გამარჯვება განახლებულ სტადიონზე

25 სექტემბერს ოთხთვიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიხსნა ზესტაფონის განახლებული სტადიონი. ამ დღეს გამართულ მატჩში საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონის’’ მეტოქე გახლდათ უმაღლესი ლიგის დებიუტანტი თბილისის ,,სპარტაკი’’, რომელსაც ხელმძღვანელობს გამოჩენილი ქართველი მწვრთნელი გიგლა იმნაძე. მატჩს წინ უძღოდა საქართველოს მე-17 ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი. გუნდების კაპიტნებმა: ზესტაფონელმა კახაბერ ჩხეტიანმა და თბილისელმა აკაკი დევაძემ ეროვნული ჰიმნის თანხლებით აღმართეს საქართველოს სახელმწიფო დროშა.

ერთ სიამოვნებად ღირდა ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი მინდვრის ხილვა. საზეიმო განწყობას აძლიერებდა ისიც, რომ ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნები გადაჭედილი იყო მაყურებლებით.

8 ათასამდე მაყურებელი გახდა მონაწილე და მოწმე იმ ზეიმისა, რომელიც მოეწყო იმ კვირა დღეს ზესტაფონში.

გაისმა მსაჯის, მთავარი არბიტრის, გიორგი ვადაჭკორიას სასტვენის ხმა და დიდი ფეხბურთი დაბრუნდა ზესტაფონში.

პირველივე წუთებიდანვე ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ. არაჩვეულებრივი მომენტები ჰქონდათ გრიგოლ იმედაძეს, ბექა გოცირიძეს, ზურაბ ძამსაშვილს, მგრამ გარკვეულ მომენტამდე ზესტაფონლები მოიკოჭლებდნენ სახიფათო მომენტების რეალიზაციაში.

ბოლოს ზესტაფონლებმა ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხეს. ეს მოხდა შეხვედრის 38-ე წუთზე, მაშინ, როდესაც მასპინძლებმა კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ გაითამაშეს ლამაზი კომბინაცია. მისი ბოლო აკორდი ჩვენი გუნდის ნორჩ, 17 წლის მცველს, გიორგი ხიდაშელს ეკუთვნოდა. უზომო იყო მასპინძელთა და მათი ქომაგების სიხარული.

შეხვედრის მეორე ტაიმი წარიმართა მოწინააღმდეგეთა გარდამავალი უპირატესობით, თუმცა საბოლოო შედეგი - 1:0, აღარ შცვლილა.

* * *

მატჩის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა, ბატონმა გიგლა იმნაძემ ვერ დამალა აღტაცება ზესტაფონში არსებული საფეხბურთო ბუმით, არაჩვეულებრივი სტადიონით, გულშემატკივართა კორექტულობით და ობიექტურობით და მიულოცა მასპინძლებს დამსახურებული გამარჯვება.

ამის შემდეგ პრესკონფერენციამ მიიღო მცირე, ასე ვთქვათ, მიტინგის სახე. საფეხბურთო კლუბ ,, ზესტაფონის’’ გულშემატკივრები გამოთქვამდნენ სამართლიან გულისწყრომას უკანასკნელ პერიოდში მედიაში ატეხილ ბინძურ კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც წამოწყებულია საფეხბურთო კლუბ თბილისის ,,დინამოს’’ მესვეურთა და ატაცებულია მთელი რიგი საინფორმაციო საშუალებების მიერ.

ზესტაფონელმა გუშემატკივრებმა დააფიქსირეს თავისი მტკიცე პოზიცია, რომელიც გამოიხატება შემდეგში: ზესტაფონის საფეხბურთო საზოგადოებრიობა მხარს უჭერს საფეხბურთო კლუბ ,, ზესტაფონისა’’ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ფეხბურთის დღევანდელი სტაგნაციიდან გამოყვანას.

გაზეთი ”ქართული შენადნობი”
   
FC ZESTAFONI © 2005