ახალწვეული . ინტერვიუ გიორგი ხიდეშელთან . ვისწავლი და თან შევეჯიბრები

მისმა გვარმა პირველად , ხმამაღლა მაშინ გაიჟღერა , როცა ჩვენი ქვეყნის ცხრამეტწლამდელთა გუნდი იტალიაში , ლინიანოს ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობისთვის ემზადებოდა . მეორედ მაშინ , როცა " ზესტაფონმა " " თბილისის " 3 ფეხბურთელი წაიყვანა ... იმ სამეულში გიორგი ხიდეშელიც იყო . მან უკრაინელებისა და დანიელების წინააღმდეგ ახალგაზრდული ნაკრების რიგებში იასპარეზა , მერე კი ტალინში 19 წლამდე ჭაბუკთა შორის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა .

ამჟამად კი გიორგი ხიდეშელი ეროვნულ გუნდშია გამოძახებული . ნაკრების დებიუტანტს გუშინ შევხვდით და რამდენიმე კითხვით მივმართეთ .

- იანვარში 17 წლის გავხდი , წარმოშობით რაჭველი ვარ და " ზესტაფონამდე " " თბილისში " ვასპარეზობდი . ამპლუით მცველი ვარ . უკანა ხაზზე შუაში და მარცხნივ შემიძლია თამაში . ისე კი ლინიანოს ოლიმპიურ ფესტივალში წარმატებული გამოსვლის შემდეგ დაიწყო ჩემი აღმასვლა . მას მერე ახალგაზრდულ ნაკრებშიც მოვსინჯე ძალები , მერე ტალინში , 19 წლამდე ჭაბუკთა შორის გამართულ შესარჩევ ჯგუფში , სამივე შეხვედრა/p>

- თუ ელოდი ქვეყნის მთავარ გუნდში გამოძახებას ?

- ეროვნულში გამოძახების ამბავი , პირველმა ჩემმა მეგობარმა და თანაგუნდელმა გიორგი განუგრავამ შემატყობინა . რაც შეეხება კითხვას , ესტონეთში გამართულ 19 წლამდელთა შესარჩევ ტურნირს გაიოზ დარსაძეც ესწრებოდა და შეგვპირდა , რომ ვინც კარგად ითამაშებთ , დაგაწინაურებთ და ეროვნულ ნაკრებში გამოგიძახებთო . თუ როგორ იასპარეზა ჩვენმა გუნდმა ტალინში , ამის თაობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა . ალბათ , დავიმსახურე და ქვეყნის უმთავრეს გუნდშიც ამიტომ გამომიძახეს .

- " ზესტაფონში " გასულ ზაფხულს გადახვედი . სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება ხომ არ გაგიჭირდა ?

- დიახ , ასეა , ზაფხულიდან მოყოლებული " ზესტაფონში " ვასპარეზობ და იმერულ კლუბთან 3- წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს . რაც შეეხება გუნდში დამკვიდრებას , ეს ალბათ მონდომების ხარჯზე შევძელი .

- ეროვნულ ნაკრებში დებიუტანტი ხარ და მთავარ გუნდთან შენი ადაპტაცია როგორ მიდის ?

- ნორმალურად . უკვე მესამე დღეა რაც ეროვნულ გუნდში ვვარჯიშობ და უცხოდ ნამდვილად არ ვგრძნობ თავს . დატვირთვებს შევეგუე და არ მიჭირს .

- კი , მაგრამ ეროვნული ნაკრების დონეზე ტაქტიკური ცოდნა და სხვა კომპონენტებიც აუცილებელია . ამ მხრივ , როგორაა საქმე ?

- მართალი გითხრათ , ამ მხრივაც არ მიჭირს . კალაძე , კობიაშვილი , ხიზანიშვილი და სხვა გამოცდილი ფეხბურთელები გვერდში მიდგანან , ნაკლზე მითითებენ და მათგან ბევრს ვსწავლობ .

- ეროვნულში დაცვის ხაზშიც დიდი კონკურენციაა . მართალია , კალაძის , კობიაშვილისა და ხიზანიშვილის გვერდით ბევრს ისწავლი , მაგრამ ჩრდილში ყოფნა არ გაშინებს ?

- რა თქმა უნდა , ასეთი დონის ფეხბურთელთა გვერდით ბევრს ვისწავლი , მაგრამ იმედია , თამაშიც მომიწევს . საერთოდ კი კონკურენციას ყოველთვის მივესალმები და ამას გამოვიყენებ კიდეც .

- ფსიქოლოგიური ბარიერი ხელს არ შეგიშლის ?

- არა , ეს პრობლემა უკვე მოხსნილია . ეს მომენტი გუნდის თავკაც გაიოზ დარსაძესაც არ გამორჩენია და ბაზაზე ზურაბ ხიზანიშვილთან ერთად ვცხოვრობ ნომერში . ყველა ვარჯიშის შემდეგ ზურა მეხმარება , შენიშვნებსა და მითითებებს მაძლევს . ეს ძალიან მსიამოვნებს და ბევრს ვსწავლობ . კარგად მესმის , რომ ჩემი წინსვლისთვის ეს აუცილებელია .

- თეორიული მეცადინეობა დღესაც გქონდათ . მეტოქეზე რა წარმოდგენა შეგექმნა ?

- ყაზახეთის ნაკრების თამაშის ვიდეოფირი ჯერ არ გვინახავს , დანიელებთან განვლილი შეხვედრის ფირი ვნახეთ და მთავარმა მწვრთნელმა კოპენჰაგენში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე გაამახვილა ყურადღება . თუმცა , ალმატის მატჩიც ვნახე და მეტოქეზე ჩემეული წარმოდგენა მაქვს . მართალია , ყაზახეთის ნაკრები ჯგუფის აუტსაიდერია , მაგრამ იოლი თამაში ნამდვილად არ გველის . ყველა მეტოქე სათანადოდ უნდა შევაფასოთ , თორემ სასურველი შედეგისთვის ბრძოლა გაგვიჭირდება .

- ეროვნულმა გუნდმა ყაზახები სტუმრად დაამარცხა და თბილისშიც არ უნდა გაგვიჭირდეს გამარჯვება . მეთანხმები ?

- მონდომებისა და სწორი თამაშის ხარჯზე , რა თქმა უნდა , მოგება შეგვიძლია . თუმცა , იოლი გასეირნება მაინც არ გვექნება .

- როგორ ფიქრობ , მოგიწევს თამაში ?

- ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია . თუკი თამაში მომიწევს , გარწმუნებთ , მაქსიმუმს გავიღებ .

- ჩვენს გუნდს ცარიელი ტრიბუნების ფონზე კიდევ ერთხელ მოუწევს თამაში . ეს მომენტი ხომ არ შეგაფერხებთ ?

- რა თქმა უნდა , ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში არასასურველია , მაგრამ საჭირო შედეგის მიღწევაში ამ ფაქტორმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს

www.sporti.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005