ინტერვიუ უჩა ლობჟანიძესთან.
უჩა ლობჟანიძე: მაინცის ინტერესზე არაფერი გამიგია ...
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბევრი პერსპექტიული ფეხბურთელი თამაშობს და ერთ-ერთია "ზესტაფონის" მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე, ვინც უკვე ნაკრების წევრად ითვლება. სწორედ სანაკრებო თემით დაიწყო ჩვენი საუბარი და მერე ჩემპიონატზეც ვთქვით...
- ელოდი, რომ ნაკრებში ისევ გამოგიძახებდნენ?
- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. ახალგაზრდულ ნაკრებში ჩავატარე რამდენიმე მატჩი და ჩემდა სასიხარულოდ, ამის შემდეგ ეროვნულ გუნდში სისტემატურად მიწვევენ.
- ირლანდია-იტალიასთან ბოლო ორი მატჩი შეუცვლელად ითამაშე. როგორ შეაფასებდი საკუთარ თამაშს?
- ჩემი მხრიდან არ არის გამართლებული ამის შეფასება. ისე, უკეთესადაც შემეძლო. თავიდან ვღელავდი, მერე ამან გამიარა და ნელ-ნელა თავდაჯერებაც შევიძინე. სასწავლი ბევრი მაქვს და მჯერა, მომდევნო მატჩებს უკეთ ჩავატარებ.
- შევიტყვეთ, რომ ირლანდიური მატჩის შემდეგ თქვენი თამაშით გერმანული "მაინცის" სელექციონერები დაინტერესდნენ...
- ვერაფერს გეტყვით. ისე კი, სასიამოვნო ფაქტია.
- როგორ დაახასიათებ ექტორ რაულ კუპერს?
- კუპერი რომ მაღალი დონის სპეციალისტია, ორი აზრი არ არსებობს. მან კარგად იცის თავისი საქმე, იმედია, საქართველოს ნაკრებს მალე დაატყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, ნაკრები მომდევნო მატჩებს უფრო დალაგებულად ჩაატარებს და წარმატებაც აუცილებლად მოვა.
- ეროვნულ ჩემპიონატში ერთი ტური ჩატარდა. ამა თუ იმ გუნდის შესაძლებლობებზე დასკვნების გაკეთება ნაადრევია, მაგრამ შენი აზრით, ვინ გახდება ჩემპიონი?
- რამდენიმე გუნდი საკმაოდ გაძლიერდა სეზონის წინ. თუნდაც "სიონი" და "ოლიმპი" ავიღოთ. ამას გაგრელთა სენსაციური გამარჯვებაც დავუმატოთ "დინამოსთან" და ვფიქრობ, საინტერესო ჩემპიონატი გველის. მაინც მე მჯერა, რომ ჩემპიონი "ზესტაფონი" გახდება.
- როგორც ყველა, ალბათ შენც გინდა უცხოურ კლუბში გადასვლა...
- რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ითამაშოს დიდი ფეხბურთი და რომელიმე ძლიერ ევროპულ კლუბში ჩაირიცხოს. ვფიქრობ, ჩემი შესაძლებლობები არ ამომიწურავს. ჩვენს ჩემპიონატშიც ბევრი მაქვს სასწავლ-დასამტკიცებელი, არ მინდა, უცხოურ კლუბში სათადარიგოთა სკამზე ვიჯდე, ან განათხოვრებით კლუბებში ვიარო. მოვემზადები და მერე წავალ.
|