06.08.2008

 

ინტერვიუ ზურაბ იონანიძესთან.

უნგრელებმა კლასის ხარჯზე გვაჯობეს ...

 

საფეხბურთო  კლუბმა  ”ზესტაფონმა” წლეულს უეფას თასზე ასპარეზობა დაასრულა - ორრაუნდიან დაპირისპირებაში იმერლებმა უნგრული ”დიორი ეტოს” ბარიერის დაძლევა ვერ შეძლეს. არადა, ფეროელებს ნამდვილად შეეძლოთ პირველი ეტაპის წარმატებით გავლა.
ქართული კლუბის იმედებს ისიც აღვივებდა, რომ თემურ მახარაძის გუნდმა უნგრეთში მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა და  განმეორებით დაპირისპირებაში მეტოქესთან არ უნდა დამარცხებულიყო, მაგრამ...
გუშინ ზესტაფონელთა გამოცდილ ფეხბურთელს, ზურაბ იონანიძეს დავუკავშირდით, რომელმაც უნგრელებთან განმეორებით მატჩში მინდორზე 20 წუთი დაჰყო და რამდენიმე კითხვით მივმართეთ. საუბარი კი ”დიორთან” მატჩით დავიწყეთ ...

 

- მეტოქემ ჩვენზე ერთით მეტი გოლი გაიტანა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. მართალია, სტუმრები გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ აშკარად დაგვჩაგრესო, ვერ ვიტყვით. უნგრული კლუბი ჩვენზე გამოცდილი იყო, მეორე ნახევარში დაწინაურება შევძელით, მაგრამ მეტოქემ მაშინვე გაგვიტანა. გაშვებულმა გოლმა ჩვენზე ცუდად იმოქმედა და რამდენიმე წუთში საკუთარ კარში მეორე გოლიც მივიღეთ. შეიძლება ითქვას, რომ უნგრელებმა კლასის ხარჯზე გვაჯობეს. ”დიორისა” და ”ზესტაფონის” შემადგენლობებს თვალი რომ გადავავლოთ, ვნახავთ, რომ ჩვენი კლუბი ბევრად ახალგაზრდულია. მიუხედავად ამისა, მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდით. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით.

- პირველი თამაში, რომელიც უნგრეთში გაიმართა, ფრედ დასრულდა. საერთო ჯამში ელოდით ასეთ შედეგს?

- უნგრეთში თამაში არ წაგვიგია და განმეორებით მატჩში შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ჩვენ უფრო გვქონდა, რადგან მეორე მატჩს საკუთარ კედლებში ვთამაშობდით. ეს ეტაპი რომ დაგვეძლია, ამის შანსი ნამდვილად იყო, მით უფრო მაშინ, როდესაც ანგარიშში წავიყვანეთ. საწყენია, რომ ეს უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ რას ვიზამთ, სპორტში ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნები.

- ორი კვირის განმავლობაში უნგრულ კლუბს ორჯერ დაუპირისპირდით. როგორ ფიქრობთ, დიდი სხვაობაა უნგრულსა და ქართულ კლუბებს შორის?

- როგორც ფინანსურად, ასევე ჩემპიონატის დონით რომ ჩვენზე წინ არიან, მე მგონი, ამაში არავინ შემომედავება. ის, რომ  უნგრელებს სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიეთ, ჩვენს სათამაშო კლასზეც მეტყველებს. არის იმის პერსპექტივა, რომ წინ წავიწიოთ და პროგრესი განვიცადოთ, თუმცა, ამისათვის სწორი მიმართულებით მუშაობაა საჭირო. ვატყობ, ჩვენი ჩემპიონატის დონემ შედარებით აიწია, ამის დასტურად უნგრულ კლუბთან ტოლ-სწორად თამაშიც გამოდგება.

- როგორც ჩანს, ევროტურნირებზე ”ზესტაფონს” პირველი ეტაპის დაძლევის კომპლექსი აქვს. რამდენიმე წლის წინ ”მარგვეთმა” მალტური ”შლემას” ბარიერი ვერ დაძლია, შარშან ”ტობოლი”, წლეულს ”დიორი” ...

- რა გითხრათ? გვინდოდა, რომ უნგრული კლუბი დაგვემარცხებინა და მეორე ეტაპზე გავსულიყავით. ფეხბურთელებმა ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ როგორც ჩანს, უფრო მეტი შრომაა საჭირო. შარშან ყაზახების წინააღმდეგ არ მითამაშია. ვიცი, რომ გუნდი ”ტობოლთან” პირველი მატჩის წინ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდა. ბიჭები თვითმფრინავიდან მყისვე მინდორზე გავიდნენ. მართალია, ყაზახეთში 0:3 დავმარცხდით, მაგრამ განმეორებით მატჩში გვქონდა იმის საშუალება, ეს ჰანდიკაპი აღმოგვეფხვრა. ყაზახებს თბილისში 2:0 მოვუგეთ. არადა, უფრო სოლიდური სხვაობით უნდა გვემარჯვა.

- ახლა გუნდი ალბათ მთელ ყურადღებას შინაურ პირველობაზე გადაიტანს ...

- მომავალ სეზონში უფრო მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ. ამის პოტენციალი კლუბს ნამდვილად გააჩნია. ”ზესტაფონი” ანგარიშგასაწევი კლუბია, ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება. ჩვენი მიზანი კი კვლავ უცვლელი რჩება - ჩემპიონობა და თასი.

- უკვე 37 წლის ხართ. ასაკის მატებასთან ერთად, კარიერის დასრულებაზე ხომ არ ფიქრობთ?

- სიმართლე გითხრათ, ჯერ მაგაზე არ ვფიქრობ. წლის ბოლომდე იმერლებთან კონტრაქტი მაკავშირებს, მერე კი ვნახოთ, რა იქნება. ჩემი სურვილია, რომ კარიერა ”ზესტაფონში”’ დავასრულო. ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ შემიძლია. თუ ჯანმრთელად ვიყავი და ტრამვებმა ხელი არ შემიშალა, ორი წელი კიდევ ვიბურთავებ, თუმცა, როგორ განვითარდება ჩემი საფეხბურთო კარიერა მომავალში, წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია ...

 

გაზეთი ”ოლიმპი”
   
FC ZESTAFONI © 2005