ზესტაფონმა შანსი ვერ გამოიყენა.
|
”ზესტაფონი” - "დიორი ეტო” - 1-2
|
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისთვის” უეფას თასზე დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. ორი კვირის წინ სტუმრად ნათამაშები ფრის, 1:1-ის შემდეგ საკუთარ მოედანზე საქართველოს თასის მფლობელმა 1:2 წააგო და საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში უნგრული ”დიორ ეტო” გავიდა.
ზესტაფონელებმა ჩვეულად, ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ გაცილებით გამოცდილ მეტოქესთან ვერაფერს გახდნენ.
უგოლო ფრე ხელს ქართველებს აძლევდათ და პირველი ტაიმიც ასეთივე ანგარიშით დასრულდა. შესვენების შემდეგ კი მასპინძლები გააქტიურდნენ და 51-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს. გოლი ბექა გოცირიძემ გაიტანა. დაწინაურებით გამოწვეული ზეიმი გულშემატკივრებს წესიერად არ დაესრულებინათ, როცა უნგრელმა დიორდ იოშიმ ანგარიში გაათანაბრა.
თამაში რომ 1:1 დასრულებულიყო, დამატებითი დრო გახდებოდა საჭირო, მაგრამ 67-ე წუთზე მინდორზე შეცვლაზე შესულმა ორმა უნგრელმა, ზოლტან კოვაჩმა და დავიდ პაკოლიჩმა საგოლე კომბინაცია გაითამაშეს და თამაშს წერტილიც დაუსვეს.
დარჩენილ დროში ფანებისგან გამხნევებული ~ზესტაფონი~ ბევრს უტევდა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე ერთხელაც არ მისულა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
შანდორ ეგერვარი (”დიორ ეტოს” მთავარი მწვრთნელი): ”ძალიან გახარებული ვარ. პირველი თამაში ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამჯერად კი შედარებით მობილიზებულები ვიყავით და უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაც მოვახერხეთ. ”ზესტაფონი” ძალიან სიმპათიური გუნდია, საოცრად ბრძოლისუნარიანი და ისღა დამრჩენია, საქართველოს ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასვლა ვუსურვო”.
თემურ მახარაძე (”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): ”მეორე წრეში გასვლის კარგი შანსი გვქონდა და სამწუხაროა, რომ ხელიდან გავუშვით. ძალიან დაძაბული თამაში იყო და მეტოქემ პირველ რიგში გამოცდილების ხარჯზე გვაჯობა. თუმც, ამასთან ერთად აშკარაა, რომ ”დიორი ეტო” ”ზესტაფონზე” მაღალი კლასის გუნდია. თავს ზემოთ ძალა არაა. ბოლოს შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ძირითადად 19-20 წლის ბიჭებითაა დაკომპლექტებული და მათ ამ ორი თამაშით უდიდესი გამოცდილება მიიღეს”.
|