“ზესტაფონ”-მა უნგრეთიდან ყაიმი წამოიღო.
|
"დიორი ეტო” - ”ზესტაფონი” 1-1 ფოტო საიტიდან www.eto.hu
|
უეფა-ს თასის 2008-2009 წლების გათამაშების სადებიუტო შეხვედრაში ეროვნული თასის მფლობელმა საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” უნგრეთში ადგილობრივ “დიორ ეტოსთან” ფრედ 1:1 ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
დიორის სტადიონზე შეკრებილი მაყურებელთათვის სტუმართა გაბედული, თამამი და კარგი გაგებით აგრესიული თამაში ნამდვილ აღმოჩენად იქცა. შეხვედრის პირველი 20-25 წუთი ისე მიილია, რომ ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება - მიმდინარეობდა გაშმაგებული ბრძოლა მოედნის ცენტრისა და ტერიტორიის დასაუფლებლად. პირველი ტაიმის სწორედ ამ მონაკვეთიდან მოყოლებული კი გამოიკვეთა ის, რომ ამ ბრძოლაში სტუმრები, ქართველი ფეხბურთელები იმარჯვებდნენ. იმერლებმა სწრაფი ფლანგური შეტევებით რამოდენიმეჯერ სცადეს მასპინძელთა კარის დარაჯის საშა სტევანოვიჩის შეწუხება. 30-ე წუთზე კი ანგარიშიც უნდა გახსნილიყო, ოღონდ ეს არა ინიციატივადაუფლებულ ზესტაფონელებს უნდა გაეკეთებიათ, არამედ უნგრელებს - ქართველებს მადიართა სწრაფი კონტრშეტევა გაეპარათ და როინ კვასხვაძესთან პირისპირ გასულმა იშტვან ბანკმა ბურთი სტუმართა კარს ოდნავ ააცილა.
ამ უსიამოვნო ეპიზოდის შემდეგ, ზემოიმერლები უფრო ყურადღებით თამაშობდნენ საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს და კონცენტრაცია შეხვედრის ბოლომდე აღარ დაუკარგიათ. ძალიან სასიამოვნო მომენტი გახლდათ ის, რომ ”ეტო პარკის” ტრიბუნებზე მყოფი 30-მდე ქართველი გულშემატკივარი მთელი მატჩის განმავლობაში ქართული სიმღერებითა და შეძახილებით ამხნევებდა გუნდს... პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრები ისევ უკეთესად გამოიყურებოდნენ და არბიტრის მიერ დამატებულ წუთზე იხეირეს კიდეც - ჟილვან გომეს ვიეირამ ბურთი ოსტატურად ჩააწოდა მასპინძელთა საჯარიმოში, იქ კი ბურთისათვის ბრძოლისას უნგრელთა მცველმა ნიკოლოვმა ოდნავ შეუცვალა ბურთს მიმართულება და 0-1.
მეორე ტაიმი უფრო აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს, თუმცა, ქართული გუნდი ისევ მედგრად დაუხვდა მადიარებს და რაიმე ღირებულის შექმნის საშუალებას არ აძლევდა მათ. ამით გაღიზიანებული მასპინძლები აღარც უხეშობას მორიდებიან, რის შედედაც 4 ყვითელი ბარათიც მიიღეს. სამწუხაროდ, ზესტაფონელთა საკმაოდ დალაგებული თამაშის მიუხედავად, ანგარიში მალევე გათანაბრდა - იმერელთა ნახევარმცველებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს, უნგრელებმა მარცხენა ფლანგიდან შეტევა წამოიწყეს, ზოლტან კოვაჩმა ძალიან სახიფათოდ ჩააწოდა, როინ კვასხვაძემ ბურთი მოიგერია, თუმცა, დამატებაზე ბურთთან პირველი ზოლტან ბიოორი აღმოჩნდა და ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის უკანასკნელი 30 წუთი ისევ ხისტ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ სტუმრებმა საქმე საკმაოდ მშვიდად ისეთ შედეგამდე მიიყვანეს, რომელიც აბსოლუტურად მისაღებად უნდა იქნეს მიჩნეული ...
განმეორებითი მატჩი ზესტაფონში 31 ივლისს გაიმართება და ქართულ კლუბს უეფა-ს თასის გათამასების მეორე საკვალიფიკაიო რაუნდში მოსახვედრად უგოლო ფრეც ეყოფა.
ფოტოებზე: ქართველი გულშემატკივრები ”ეტო-პარკზე”.
|