06.09.2008

 

 

ინტერვიუ თემურ მახარაძესთან.

 

 

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი”, პროვინციაში შექმნილი დღეგრძელი გუნდის კლასიკურ მაგალითად გამოდგება. სწორად წარმოებულმა საკლუბო მენეჯმენტმა დაამტკიცა, რომ ფულის მხარჯველს, ფეხბურთში დიდი თანხების ინვესტირება უღირს. 2004 წელს დაარსებული “ზესტაფონი” ჩემპიონატში ხუთეულს არ ჩამოცილებია, ეროვნული თასის ფინალში კი ოთხჯერ გავიდა (საიდანაც, მხოლოდ ბოლო ცდაზე შეძლო სანუკვარი ჯილდოს დაუფლება). მთელი ამ ხნის განმავლობაში (მცირედი “შესვენებით”) იმერულ გუნდს სათავეში თემურ მახარაძე უდგას - სპეციალისტი, რომელსაც ბოლო შვიდი სეზონია ან თასის ფინალში გაჰყავს საწვრთნელი ობიექტი, ან “ოქროს მატჩში” სათამაშოდ. ამ შვიდწლიან სერიაში თვალშისაცემი ისაა, რომ მახარაძემ მხოლოდ პირველი და ბოლო ფინალის მოგება შეძლო.
“მსოფლიო სპორტთან” საუბარში “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი დამდეგი სეზონისთვის გუნდის მზადების ეტაპებსა და სამომავლო სტრატეგიას შეეხო.

- როგორც თასის მფლობელებმა, უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება საკმაოდ ადრე დავიწყეთ - 5 ივნისს შევიკრიბეთ და ბაკურიანში გავემგზავრეთ, შემდეგ მზადება ურეკში გავაგრძელეთ, თურქეთში, კერძოდ ანკარაშიც ვიყავით. ამასობაში, უეფას თასის მატჩებმაც მოგვიწია, სადაც ჩვენი მეტოქე უნგრული “დიორი” იყო.
უნდა ავღნიშნო, რომ მზადების დაწყებამდე გამოგვაკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი - აკუასაგა, კესანი, ბიტოო, ხიდეშელი, ბენაშვილი. უნგრეთში თამაშისას ჩვენს სათადარიგოთა სკამზე 1989 წელს დაბადებული 4 ფეხბურთელი იჯდა. უეფას თასზე მარცხის (1:1, 1:2) შემდეგ კი დაგვიბრუნდა ხიდეშელი, ბენაშვილი, დავიმატეთ ბოიომო და ჩასემი.
- გუნდში გაბონელების (აკუასაგა, კესანი, ბიტოო) დაბრუნების იმედი კიდევ აქვთ?
- შინმოუსვლელები ხომ გაგიგიათ, ესენი ჩვენი შინმოუსვლელები არიან. 
- სეზონისთვის “ზესტაფონი” პრაქტიკულად დაკომპლექტებული გყავთ, კიდევ ხომ არ აპირებთ ვინმეს დამატებას?
- ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა აღარ არსებობს. ის კი არადა, საჭირო რომ გახდეს, ორი სრულფასოვანი გუნდის გამოყვანა შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ, ორივე მათგანი კარგ შედეგს აჩვენებს.
- გუნდის დამფინანსებელი ისევ ფეროშენადნობი ქარხანაა?
- დიახ, ჩვენი გენერალური სპონსორი “ფეროა”, პრეზიდენტი კი ილია კოკაია.
- სპორტულ მიზნებს რაც შეეხება, ისინი თქვენს მუშაობაზეა დამოკიდებული. რა მიზანს ისახავთ წელს?
- ჩვენი მიზანი ყოველთვის იქნება მოწინავეთა შორის ყოფნა - ე.ი. ერთ-ერთ ევროტურნირზე თამაშის უფლების მოპოვება. რაც ყველაზე მთავარია, გვინდა, ქართული ფეხბურთის შენებაში სერიოზული წვლილი შევიტანოთ. მოგეხსენებათ, აქაური პრობლემები - ფეხბურთის სათამაშოდ აქ დარჩენა არავის უნდა, ყველა საზღვარგარეთ გარბის. ჩვენ კი აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდაზე გვაქვს გადატანილი, რომლებიც საქართველოს ნაკრებ გუნდებს დააკომპლექტებენ. რა თქმა უნდა, მათ გვერდში გამოცდილებიც უნდა იყვნენ, რომლებიც ახალგაზრდებს თავიანთ ცოდნას გაუზიარებენ. ამის კარგი მაგალითი ზურაბ იონანიძეა.
- ზესტაფონში არც სავარჯიშო ინფრასტრუქტურის უქონლობას უნდა უჩიოდეთ.
- გვინდა ავაშენოთ თანამედროვე საწვრთნელი ბაზა, მაგრამ გარკვეული პრობლემები შეგვექმნა ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით. ვითხოვთ გუნდს გადმოეცეს სათამაშო სტადიონი, რომელიც დღესაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ბუნებრივია, როცა იგი კლუბის მფლობელობაში გადმოვა, ინვესტორი მისი რეკონსტრუქციისთვის თამამად გაიღებს ხარჯებს. კომპლექსი, რომლის ამოქმედებას კლუბის ხელმძღვანელობა გეგმავს, აღჭურვილი იქნება საცურაო აუზით, ტრენაჟორებითა და  სარეაბილიტაციო ცენტრით.
- უკვე რამდენი წელია ქართულ ფეხბურთს ემსახურებით. გვითხარით, რა არის თქვენი საფეხბურთო დღეგრძელობის საიდუმლო.
- 30 წელია, რაც ქართულ ფეხბურთში ვმოღვაწეობ. აქედან 6 წელი ბავშვთა აღზრდას მოვანდომე. სხვათა შორის, გლდანის სპორტულ სკოლაში მუშაობისას (1984-90 წლები) ჩემს ხელში გაიზარდა თემურ ქეცბაია. დანარჩენი პერიოდი, სულ უმაღლესი ლიგის გუნდებში ვარ და მხოლოდ მთავარ მწვრთნელად. მოკლედ, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი საფეხბურთო დღეგრძელობის მიზეზი გამოცდილება და შედეგია.  


ფრიდონ კერვალიშვილი, www.msofsport.com

   
FC ZESTAFONI © 2005