ინტერვიუ შანდორ ეგერვართან.
უნგრული ”დიორი ეტოს” მთავარი მწვრთნელი შანდორ ეგერვარი მეტად საინტერესო კაცია, მან მატჩის შემდეგ აღიარა, რომ თემურ მახარაძესთან ტაქტიკური დუელი წააგო. პრესკონფერენციაზე ეგერვარმა ძალიან ცოტა ილაპარაკა და გადავწყვიტეთ, ვაკუუმი მასთან დაკავშირებით შეგვევსო ...
რა თქმა უნდა, პირველი მატჩის შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დასრულდა. წინ მეორე მატჩია და კიდევ გვაქვს უნგრეთში დაშვებული შეცდომის გამოსწორების შანსი.
- აღნიშნეთ, რომ ტაქტიკური დუელი დათმეთ თემურ მახარაძესთან. მაინც რაში გამოიხატება ეს?
-
ქართველთა მწვრთნელმა რამდენჯერმე გადააწყო გუნდი. ის ტაქტიკური ვარიანტების დიდოსტატია. უნდა გითხრათ, რომ თქვენს კლუბს ძალიან ძლიერი სპეციალისტი თავკაცობს.
- რა შემადგენლობას დააყენებთ ზესტაფონში?
- შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება. განსაკუთრებით ის შეეხება ნახევარდაცვის და თავდასხმის ხაზს. ჩვენს გუნდს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს უნგრეთში გამოჩნდა.
- კლუბის ხელმძღვანელობასთან თუ გქონდათ შეხვედრა?
- დიახ, შეხვედრა გვქონდა. რა თქმა უნდა, არავინ დარჩენილა კმაყოფილი ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშით. როცა შინ თამაშობ, გაცილებით დიდი უპირატესობა უნდა გქონდეს მეტოქესთან შედარებით.
- რა განწყობით წამოხვალთ ზესტაფონში ?
- კარგი იქნებოდა, საშინაო შეხვედრაში მიგვეღწია კარგი შედეგისათვის. ზესტაფონი ჩვენთვის აბსოლუტურად უცხო ქალაქია. რა ვიცით, როგორი გარემო დაგვხვდება იქ. მზად ვართ, ფავორიტის სტატუსი მეტოქეს დავუთმოთ. ალბათ, დაცვას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ ისიცაა, რომ ‘’ზესტაფონს’’ პირველ ნომრად მოუწევს თამაში და აქედან გამომდინარე, შეიძლება დამატებითი სირთულეები შეექმნას.
- პროცენტული თვალსაზრისით შანსები როგორ განაწილდება?
- მიუხედავად იმისა, რომ ‘ზესტაფონმა’’ ძალიან კარგად ითამაშა დიორში და მშვენიერ შედეგსაც გამორჩა, ფავორიტის დასახელებას მაინც მოვერიდებოდი. ვფიქრობ, შანსები 50/50 -ზეა. ძალიან დიდი ინტერესით ველი ზესტაფონში გასამართ მატჩს.
- ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თქვენს მიერ გაკეთებულმა შეცვლებმა დააგვიანეს...
- არა, ასე ვერ ვიტყოდი. უბრალოდ, სათადარიგო ფეხბურთელები მაინცადამაინც კარგად ვერ ჩაერთვნენ თამაშში. არადა, საერთოდ, ‘’დიორის’’ მატჩებისას სულ სხვანაირად ხდება ხოლმე. არაერთი შეხვედრა გადაგვირჩენია ბოლო წუთებზე.
- გულშემატკივარზე რას იტყოდით?
- ველოდი, რომ გაცილებით უფრო დიდი მხარდაჭერა გვექნებოდა. ალბათ, ქომაგი კოკისპირულმა წვიმამ შეაშინა, თორემ წინასწარი ინფორმაციით 7 000 - მდე გულშემატკივარი უნდა დასწრებოდა. ასე რომ ყოფილიყო, გაცილებით უკეთ ვითამაშებდით - მხარდაჭერა აშკარად დაგვაკლდა.
|