ინტერვიუ თემურ მახარაძესთან.
თემურ მახარაძე არის მწვრთნელი, რომელზეც კამათობენ. ეს უკვე ცოტას არ ნიშნავს. მას არაერთ გუნდში უმუშავია და ხელმოცარული არსად ყოფილა. მახარაძე ბოლო წლებში "ზესტაფონის" თავკაცია. ადგილობრივ გულშემატკივარსაც ის განსაკუთრებულად უყვარს. ერთი პერიოდი მწვრთნელისა და "ზესტაფონის" გზები გაიყარა და ზესტაფონელმა ქომაგმა მწვრთნელის მხარე დაიჭირა. სპეციალისტი "ზესტაფონში" დაბრუნდა. გუნდი თითქოს დანავსული იყო - გადიოდა თასის ფინალში, ჩემპიონატში სულ მოწინავეებში ირეოდა, მაგრამ ტიტულს ვერ იგებდა. წლეულს კი "ზესტაფონმა" საქართველოს თასი მოიგო, ევროსარბიელზე უნგრულ "დიორ ეტოს" გადაეყარა და ვერ აჯობა.
ზესტაფონელებმა კარგ კონტინგენტს მოუყარეს თავი დამდეგი სეზონისთვის და ცხადია, ისევ მაღალ მიზნებს შეებრძოლებიან.
ამჟამად "ზესტაფონი" თბილისში, ავჭალაში მდებარე "სინათლის" სტადიონზე ვარჯიშობს, სადაც თორმეტი წლის წინათ უმაღლეს ლიგაში აღზევებული "მერანი 91" ატარებდა საშინაო მატჩებს. მაშინ გუნდს სწორედ მახარაძე წვრთნიდა. ის "მერანი 91" საკმაოდ ძლიერი და სიმპატიური გუნდი გახლდათ - ეს იყო მწვრთნელის ნამუშევრისა და ძლიერი ფეხბურთელების ერთობა.
მახარაძეზე ათას ჭორ-მართალს გაიგონებთ, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი არგუმენტი სჭირდება. მახარûის არგუმენტი øემდეგია - სადაც ის მივიდა, ყველგან კარგი გუნდი øექმნა.
ეს ინტერვიუ არ მოიცავს მწვრთნელ მახარაძის პორტრეტს, თუმცა არც მთლად კონიუნქტურულია. მოკლედ, "ლელოს" კითხვებს "ზესტაფონის" დამრიგებელი პასუხობს.
- მოსამზადებელ პერიოდøი არაერთი სირთულე შეგექმნათ. რა ეტაპზეა "ზესტაფონის" სეზონისწინა პროგრამა?
- 10 აგვისტოს შემდეგ გუნდს ერთად არ უვარჯიშია. საომარი მოქმედებების გამო ფეხბურთელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმოიფანტნენ. მესამე დღეა, რაც ერთად ვართ და უკვე ნორმალურად ვემზადებით.
- "დიორთან" დაპირისპირებამდე და მერეც ძალიან ცოტა საკონტროლო მატჩებს თამაშობთ. განა საკონტროლო თამაშები არ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსამზადებელ პერიოდში? თანაც "ზესტაფონმა" არცთუ ცოტა ახალი ფეხბურთელი დაიმატა და გუნდს შეთამაშებაც ხომ სჭირდება...
- საკონტროლო მატჩების ნაკლებობა ჩვენი უარყოფითი მხარე გამოდგა. სეზონისწინა მზადება საქართველოში დავიწყეთ და ვერ მოვახერხეთ საკონტროლო მატჩების გამართვა, მერე ანკარაში ჩავედით და იქაც გაგვიჭირდა სპარინგპარტნიორების მოძებნა, მხოლოდ ერთი შეხვედრა ვითამაშეთ. "დიორთან" მატჩის შემდეგ კი საქართველოში ომი დაიწყო და...
- გუნდის დაკომპლექტებით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ხართ? თითქმის ყველა იმ ფეხბურთელს მოუყარეთ თავი, ვისი აყვანაც გსურდათ?
- "დიორთან" მატჩის წინ ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყავით. ჩემს განკარგულებაში მხოლოდ თვრამეტი ფეხბურთელი იყო, რომელთაგან არცთუ ცოტა გამოუცდელი ახალგაზრდა გახლდათ. ახლა კი "ზესტაფონს" ფაქტობრივად ორი თანაბარი ძალის შემადგენლობა ჰყავს. ვითამაშებთ სათასო შეხვედრებს, კიდევ ერთ-ორ საკონტროლო შეხვედრას და ჩემპიონატს კარგად მომზადებულები შევხვდებით.
- "დიორთან" თითქოს უშანსოდ არ იყავით(1:1, 1:2), უნგრელებს არ ჰყავდათ ისეთი გუნდი, რომლის დამარცხება "ზესტაფონისთვის" შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ...
- ასეთ თვალსაზრისს არ ვეთანხმები, "დიორი" საკმაოდ კარგი გუნდია, "შტუტგარტთან" მხოლოდ 1:2 წააგო.
- "დიორთან" საშინაო მატჩში თავდამსხმელი ერიკ რომეო ჩასემი ცენტრალურ ნახევარმცველად გაამწესეთ. რა იყო ასეთი ექსპერიმენტის მიზეზი?
- ის თავდამსხმელების უკან მოქმედებდა, მაგრამ როცა მოედანზე ზურაბ იონანიძეც შევუშვი, ხუთი ფორვარდით ხომ ვერ ვითმაშებდით? ამიტომაც გადავწიეთ ჩასემი უკან.
- "ზესტაფონში" ცოტა არ იყოს გაურკვეველი პერიპეტიები მოხდა. გუნდიდან წავიდა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, მერე კი ისინი მაინც "ზესტაფონში" დაბრუნდნენ - გიორგი ხიდეშელი, ალექსანდრე ბენაშვილი, მურთაზ დაუშვილი. გოგი ფიფიას კი კლუბმა თამაშის ნება არ დართო. როგორი იყო თქვენი პოზიცია ამ საკითხებში?
- ჩემი აზრით, ყველაფერი გუნდის გაახალგაზრდავებისთვის კეთდება. კლუბს გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება სურს იმ ფეხბურთელებთან, ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში რომ თამაშობენ. ამ მოთამაშეების ბაზაზე უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი. ფიფიასთან დაკავშირებით იცით რაც მოხდა - კონტრაქტის ამოწურვამდე ექვსი თვე რჩებოდა და ახალ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. მე ვთქვი, ფიფია მჭირდება-მეთქი, მაგრამ კლუბი და ფეხბურთელი პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.
- თუ აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებთ, რატომღა დაამატეთ "ზესტაფონის" ლეგიონერებს კიდევ ორი უცხოელი - ჩასემი და ბოიომო ფრიდოლინი?
- მათ ორი სეზონი საკმაოდ კარგად ითამაშეს საქართველოში, უკვე ადაპტირებულები არიან და ჩვენც გამოგვადგებიან.
- ახალგაზრდული ნაკრების მცველი ამირან სანაია კი "ზესტაფონმა" არ შეინარჩუნა.
- სერიოზული წინადადება იყო და ფეხბურთელსაც ხელი არ შევუშალეთ. მისთვის ფრანგულ "ლე მანში" ტრანსფერი წინ გადადგმული ნაბიჯია, ამ გარიგებით "ზესტაფონმაც" იხეირა. ფეხბურთი ბიზნესია და თუ კიდევ გამოჩნდება ასეთი ვარიანტი, უარს არ ვიტყვით.
- შეიძლება იმის თქმა, რომ "ზესტაფონს" უკვე აქვს განვითარების მკაფიო პოლიტიკა?
- რა თქმა უნდა, აქვს აქცენტი ნაკრებებში მოთამაშე ფეხბურთელებზე, გუნდის გაახალგაზრდავებაზე.
- ადრე თემურ მახარაძეზე ამბობდნენ, ახალგაზრდა ფეხბურთელების ძირითადში დაყენებას ერიდებაო. როგორც ჩანს, ვითარება იცვლება, თუმც "ზესტაფონის" მეორე გუნდში იყო საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ძირითად გუნდში არ ჩანს - სოფრომაძეს ვგულისხმობ.
- მას "ზესტაფონთან" კონტრაქტი ჯერ არ აქვს ამოწურული, თუმც ახალ გუნდს ეძებს. ის თბილისელია და ზესტაფონში ცხოვრება უჭირს.
- რუსეთ-საქართველოს ომმა როგორ იმოქმედა კლუბზე? "ზესტაფონს" რაიმე პრობლემა ხომ არ შექმნია?
- ყველაფერი ნორმალურადაა, "ზესტაფონის" ფინანსურ მდგომარეობაზე ომს არ უმოქმედია.
- თემურ მახარაძე ფრთხილი ფეხბურთის მიმდევარია, უფრო დაცვაზე ფიქრობს, ვიდრე შეტევაზე - ეგუებით ასეთ იმიჯს?
