14.09.2008

 

მეოცე ეროვნული ჩემპიონატის სტარტი.

 

2008 წლის 13 სექტემბერს სტარტი აიღო საქართველოს მეოცე ეროვნულმა პირველობამ ფეხბურთში. 14 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ახალი სეზონის პირველი შეხვედრა გამართა რუსთავში ადგილობრივი ”ოლიმპის” წინააღმდეგ.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს შეეძლოთ მატჩში გამარჯვების მოპოვება, თუმცა, საბოლოოდ ეროვნული თასის მფლობელების სასტარტო შეხვედრა უგოლოდ, 0 - 0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ
თემურ მახარაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “ისეთი თამაში იყო, შეიძლებოდა ნებისმიერი შედეგი დაფიქსირებულიყო. “ოლიმპთან” რუსთავში ფრედ თამაში ურიგო შედეგი ნამდვილად არაა. ჩვენ თამაშზე დიდი გავლენა იქონია იმან, რომ 6 ფეხბურთელი სხვადასხვა ნაკრებში გვყავდა წარგზავნილი და ბიჭები გადაღლილები დაგვიბრუნდნენ. თანაც, როცა ორი კვირა არა ხარ გუნდთან, მერე ცოტა ჭირს ადაპტაცია.
პირველ ტაიმში იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია და მერე აღარ გავრისკე ზურაბ იონანიძის გამოყვანა – ასეთ შეხვედრაში სამი თავდამსხმელით თამაში, ზედმეტი ფუფუნებაა”. 
ხვიჩა ქასრაშვილი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “თანაბარი თამაში იყო, მაგრამ სამი ქულის მოპოვება ჩვენ უფრო შეგვეძლო – ფეიქრიშვილს ჰქონდა ჩინებული შანსი და არ გაგვიმართლა. შარშან “ზესტაფონმა” ოთხივე თამაში (ჩემპიონატზე და თასზე) მოუგო “ოლიმპს”, იმ გუნდიდან თითქმის აღარავინაა ჩვენთან, მაგრამ გარკვეული მოტივაცია ნამდვილად ჰქონდათ ბიჭებს” (www.msofsport.com).

 

ფრე მოედანზე და ოთახში: ოლიმპი: შენ საუკეთესო ხარ! ზესტაფონი: შენ საუკეთესო ხარ!

საქართველოს მე-20 ეროვნული ჩემპიონატი რუსთავში ჩვენი ქვეყნის ჰიმნით გაიხსნა - გუნდის კაპიტნებმა, მირზა მერლანმა და გია ჭანტურიამ ერთად აღმართეს ქვეყნის დროშა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტურის ცენტრალურ მატჩს დაესწრო საქართველოს ეროვნული ნაკრების არგენტინელი თავკაცი ექტორ რაულ კუპერი. მასთან ერთად შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმაც ადევნა თვალყური.

კუპერს მთელი მატჩის განმავლობაში ჰქონდა კალამი მომარჯვებული და რაღაცებს ინიშნავდა.

ორივე გუნდმა თამაში ერთნაირი სქემით, 4-5-1-ით დაიწყო.

რუსთაველთა განლაგება ასეთი გახლდათ: მარჯვენა მცველი თემურ ღონღაძე, ცენტრალური მცველები - ერნესტ აკუასაგა და ნოდარ მაჭავარიანი, მარცხნიდან აქვსენტი გილაური, ნახევარდაცვაში მარჯვნიდან გიორგი სეთურიძე, მარცხნიდან - გიორგი ფეიქრიშვილი, შუაში კი სამნი იყვნენ - დენის დობროვოლსკი, გიორგი გაბიდაური და ოდნავ მათ წინ შოთა ბაბუნაშვილი. თავდასხმაში კი გიორგი მეგრელაძე ირჯებოდა.

"ზესტაფონი" კი ასე განლაგდა: მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე, შუაში ბოიომო ფრიდოლინი და სევასტი თოდუა, მარცხნიდან როინ ონიანი. ნახევარმცველები - მარჯვნივ ნიკა კვასხვაძე, შუაში ბუბა დაუშვილი, ვაჟა ლომაშვილი და ერიკ რომეო ჩასემი, მარცხნიდან - ჟილვან ვიეირა, თავდამსხმელი - ნიკა გელაშვილი.

პირველ ნახევარში ოდნავ უკეთესი შთაბეჭდილება "ოლიმპმა" დატოვა, მოედნის ცენტრში უპირატესობას ფლობდა და ამის გამო ადრეული შეცვლა გააკეთა თემურ მახარაძემ - ლომაშვილი ბექა გოცირიძით შეცვალა.

მოგეხსენებათ, ამ გუნდებს ჩემპიონობის სერიოზული ამბიცია აქვთ და ორივე ძალიან ფრთხილობდა. ძალიან ცოტა სახიფათო მომენტი შეიქმნა 90 წუთის განმავლობაში, საგოლე მომენტი კი მხოლოდ ერთი იყო, ისიც მეორე ტაიმის 57-ე წუთზე - უჩა ლობჟანიძემ უხეში შეცდომა დაუშვა და ფეიქრიშვილს გატანის ნაღდი შანსი მიეცა, მეკარეს კი გადაავლო ბურთი თავზე, მაგრამ ხარიხას გაარტყა და ზესტაფონის მცველებმაც განმუხტეს სიტუაცია.

მაღალი ტემპი ნამდვილად არ იყო, თუმც მატჩს მოსაწყენი არ ეთქმოდა. ფეხბურთელები საკმაოდ ბევრს იბრძოდნენ და სიხისტესაც არ ერიდებოდნენ.

რამდენიმე ეპიზოდში რუსთაველთა სამწვრთნელო შტაბი მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა და ლევან ფანიაშვილმა მათ ორჯერ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

თავად ქასრაშვილმაც მიიღო საყვედური - გიორგი დეკანოსიძე რომ გამოცვალა, ფეხბურთელმა უკმაყოფილება ვერ დამალა, თუმც სიტუაცია აღარ გამწვავებულა.

ნამატჩევს კუპერს ვთხოვეთ, შთაბეჭდილება გაეზიარებინა, მაგრამ უარი მივიღეთ.

თემურ მახარაძე: ძნელი თამაში რომ გველოდა, ვიცოდით. "ოლიმპი" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. პირველ ტაიმში მოწინააღმდეგემ გვაჯობა, მეორეში კი თამაში გამოვასწორეთ. ისეთი თამაში იყო, რომ მოგებაც შეგვეძლო და წაგებაც. ისიცაა, რომ სანაკრებო მატჩების გამო 6 ფეხბურთელი ჩვენთან ერთად ვერ მოემზადა და ესეც გასათვალისწინებელია.

ხვიჩა ქასრაშვილი: "ზესტაფონი" საქართველოში ყველაზე უკეთესი თუ არა, ერთ-ერთი მათგანი მაინცაა. ძალიან მძიმე მატჩი გვქონდა. შემადგენლობის მხრივაც იყო პრობლემები, ტრავმის გამო არ გვყავდა გიორგი ონიანი, დილით ჩამოვიდა გაბონელი ერნესტ აკუასაგა და მისი თამაშიც მატჩის წინ გადავწყვიტეთ, მეგრელაძემ ტრავმიანმა ითამაშა. ჩემი კოლეგის თქმის არ იყოს, მოგებაც შეიძლებოდა და წაგებაც.

ნუკრი ლოლაძე რუსთავიდან, "სარბიელი"


14/09/2008- “ოლიმპი” (რუსთავი) 0-0 ”ზესტაფონი”

დაწვრილებით:

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005