”ზესტაფონი” თასის მეოთხედფინალშია.
17 აგვისტოს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგის” თასის გათამაშების განმეორებითი მერვედფინალური მატჩები. თასის მოქმედი მფლობელი, პირველ შეხვედრაში დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, საჩხერეში ადგილობრივ ”ჩიხურას” ესტუმრა.
ზემოიმერული გუნდების შეხვედრა, რომელიც საჩხერის ცენტრალური სტადიონის უხარისხო მინდორზე გაიმართა, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, შეხვედრის ბედი კი საჩხერელი მირიან მიქაძის მიერ 62-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა - 1-0.
აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზა გიორგი ჭელიძემ, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნაწილი საიჯარო შეთანხმების საფუძველზე სხვა კლუბში გაატარა, ახლა კი საკუთარ გუნდს დაუბრუნდა.
|
17/09/2008 - ”ჩიხურა” (საჩხერე) 1 - 0 ”ზესტაფონი” |
დაწვრილებით: |
ზესტაფონს საჩხერეში მიზანი გაუმრუდდა
ამ წყვილში რომ "ზესტაფონი" ფავორიტი იქნებოდა, ეჭვი არავის ეპარებოდა, თანაც ზესტაფონში ფეროელებმა ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანეს სტუმრებს.
ერთადერთი მოტივაცია კი ამ მატჩში ის იყო, რომ საჩხერელებს თავის სტადიონზე ღირსეულად ეთამაშა, რაც ნაწილობრივ გამოუვიდა.
"ზესტაფონი" გადახალისებული შემადგენლობით ეთამაშა მასპინძლებს. პირველი სახიფათო მომენტი "ჩიხურამ" შექმნა მე-2 წუთზე, როგავა შეყოვნდა, რითაც ისარგებლა როინ კვასხვაძემ და განმუხტა მომენტი.
მე-7 წუთზე ზურაბ იონანიძემ კარგად შენიშნა მურთაზ დაუშვილი, თუმცა მას დარტყმა არ გამოუვიდა...
მე-18 წუთზე ალექსი ბენაშვილმა იაქტიურა მარჯვენა ფრთაზე, კარგი გადაცემა გაუკეთა საჯარიმოში გიორგი ხიდეშელს, მაგრამ კვლავ უზუსტობა...
მერე საჩხერელებსაც შეეძლოთ გატანა - არმაზ დოღონაძე ურტყამდა მახვილი კუთხიდან და კვასხვაძემ ფეხით მოახერხა ბურთის მოგერიება. 32-ე წუთზე კი "ზესტაფონში" დაბრუნებული გიორგი ჭელიძე გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და მასაც უღალატა სიზუსტემ.
50-ე წუთზე ბენაშვილის ჩაწოდებას კამერუნელი მცველი ბოიომო ფრიდოლინი გამოეხმაურა - ბურთი ოდნავ ასცდა კარს.
57-ე წუთზე ცენტრში უწყინარ სიტუაციაში შეცდნენ სტუმრები. როგავა მეკარესთან პირისპირ გავიდა და...
აქედან ექვს წუთში მატჩის ერთადერთი გოლიც ვნახეთ: საჯარიმოსთან შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა მირიან მიქაძემ, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულს პირველი დარტყმა კვასხვაძემ აუღო, დამატებაზე ისევ მირიანმა იყოჩაღა და სტადიონზე მისული მცირერიცხოვანი გულშემატკივარი გაახარა - 1:0.
თამაშის ბოლოსკენ ზესტაფონელები გააქტიურდნენ. 83-ე წუთზე ნიკა კვასხვაძემ კარგად ითამაშა მარჯვენა ფრთაზე, ინდივიდუალური ოსტატობით გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ დარტყმა გამოუვიდა ძალიან უხეირო.
მალევე ხიდეშელმა მოსინჯა შალვა დოღაძის საიმედოობა. ბოლო წუთზე კი გიორგი ჭელიძე ურტყამდა 2-3 მეტრიდან და მეკარეს ვეღარ აჯობა.
ბეჟან ჩხეიძე ზესტაფონიდან, "სარბიელი"
|