26.09.2008

 

 

ინტერვიუ როინ კვასხვაძესთან.

 

 

საქართველოს ნაკრებს ყოფილმა მეკარემ აკაკი დევაძემ ერთხელ გვითხრა, ახალი თაობიდან ისეთი ძლიერი ბიჭი მოდის, მალე მეკარის პრობლემები აღარ გვექნება, მე ნამდვილად არ ვიყავი მისნაირად ნიჭიერიო. დევაძე როინ კვასხვაძეზე გვეუბნებოდა - "ზესტაფონის" 19 წლის მეკარეზე, რომელიც უკვე ბევრჯერ მოხვდა ნაკრების გაფართოებულ სიაში, მაგრამ ჯერჯერობით არ უთამაშია. კვასხვაძემ გასული სეზონის მეორე ნახევარში გრიგოლ ჭანტურიას "ზესტაფონის" ძირითადში ადგილი წაართვა, კარგი მატჩები ჩაატარა, თუმც ამ სეზონში ორი ტური მიილია და № 1 ისევ ჭანტურიაა...

- ეროვნულ ნაკრებს ვახლდი თითქმის ორი კვირით, ამასობაში კი, ჭანტურიამ ამხანაგური მატჩები ჩაატარა "ზესტაფონში", ანუ არაფერია გასაკვირი, რომ ჩემპიონატის მატჩებში ის იდგა კარში - გვითხა როინმა.

- 19 წლის ბიჭისთვის კარგიც უნდა იყოს გამოცდილ მეკარესთან კონკურენცია...

- რა თქმა უნდა. კონკურენცია თუ არ არის, ვერც გაიზრდები. უფრო მოტივირებული ვარ.

- როგორც მეკარე, შენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე რას იტყვი?

- ვფიქრობ, რეაქციასა და ფეხით თამაშში უფრო ძლიერი ვარ, აი, გამოსვლაზე კი მოვიკოჭლებ.

- ფეხით თამაში როგორ აითვისე, ბავშვობაში წინ ხომ არ თამაშობდი?

- დიახ. ნახევარმცველი ვიყავი. ვფიქრობ, თანამედროვე ფეხბურთში ფეხით თამაში მეკარეებისთვის დიდი პლუსია, ფაქტობრივად, ლიბერო გამოდიხარ.

- გამოსვლაზე თამაშში წინსვლას თუ გრძნობ?

- ჯერ ყველაფერში მოსამატებელი მაქვს, ყველაფერზე ვვარჯიშობ. გამოსვლაზე კი რა გითხრათ... საქართველოს ჩემპიონატის დონეზე, შესალოა, არც გამიჭირდეს თამაში, მაგრამ ამით არ ვკმაყოფილდები.

- ეგებ, იმიტომაც გიჭირს, რომ მეკარის კვალობაზე არცთუ მაღალი ხარ...

- ახლა უკვე აღარ. 185 სანტიმეტრი ვარ. ედვინ ვან დერ სარის სიმაღლის არ ვარ, მაგრამ დაბალიც არ მეთქმის.

- ცოტა შენს ბავშვობაზეც ვთქვათ. ფეხბურთზე რამდენი წლისა მიხვედი?

- 7 წლის ვიყავი, მე და ჩემი ძმა, ნიკა, ბაბუაჩემის სახელობის სკოლაში მივედით ფეხბურთზე. იქიდან "თბილისში" გადავედი კობა ჟორჟიკაშვილთან, საიდანაც "ზესტაფონში" მოვხვდი.

- რაც აქამდე გითამაშია, შენს საუკეთესო მატჩად რომელს მიიჩნევ?

- 19-წლამდელთა ნაკრებში, შარშან ჰრლანდიასთან 1:2 წავაგეთ, მაგრამ...

- მსოფლიოში ყველაზე მეტად რომელი მეკარე მოგწონს?

- იკერ კასილიასი.

- ალბათ, იცი, რომ ბევრი ეროვნული ნაკრების ძირითადში შენს დაყენებას ემხრობა...

- რას ვიზამ, არა და არ დაადგა საშველი ნაკრებში ჩემ თამაშს. იმედს ჯერ არ ვკარგავ.

- როგორ ფიქრობ, გაუძლებ ნაკრებში ზეწოლას? სხვა დონეა და ჯერ მაინც ახალგაზრდა ხარ...

- როგორ ვთქვა, გავუძლებ-მეთქი, როცა შანსი არ მომცემია. გასაძლები რა არის, უბრალოდ, შესაძლოა, გარკვეული ნერვიულობის მომენტი იყოს, რაც ყველა ფეხბურთელს აქვს და ეს ნორმალურიცაა. თუმცა ხომ ვამბობ, არ გამომიცდია ეს გრძნობა და ვერაფერს ვიტყვი.

- გუშინწინ ექტორ რაულ კუპერმა ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ნაკრების კანდიდატები ავარჯიშა და შენც მათ შორის იყავი. რამდენად სასარგებლო ვარჯიში იყო?

- ძალიან კარგია, რომ მწვრთნელი ასე გულიანად შეუდგა საქმეს. კუპერი ნამდვილი პროფესიონალია, ამასთან, ძალიან მონდომებულია და ვფიქრობ, ეს თამაშებზე აისახება კიდეც.

- და ბოლოს, "ზესტაფონზე": შენი აზრით, ჩემპიონობის ფავორიტები ხართ?

- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფავორიტი ვართ, რაც განვლილმა ორმა მატჩმაც გამოაჩინა. ბოლნისში მოგება იოლი არაა. "ზესტაფონს" ყოველთვის დიდი ამბიციები აქვს.

- კუპერს პირადად ხომ არ უთქვამს, კვიპროსსა და ბულგარეთთან მატჩებისთვის მოემზადეო?

- არა, ასეთი პირადული საუბარი არ ყოფილა, მაგრამ იმედით ველი ამ თამაშებს.



ილია ნანობაშვილი ,"სარბიელი"

   
FC ZESTAFONI © 2005