- ასეთ შეხედულებას არ ვეთანხმები. გუნდი ყოველმხრივ კარგად უნდა იყოს დაბალანსებული - ამ მიმართულებით ვმუშაობ.
- უმეტესი ქართული გუნდები ალბათ არ მუშაობენ თანამედროვე მიმართულებით. მაგალითად, ავიღოთ "ზესტაფონი"-"ამერის" წლევანდელი თასის ფინალი. ორივე გუნდმა ისეთი ფეხბურთი ითამაშა, ასე ევროპაში და, ალბათ, სხვაგანაც აღარ თამაშობენ. არ იყო პოზიციების შევსება, დინამიკა და სივრცის ათვისება... რატომ ხდება ასე, რა არის ქართული გუნდების უმთავრესი პრობლემა?
- ფეხბურთი მართლაც წინ წავიდა. ხანდახან იმასაც ვერ გაიგებ, ვინ არის მცველი და ვინ ნახევარმცველი, გამოთავისუფლებული სივრცეები სხვადასხვა ამპლუის ფეხბურთელებით იცვლება. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია გუნდის მომზადებაზე. ზოგი ხარჯავს ფულს ფეხბურთელების ყიდვაში, ჩვენთვის კი პრიორიტეტული კარგი შეკრებაა. გუნდი ბატარეასავითაა - თუ კარგად არ არის დატენილი, ანუ მომზადებული, კარგად ვერ იმუშავებს. მომზადების გარდა სხვა პრობლემაცაა - კარგი ფეხბურთელების დეფიციტი.
- პრობლემაა ალბათ გარიგებული მატჩებიც. წინა სეზონის ბოლოს ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია "დინამოსა" და "ზესტაფონის" სათასო და საჩემპიონატო მატჩებმა. მტკიცებულებების გარეშე ვინმესთვის ბრალდების წაყენება შეუძლებელია, თუმც, ზოგ მატჩს აშკარად ეტყობა, რომ ჩაწყობილი იყო.
- ყველამ უნდა იცოდეს - "ზესტაფონი" არანაირ გარიგებაში არ მონაწილეობს, არც გუნდს ვურიგდებით და არც მსაჯებს. სულ სხვა არის ის, თუ ფეხბურàელები ძალებს დაზოგავენ, ჯანს რაციონალურად გაანაწილებენ.
- სეზონის ბოლოს რატომ თქვით უარი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩაბმაზე?
- ჩემპიონობის მიზერული შანსიც კი აღარ გვქონდა და იმიტომ.
- როგორ ფიქრობთ, ქართულ ფეხბურთში კორუფციამ იკლო, თუ პირიქითაა?
- კორუფცია მთლიანად ქვეყანაში შემცირდა და მიმაჩნია, რომ ასეა ფეხბურთშიც. ის გაჯანსაღების გზას დაადგა.
- დამდეგი ეროვნული ჩემპიონატი ალბათ განსაკუთრებული იქნება არა მხოლოდ ახალი ფორმატის გამო - ჩემპიონობისთვის საკმაოდ ბევრი გუნდი აცხადებს პრეტენზიას. იმის გათვალისწინებით, რომ ძლიერმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი გუნდებში, ვინ მიგაჩნიათ ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატებად?
- თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში ვნახე და ეტყობა, რომ კარგი გუნდია. "ვიტ ჯორჯიაც" კარგად გამოიყურება უეფას თასზე, კარგი კონტინგენტი შეიკრიბა "ოლიმპსა" და "სიონში". ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ჩემპიონატის ფორმატი ძალიან ცუდია - სამ წრეს ოთხი აჯობებდა, გუნდები შინ და სტუმრად თანაბარი რაოდენობის მატჩებს გამართავდნენ.
- არ გვიხსენებია მწვრთნელის ფაქტორი. თქვენზე ბევრს კამათობენ, თუმც ალბათ ვერავინ უარყოფს, რომ მახარაძეს თავის ხელწერა აქვს. თქვენ რას მიიჩნევთ საკუთარ უპირატესობად?
- ოცდაათი წელიწადია, მთავარ მწვრთნელად ვმუშაობ და საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა, რაც მწვრთნელისთვის განსაკუთრებით ბევრს ნიშნავს. ჩემს ხელში ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა გაიარა, მათ შორის თემურ ქეცბაიამ და კახა კალაძემაც. გარდა ამისა, გუნდებში შედეგებიც კარგი მქონდა.
- ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელებიდან ვის გამოარჩევდით?
- კარგად მუშაობს გიორგი დევდარიანი, კიდევ გიორგი ჩიხრახე, კახა ცხადაძე...
|