სტუმრობა ბოლნისში.
21 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ბოლნისში ესტუმრა საქართველოს 2006 წლის ჩემპიონს, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”სიონს” ...
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს შეეძლოთ მატჩში გამარჯვების მოპოვება, ყველაფერი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი ხიდეშელის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა-ზესტაფონელთა გამარჯვება პრინციპულ მეტოქესთან გასვლით შეხვედრაში - 1-0.
აღსანიშნავია, რომ იმერლებთან მატჩი ბოლნისელთათვის გახლდათ მე-400-ე შეხვედრა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
სიონს ხიდი ბოლოს ჩაუტყდა
ტურის მთავარი მატჩი იყო და თამაშმა ნაღდად გაამართლა. ჩვენს ჩემპიონატში, სამწუხაროდ, დაბალტემპიანი და უინტერესო მატჩები უფრო მეტია ხოლმე, მაგრამ გუშინ ბოლნისში თვალსასეირო ფეხბურთი ვიხილეთ. ორივე გუნდმა სული და გული ჩააქსოვა სასურველი შედეგის მისაღწევად.
რა თქმა უნდა, მატჩს დაესწრო საქართველოს ეროვნული ნაკრების არგენტინელი თავკაცი ექტორ რაულ კუპერი და ვფიქრობთ, უკმაყოფილო არ დარჩებოდა. შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმაც უყურა.
მთელი 90 წუთის განმავლობაში ორივე გუნდმა სწრაფი ტემპი შემოგვთავაზა. პირველი სახიფათო მომენტი სტუმრების კართან შეიქმნა - საჯარიმოსთან ახლოს სულიკო დავითაშვილი წააქციეს. ჯარიმა ალექსანდრე კოშკაძემ დაარტყა, მაგრამ ცოცხალ კედელს ვერ ააცილა.
მოედნის ყველა მონაკვეთზე ბურთისთვის ფიცხელი ბრძოლა იყო. ფეხბურთელები სიხისტესაც არ ერიდებოდნენ.
გელა ხუბუას პასის მერე მარცხნიდან დავითაშვილი შეიჭრა საჯარიმოში, კარშიც დაარტყა, თუმცა გრიგოლ ჭანტურიამ არ გაატანინა.
მალე "ზესტაფონის" ჯერიც დადგა. ბრაზილიელმა ჟილვან ვიერამ მარცხენა ფრთიდან მარჯვნივ გადაინაცვლა და ერთ წუთში გატანის უარეალურესი შანსი მიეცა - იმერულ კლუბში ახლახან დაბრუნებულმა გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძემ გონივრული გადაცემა გააკეთა და ვიეირა მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა მან კარს ვერ დაუმიზნა.
იმავ ჟილვან ვიერამ მარცხენა ფრთაზე ჩაიშხუილა და ჩააწოდა კიდეც - გიორგი ჭელიძემ მიიღო, თუმც მერე მცველებმა ითამაშეს ყურადღებით და მდგომარეობა განმუხტეს.
"სიონის" ყოფილი ლეგიონერები, ბოიომო ფრიდოლინი და ერიკ რომეო ჩასემი განსაკუთრებულად მონდომებულები ჩანდნენ, ერთ ეპიზოდში ფრიდოლინმა უხეშად ითამაშა და ყვითელიც მიიღო, ტაიმის დასასრულისკენ კი ჩასემმა შორიდან სცადა გატანა, მაგრამ კარს ააცილა.
მეორე ნახევარი გუნდებმა იგივე შემადგენლობებით დაიწყეს, თუმცა "სიონის" მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ მალევე გააკეთა შეცვლები.
51-ე წუთზე უჩა ლობჟანიძემ დაკარგა ბურთი და მასპინძლებს შეტევის კარგი საშუალება მიეცათ. ზაზა ჭელიძემ გელა ხუბუას უპასა, მან საჯარიმოში რევაზ გოცირიძე მოძებნა, თუმც თავდამსხმელს "ზესტაფონის" მეკარე ჩაუხტა ფეხებში და გუნდი გოლს გადაარჩინა.
სამ წუთში ჩასემს შეეძლო ყოფილი თანაგუნდელის დამწუხრება. კამერუნელმა ბექა გოცირიძისგან მიიღო გადაცემა, დაამუშავა და კარშიც დაარტყა, მაგრამ დავით სვანიძე გადაეღობა და მასპინძლები გადარჩნენ.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა სანდრო იაშვილი, რომელიც შემოსვლიდან რამდენიმე წამში ფრიდოლინიმ წააქცია. სანდრომ თავისი ფიცხი ხასიათი გამოავლინა, კამერუნელისკენ გაიწია, თუმც მალევე დააშოშმინეს.
ბოლნისელებმა საჯარიმოში დაიწყეს მაღალი გადაცემების ჩაწოდება, იაშვილიც საჰაერო ორთაბრძოლებში რამდენჯერმე გამარჯვებული დარჩა, მაგრამ ამან ხეირი ვერ მოიტანა.
თამაში დასასრულისკენ მიდიოდა და დაძაბულობამაც იმატა. 82-ე წუთზე კი შეცვლაზე შესული გიორგი ჩივაძე არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ აშკარად დაინდო - ჩასემი და ჩივაძე წაკინკლავდნენ და ბოლნისელმა ხელი ჩაარტყა სახეში - კამერუნელი მინდორზე გაიშხლართა. როცა წამოდგა, კვარაცხელიამ ორივეს ყვითელი უჩვენა, არადა, ჩივაძე გაძევებას იმსახურებდა.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ ლაინსმეინმა სერგო სპიცინმა ორივე გუნდის გულისწყრომა დაიმსახურა - რამდენიმე ეპიზოდში აუტი არასწორად მიუთითა.
შეცვლები გააკეთა თემურ მახარაძემაც და, უნდა ითქვას, რომ ამან შედეგზე იმოქმედა - ნიკა კვასხვაძე აქტიურად ჩაერთო თამაშში და მარჯვენა ფრთაზე მდგომარეობა გაამწვავა; შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე კი გიორგი ხიდეშელი გამოჩნდა.
90-ე წუთი იყო, კვასხვაძეს მაისურზე დაქაჩეს და ჯარიმა დაინიშნა. იმერლებიდან უდავოდ საუკეთესო ვიეირამ ჭკვიანურად ჩააწოდა, ბურთი მცველებს შორის გაძვრა და მინდია ბობღიაშვილმა უხერხულად მოიგერია. იქვე გაჩნდა ხიდეშელი და გამარჯვების გოლიც გაიტანა.
ნუკრი ლოლაძე, ”სარბიელი”
|