ინტერვიუ ჟილვან გომეს ვიეირასთან.
ქვეყნის თასის მფლობელმა ”ზესტაფონმა” უეფა-ს თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად უნგრულ ”დიორთან” 1-1 ითამაშა. ”ზესტაფონიდან” გოლი ჟილვან ვიეირამ გაიტანა და ალბათ, საინტერესოა, თუ რას ფიქრობს ის უნგრულ და საპასუხო მატჩებზე ...
დღეს როგორ იხსენებ ”დიორთან” თამაშს?
- ერთს თავიდანვე ვიტყოდი, მატჩამდე მწვრთნელებმა საბრძოლოდ განგვაწყვეს, ფსიქოლოგიურად ყველანი სრულად მობილიზებულები ვიყავით. პირველივე წუთებიდან ცხარე ბრძოლაში ჩავებით. თავდაპირველად კი გაგვიჭირდა, მაგრამ მალევე დავეუფლეთ ჯერ ტერიტორიულ, მერე სათამაშო უპირატესობას და ჩვენი კარნახით წარვმართეთ თამაში. პირველ ტაიმში პირწმინდად ვაჯობეთ მასპინძლებს. უნგრელებმა მეორე ნახევარი უკეთ ითამაშეს. გაშვებულ გოლამდე ჩვენც შეგვეძლო გატანა, მაგრამ მეორე ბურთი ვეღარ შევაგდეთ.
- შენს გოლზე რას იტყოდი?
- იმ პოზიციიდან ჯარიმებს უმეტესად მე ვასრულებ. ძლიერად დავარტყი, ბურთი მცველს მოხვდა, მაგრამ ძალიან მცირედით შეიცვალა მიმართულება და კარის ბადეში აღმოჩნდა. ეს პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე მოხდა. უცებ მართლა გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ გოლი გავიტანე, მერე ყველაფერი აღვიქვი და უზომოდ ბედნიერად ვიგრძენი თავი.
- გასაგებია, რომ მოედანზე 90 წუთის განმავლობაში ცხარე ბრძოლა მიმდინარეობდა. მწვრთნელების ტაქტიკურ დაპირისპირებაზე რა გვეტყოდი?
- ფეხბურთში ტაქტიკა ბევრს ნიშნავს. თავი რომ შეაკლა მეტოქეს, თუ სწორი ტაქტიკა არ გაქვს არჩეული, ისე არაფერი გამოგივა. ასე იყო უნგრეთშიც. ჩვენმა მწვრთნელმა უნგრელი კოლეგა ნამდვილად დაჯაბნა, თორემ ”დიორი” საკმაოდ კარგი გუნდია. ასე რომ, სწორი ტაქტიკა რომ არა, დიორში ფრე ძალიან გაგვიჭირდებოდა. ჩვენი ტაქტიკა არც ყრუ დაცვა იყო და არც შეტევაში თავქუდმოგლეჯილი წასვლა. დაბალანსებული ტაქტიკა-სტრატეგია გვქონდა.
- ამ ფრის შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებს როგორ აფასებ?
- გასვლითი ფრე ჩვენს შანსებს ზრდის. ახლა უკეთეს მდგომარეობაში ვართ, თუმცა ზესტაფონში ძალზე რთული მატჩი გვექნება.
- ”ზესტაფონის” შანსი მაინც რამდენია პროცენტულად?
- ვფიქრობ, 60-65% ჩვენია, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. შინ უფრო მეტი ბრძოლა მოგვიწევს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მეტოქის შანსები შემცირდა და საპასუხო შეხვედრაში უნგრელები საექსკურსიოდ კი არა, საბრძოლოდ ჩამოვლენ.
- ”დიორი” ის გუნდია, რასაც ელოდით?
- მწვრთნელებმა მატჩამდე გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნეს მეტოქეზე. მართალი გითხრათ, რასაც ველოდი, ”დიორი” იმაზე უკეთესი, თორემ უარესი გუნდი არაა.
- საპასუხო მატჩში ყველაზე უფრო რა ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი?
- შინაური, ნაცნობი გარემო სულ სხვაა. მჯერა, 31 ივლისს ზესტაფონის სტადიონზე ანშლაგი იქნება. ხალხი თბილისადანაც ჩამოვა და გულშემატკივარი ერთგულად გვიქომაგებს. გულშემატკივარს შეუძლია მოედნის მეთორმეტე ფეხბურთელის როლი იკისროს და მჯერა, სწორედ ასე იქნება.
- თქვენ რას ჰპირდებით ქომაგებს?
- თავს შევაკლავთ მეტოქეს. ”დიორის” ბარიერის გადალახვა შეგვიძლია და მჯერა, ამას მოვახერხებთ კიდეც
|