29.07.2008

 

ინტერვიუ ზურაბ იონანიძესთან.

”ზესტაფონის” ზურგი სავსე სტადიონია ...

 

ზურაბ იონანიძე ”ზესტაფონისა” და ”დიორის” მატჩისთვის დიდი მონდომებით ემზადება. გუნდის მწვრთნელებს უბერებელი ბომბარდირისა კვლავ ეიმედებათ. იონანიძემ უნგრეთში შეცვლაზე ითამაშა და თუ ”ზესტაფონს” მეორე შეხვედრაშიც დაეხმარება, თამაშში, ალბათ, მოგვიანებით ჩაერთვება. მას პირველი ბარიერის გადალახვის დიდი იმედი აქვს. ვეტერენ ფორვარდს გუშინდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ შევეხმიანეთ ...

    • ‘’დიორთან’’ დაპირისპირებისათვის ყველანი დიდი მონდომებით ვემზადებით. ბოლო ვარჯიშები ზესტაფონის სტადიონზე ჩავატარეთ. გულშემატკივრებს ვპირდები, რომ წარმატებისთვის ყველაფერს გავიღებთ. დარწმუნებული ვარ, სტადიონი პირთამდე შეივსება, ეს ჩვენთვის ძლიერი ზურგი იქნება. ჩვენმა ქომაგებმა მეთორმეტე  მოთამაშის ფუნქცია უნდა შეასრულონ. იმედია, თამაშს ამინდიც სასიამოვნო დაემთხვევა.

    • როგორი დატვირთვით ვარჯიშობთ ? 

    • რომ გითხრათ, მოედანზე დავსეირნობთ-მეთქი,  არ იქნება მართალი, მაგრამ ბუნებრივია, ასეთი საპასუხისმგებლო მატჩის წინ წვრთნას მთელ ენერგიას ვერ შევალევთ.

    • ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა?

    • დიახ, გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. მწვრთნელს დიდი არჩევანი აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ორი თანაბარი დონის შემადგენლობა გვყავს.

    • საკუთარი ფორმითა და უნგრეთში ჩატარებული თამაშით კმაყოფილი ხართ?

    • შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კარგ ფორმაში ვარ. უნგრეთში მოედანზე თამაშის მიწურულს შევედი და თავის გამოჩენის დრო არ მქონია. იმედია, ზესტაფონში უფრო დიდხანს მომიწევს თამაში. ასე რომც არ მოხდეს, მთავარი გუნდური წარმატებაა. ჩემთვის ნამდვილად არა აქვს გადმწყვეტი მნიშვნელობა, ვინ გაიტანს გოლს. ’’ზესტაფონი’’ ერთ მუშტად შეკრული გუნდია და  მთავარი ესაა. ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ეს შრომა უნდა დაგვიფასდეს.

    • ‘’დიორი’’ როგორი სტილის გუნდია?

    •  ძალიან ძლიერი და მებრძოლია,  ერთნაირად კარგად გამოსდის როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში თამაში.

    •  უნგრეთში დაფიქსირებული შედეგი ლოგიკურია?

    • დიახ, სავსებით სამართლიანი ანგარიშია. გამარჯვება ჩვენც შეგვეძლო და მეტოქესაც, თუმცა, საბოლოოთ ისე მოხდა, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი ჩვენს მოედანზე გაირკვევა. მჯერა, გუნდისა და მისი გულშემატკივრების თავდადების, ზესტაფონი და მთელი საქართველო გამარჯვებას იზეიმებს.

    • როგორ თამაშს ელით?

    • არა მგონია, ბევრი გოლი გავიდეს, მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის დიდი ბრძოლა გაჩაღდება. ორი თანაბარი ძალის გუნდის დაპირისპირებაში გადამწყვეტი სიტყვა ჩვენმა შემართებამ და საკუთარი კედლების ფაქტორმა უნდა თქვას.

გაზეთი ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005