ინტერვიუ კახა ჩხეტიანთან.
თუნდაც ორი წუთით მათამაშონ და თავს დავდებ სანაკრებო განაცხადში უკვე ზედიზედ მეოთხედ აღმოჩნდა " ზესტაფონის " ნახევარმცველი კახა ჩხეტიანი . უნგრეთსა და უკრაინაში ნათამაშები 27 წლის ფეხბურთელი დღეს იმერული გუნდის ძრავია . მოდით , გულახდილად ვთქვათ - რომ არა " ზესტაფონთან " დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი , ჩხეტიანის დონის მოთამაშის ნაკრებში მიწვევა არ უნდა გაგვკვირვებოდა . სხვისი რა გითხრათ და , კახას თამაში უკრაინის პირველობაზე თუკი გინახავთ , შეუძლებელიც იყო არ მოგწონებოდათ . ახლა კი " ზესტაფონის " ლიდერია და თუკი გუნდში ვინმეს სიტყვა ეთქმის , მათში ჩხეტიანი გამორჩეულია .
- კახა, უკვე მეოთხე სანაკრებო შეკრებაზე გიწვევენ. გულწრფელად თქვი, მწვრთნელის ნდობა შენთვის მოულოდნელი ხომ არ აღმოჩნდა?
- ვერც იმას ვიტყვი, რომ არ ვიმსახურებდი, მაგრამ იმის თქმაც შეიძლება, რომ ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. როდესაც " ზესტაფონში" ჩავირიცხე, მითხრეს, რომ თავის გამოჩენის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებში მიმიწვევდნენ. თუმცა, მე ამისი არ მჯეროდა.
- რატომ?
- როდესაც უნგრეთსა და უკრაინაში მართლა ძალიან კარგად ვთამაშობდი, მაშინ არავის გავხსენებივარ და თუკი საქართველოს ჩემპიონატიდან ეს შესაძლებელი გახდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. ვამჩნევ, ახლა ბევრს უკვირს ჩემი გამორჩევა, თანაც 27 წლის ვარ, მაგრამ ყველაფერი ღვთის ნებაა და მის ნებას ვარ მინდობილი. ერთი ვიცი, საშუალებას თუ მომცემენ, მწვრთნელს იმედს არ გავუწბილებ.
- როგორც მახსოვს, 1998 წელს ნაკრების ფორმა უკვე მოირგე?
- მაშინ 21 წლის ვიყავი და აზერბაიჯანის ნაკრებთან განჯაში ამხანაგურად ვითამაშე. მაშინდელი და ახლანდელი მიწვევა ერთმანეთისგან ბევრით განსხვავდება. დარსაძემ ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად მიმიწვია.
- გულწრფელად თქვი, რამდენად რეალურად მიგაჩნია ძირითადში მოხვედრა?
- ძირითადის რა გითხრა - დამატებით სიაში თუ მოვხვდი, ჩემთვის ესეც კარგი იქნება. ხუმრობა იქით იყოს და ამას, ფაქტობრივად, გამოვრიცხავ. უფრო რეალურად მიმაჩნია 18- კაციან განაცხადში მოხვედრა და თუნდაც მცირე ხნით მოედანზე შესვლა. მარადონა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ორი წუთითაც რომ მათამაშონ, იმ ორ წუთშიც მოედანზე მთელ გულსა და სულს ჩავდებ.
- ცოტა მტკივნეულ კითხვას დაგისვამ. ზესტაფონელთა ნაკრებში გამოძახებამ საკმაოდ სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია. ამაზე როგორი რეაქცია გაგაჩნია?
- სიმართლე გითხრა, ამ თემაზე ლაპარაკი არც მინდა და ცოტა არ იყოს, მეუხერხულება კიდეც. საერთოდ, საკუთარ თამაშს ყოველთვის კრიტიკულად ვაფასებ. მგონია, რომ უფრო მეტი შემიძლია. რაც შეეხება დანარჩენ ზესტაფონელებს, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი პერსპექტიული მოთამაშეა და მალე ქვეყანას სხვანაირად აალაპარაკებენ.
- უნგრეთსა და უკრაინაში გითამაშია და მათთან შედარებით, ჩვენი ჩემპიონატი დაბალი დონისაა.
- მთავარი იცით, რა არის? ფეხბურთთან და ფეხბურთელებთან დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ნაკლები პროფესიონალიზმია, თორემ, კაცმა რომ თქვას, საქართველოში იმდენი ტალანტია, ბარე ორ ქვეყანას ეყოფა. მათ უმრავლესობას რომ ზრდიდნენ, ბრაზილიას ვერა, მაგრამ ბევრ ძლიერ ქვეყანას კი გავუტოლდებოდით. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ დონეზე არ დავეცემოდით. ძალიან ბევრი ბავშვი 15-16 წლის ასაკში იკარგება, რადგან არც კვალიფიციური მწვრთნელები გვყავს და არც ის პირობებია, სადაც ამ ბავშვების გაზრდა იქნებოდა შესაძლებელი. ეს ყველაფერი ერთმანეთს რომ ემატება, იმიტომაც გაგვიხდა საოცნებო, თუნდაც საშუალო ევროპულ დონეზე თამაში. მე არავის ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ " ზესტაფონის" ხელმძღვანელობა სწორედ ახალგაზრდების გაზრდას აპირებს და არ შეიძლება, ეს არ დავინახოთ.
- შენი ძმა, ზვიადი ამჟამად სად თამაშობს?
- " ტორპედოშია" და კარგა ხნის განმავლობაში ტრავმა აწუხებდა. მიხარია, რომ ის უკვე მომჯობინდა და ორი თამაში ძირითდაში ჩაატარა. 15 ოქტომბერს " ზესტაფონი" " ტორპედოს" შეხვდება და ძმებს ოჯახური დერბი გვექნება. ისიც ჩემსავით ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობს |