02.08.2008

 

 

ეს დასასრული არ არის.

უნგრელი ჟოლტი ზესტაფონმა მოხიბლა.

 

ევროპული ფეხბურთი ზესტაფონში დაბრუნდა ...

”ასეთი საფეხბურთო გარემო კარგა ხანია, არ მინახავს” - იტყვის ”ზესტაფონი”-”დიორის” მატჩის შემდეგ უნგრული ”სპორტ ექოს” რედაქტორი იშტვან ჟოლტი. 60 წლის მადიარმა ისიც გვითხრა, რომ მომსახურების ხარისხით გაკვირვებულია და რომ აქამდე საქართველო ასეთი საფეხბურთო ქვეყანა არ ეგონა. ჟოლტი მოხიბლა ქალაქის გადაჭედილმა სტადიონმა, ის აღფრთოვანებული დარჩა იმერთა ქომაგობით და თქვა, რომ ასეთი მებრძოლი ახალგაზრდული გუნდი ადრე არასოდეს უნახავს.


იქნებ ვინმემ ”ზესტაფონი” ”დიორთან” წაგებისთვის მკაცრად განსაჯოს, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ უნგრული კლუბის ბიუჯეტი 40 მილიონი დოლარია, მაშინ, როცა იმერთა შემოსავალი 2 მილიონს არ აღემატება (ავტორი - ა. კაკაურიძე). მთავარი კი ისაა, რომ ზესტაფონმა თავი ნამდვილ ევროპად იგრძნო და ყველას უჩვენა, რომ ფეხბურთს ხალხისთვის დიდი სიხარულის მოტანა შეუძლია.

მატჩს მხარის გუბერნატორი და ზესტაფონის გამგებელიც დაესწრნენ და მათ საყურადღებოდაც უნდა ვთქვათ: თუ სახელმწიფო ”ზესტაფონის” განვითარებაში მეტ წვლილს შეიტანს, გაცილებით უკეთესი იქნება ...
არა გვგონია, ევროთასებზე ”ზესტაფონის” დარი ახალგაზრდული გუნდი იყოს, მაგრამ შემადგენლობა და ფეხბურთელების ახალგაზრდული ენთუზიაზმი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ - თუ ყველაფერი კარგად იქნება, ორ წელიწადში მივიღებთ საშუალო ევროპულ კლუბს, ისეთს, რომელიც ”დიორს” აუცილებლად დაამარცხებს. ჯერჯერობით კი იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რაც გვაქვს: ზესტაფონის სტადიონს ძალიან უხდება თანამედროვე მედიაცენტრი, ტრიბუნები შესანიშნავი ხარისხის ინდივიდუალური სავარძლებითაა აღჭურვილი და ქომაგობას ხომ ნუღარ იკითხავთ...


არ დაგვავიწყდეს, რომ ”დიორმა” ამ წარმატებამდე ზუსტად ასი წელი იარა მაშინ, როცა ”ზესტაფონი” ჯერ მხოლოდ ოთხი წლისაა. ის ახლა ქმნის თავის ევროპულ სახეს და ყველამ, უპირველეს ყოვლისა კი კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს, რომ უცბად არაფერი კეთდება. უნგრელებმა საგანგებოდ აღნიშნეს ისიც, რომ გულშემატკივრობის კულტურა ძალიან მაღალია და ამასთან ფეხბურთელებიც საგანგებოდ აფასებენ ქომაგს. გავიხსენოთ რა იყო ”ზესტაფონი” ამ ოთხი წლის წინ - კლუბს არ ჰქონდა ინფრასტრუქტურა, არ ჰყავდა ქომაგი, სტადიონზე თავს კომფორტულად ვერავინ იგრძნობდა. ოთხი წელი საფეხბურთო კლუბისთვის არაფერია და მთავარია, ”ზესტაფონმა” სწორად იაროს, ისე განვითარდეს, როგორც საზოგადოდ ევროპული კლუბები ვითარდებიან. უმოკლეს ხანში სტადიონს კიდევ დაემატება ორი ტრიბუნა, აშენდება კლუბის ბაზა და ”ზესტაფონი” გაცილებით მძლავრი იქნება, ვიდრე დღეს არის.

ერთიც: კლუბის რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს ”ზესტაფონთან” კონტრაქტი უმთავრდება. ამ ბიჭების შენარჩუნება აუცილებელია - იმერლებმა დაამკვიდრეს პრეცედენტი, რომელიც ბოლო დროს უგულებელყოფილი იყო ჩვენი სხვა კლუბების მხრიდან: მწვრთნელს ექვს თვეში ერთხელ ახალი გუნდის შენება არ უწევს! ”ზესტაფონს” აქვს მომავალი და პერსპექტივა, ჰყავს ქომაგი, რომლის მიტოვებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ”დიორთან” მარცხი გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს დასასრული არ არის - იმერლებს კიდევ ბევრჯერ შეუძლიათ ხალხისთვის სიხარულის მინიჭება.

 

ალეკო კაკაურიძე, გაზეთი ”ოლიმპი”
   
FC ZESTAFONI © 2005