმცა, თბილისში ჩამოსვლის დროს, უმთავრესად, "ნორჩ დინამოელზე" ვვარჯიშობთ - იქ ზოგჯერ ისეთი მაგარი საფარია, ნახტომი, შესაძლოა, ერთი თვის დასვენებად დამიჯდეს.
- ნაკრების მეკარეებში სტაბილურად გიწვევენ და გეცოდინება, რა სჭირს შენს კოლეგებს? მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს მოედანზე კი არა, გამოძახებაზეც ნერვიულობას იწყებთ.
- შეიძლება, ასეც არის.
- რატომ არის მერე ასე?
- ნაკრებში გამოძახება ძალიან სასიხარულოა, საქართველოში ბევრი კარგი მეკარეა და მათ შორის რომ გამომარჩევენ, პატარა საქმე არ არის. თუმცა, მერე ნერვიულობასაც ვიწყებ. სხვათა შორის, სკამზე ჯდომის დროს უფრო ვღელავ, ვიდრე მოედანზე შესვლისას. მოედანზე რომ შევდივარ, დაძაბულობა მეხსნება. მინდა-არმინდაზე არაა დამოკიდებული ეს, თავისთავად თამაში უფრო მამშვიდებს.
- შენზე კი ამბობენ, ცივსისხლიანი მეკარე არის, მაგრამ არც ვიცი, ასეთი ქართველებში კიდევ შემორჩა?
- როგორ არ დარჩა? ჩემს თავს არ ვგულისხმობ, თუმცა, მეც ვცდილობ, მშვიდი ვიყო და ეტყობა, გამომდის.
მეკარეს, უპირველესად, ეს თვისება სჭირდება. მან თუ სიმშვიდე დაკარგა, ჩათვალეთ, რომ ეს მთელ გუნდს გადაედება და გუნდიც აირევა. მეკარე საკვანძო ფიგურაა, ასე მგონია.

 

ნიკა კვასხვაძე: ფეხით როინი ჩემზე უკეთ თამაშობს


"ზესტაფონის" მარჯვენა ნახევარმცველი ისეთი ხალისიანი და ენამოსწრებული რესპოდენტი აღმოჩნდა, ქუთაისელს რომ შეშვენის - ხუმრობს საკუთარ ძმაზე, ნაკრებში მიუწვევლობაზე და საკუთარ თავზე.
- ნიკა, შენი ძმა კარში რომ ჩააყენე და წინ გაიქეცი, არ შეგეცოდა?
- როინი დასაჯეს და გვერდში ხომ არ მივუდგებოდი? დავადე თავი და შეტევაში წავედი. თან ამ დროს მე დამაწინაურეს. ისე, ხუმრობა იქით იყოს და ზოგი ჭირი მართლა მარგებელია. მე კარში როინივით ვერ ვივარგებდი, ის უფრო მოქნილია, მისნაირი ნახტომიც სად მქონდა?
- წინ თამაში კარგია, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე გვარიანი სირბილი არ გეზარებოდა?
- სირბილიც თუ ვერ შევძელი, ფეხბურთს ვინ გამაკარებდა?
- ძმები ერთად "ზესტაფონში" თავს როგორ გრძნობთ?
- მადლობ, კარგად. თამაშის დროს ხშირად ვკამათობთ, მაგრამ ორი ძმა ერთად მაინც დიდი ბედნიერებაა ოჯახისთვის.
- ოჯახი რა შუაშია?
- ოჯახში ორი პრემიის და ორი თასის შეტანა ბედნიერებაა, აბა, რა არის? ოჯახი ხეირობს.
- ხუმრობა იქით იყოს და შენ ძმაზე რას იტყვი?
- ჩემს თვალში მაგარი მეკარეა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში თავს არ ირცხვენს და იმედია, ნაკრებში რომ ითამაშებს, მერეც თამამად გავივლით კვასხვაძეები ქუთაისში.
მე გეტყვით, მისი რაც მომწონს - გამოსვლებითა და ფეხით თამაშში არის პირველი. მისნაირად ფეხით, არა მგონია, კიდევ რომელიმე მეკარე თამაშობდეს. სხვათაშორის, უბანში მინის რომ ვთამაშობთ, მჯობნის. კლასი მაინც ეტყობა. იმიტომ არ ვამბობ, ჩემი ძმა რომ არის, მართლა.
- შარშან "ზესტაფონის" ძირითადში სტაბილურად თამაშობდი, მაგრამ გიორგი ჭეიძის სახით, მგონი, სერიოზული კონკურენტი გამოგიჩნდა.
- გიორგი კარგი მოთამაშეა და თემურ მახარაძემ "სიონთან" ამიტომაც დააყენა. თუმცა, მჯერა, რომ კონკურენციას გავუძლებ და ძირითადში მოსახვედრად ვიბრძოლებ.
- ჩემპიონატის მესამეადგილოსანი და თასის მფლობელი გუნდის ძირითადის წევრი, რამდენჯერმე სიმბოლურშიც დაგასახელეს, მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში ერთხელაც არ გეღირსა. რაც არ უნდა გვითხრა, მაგარი გულნატკენი იქნები.
- ამაში დასამალი არც არაფერია. მაგარი ნაწყენი ვარ და არც ვმალავ. სახლშიც და გუნდშიც ბევრჯერ დაუწყიათ ამაზე ლაპარაკი და მეუბნებიან, რომ თამაშზე არაა ლაპარაკი, შანსი უნდა მოეცათ. თუმცა, თამაშს და შანსს ვინ ჩივის, ერთხელაც არ გამომიძახეს, ერთხელაც კი! შეიძლება, არ ვიმსახურებდი!? რა გითხრათ, მე ვიცი, რომ მაგარი გაბრაზებული ვარ. რადგან მწვრთნელი მენდობა და მათამაშებს, ეტყობა, მთლად ხაზგაგასასმელიც არ ვარ. იქნებ, ერთხელ მაინც გაახსენდეთ ჩემი თავი ...
- იქნებ, სეგრტს არ მოსწონდი?
- რა გითხრათ, სისტემატურად ვთამაშობდი და გოლები და საგოლე გადაცემებიც მრავლად დამიგროვდა და ეს არ მოსწონდა? იქნებ ის, ულვაშები რომ არ მქონდა?
- ჩემპიონატში "ზესტაფონს" ოქროს მოპოვების რა შანსი გააჩნია?
- ვფიქრობ, საკმაოდ კარგი. ჩემპიონატის დაწყებამდე მესმოდა, რომ ყველაზე რეალური კანდიდატები რუსთავის "ოლიმპი", ბოლნისის "სიონი" და თბილისის "ლოკომოტივი" იქნებოდნენ. რატომღაც, ჩვენ და თბილისის "დინამოს" არ გვასახელებდნენ, მაგრამ დაიწყო ჩემპიონატი და ორ გასვლით შეხვედრაში "ოლიმპთა" და "სიონთან" ოთხი ქულა მოვიპოვეთ. ეს ძალიან მაგარი შედეგია და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჩემპიონობის უპირველესი ფავორიტი "ზესტაფონია".


 

მერაბ მამულაშვილიგაზეთი ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005