ინტერვიუ ჟილვან გომეს ვიეირასთან.
თუ ნაკრებში მიმიწვევენ, მზად ვარ, დავილაპარაკოთ
საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა მთელი მსოფლიო შესძრა. რუსული არმიის ნაწილი ისევ რჩება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ მათი აქ ყოფნის დღეები დათვლილია.
ქართული ფეხბურთიც ნელ-ნელა იღვიძებს. "ზესტაფონის" ბრაზილიელი მოთამაშეები - ჟილვან ვიეირა, ედსონ სანტოსი და ჟონატას ტორესი - ომიანობისას სარფში წავიდნენ და რამდენიმე დღეა, რაც გუნდს დაუბრუნდნენ. ვიეირამ 30 აგვისტოს სათასო მატჩშიც ითამაშა და გუშინაც, როცა ჭიათურის ”მაღაროელს” გაეჯიბრნენ ამხანაგურად. იმერელთა მარცხენა ფლანგელს ნამაჩტევს გავესაუბრეთ...
- უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ რუსეთი საქრთველოს უსამართლოდ ექცევა. რუსული ჯარის მოქმედებები მხოლოდ უარყოფით ემოციებს იწვევს. მინდა, იცოდეს ქართველმა ხალხმა, რომ მიყვარს საქართველო და ქართველები.
- რამდენიმე დღე სარფში იყავით. სამშობლოში რატომ არ წახვედით?
- მეც, სანტოსსაც და ტორესსაც გვირეკავდნენ ოჯახის წევრები და გვთხოვდნენ, ბრაზილიაში დავბრუნებულიყავით, მაგრამ გვჯეროდა, რომ სიტუაცია მალე დაწყნარდებოდა. სხვათაშორის, ბრაზილიელმა ჟურნალისტებმაც დამირეკეს და საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე მკითხეს. ისინიც შეწუხებულები იყვნენ აქაური არეულობით.
- სარფში თუ ვარჯიშობდით?
- მსუბუქად, ბურთთან ერთად.
- კულუარული ინფორმაცია გვაქვს, რომ შესაძლოა საქრთველოს ნაკრებში თამაში შემოგთავაზონ. ასეთი წინადადება რომ მიიღოთ, დათანხმდებით?
- სიმართლე გითხრათ, პირველად მესმის. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, თუ ასეთი დაინტერესებაა ჩემს მიმართ. სასაუბროდ მზად ვარ, სხვას ვერაფერს გეტყვით.
- იძულებითი პაუზის მერე ”ზესტაფონმა” ორი მატჩი გამართა. ალბათ, გუნდს ეტყობა გაცდენილი დროის კვალი.
- რა თქმა უნდა, ეს თვალშისაცემია, თუმცა, მთელი გუნდი ახლა მაქსიმალურად არის მობილიზებული და ჩემპიონატს კარგ ფორმაში უნდა შევხვდეთ.
|