ინტერვიუ თემურ მახარაძესთან.
საქართველოს თასის მფლობელმა ”ზესტაფონმა” თურქული შეკრება მოიარა და უეფა-ს თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ ”დიორთან” 17 ივლისს პირველი მატჩისთვის თბილისში აგრძელებს მზადებას. გუშინ ”მიხეილ მესხზე” იმერლებმა ამხანაგურ შეხვედრაში ”გაგრასთან” 3-3 ითამაშეს...
მატჩის შემდეგ ზესტაფონელთა დამრიგებელ თემურ მახარაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- ორი კვირით ანკარაში ვიყავით და ძალიან კარგი სავარჯიშო პირობები გვქონდა, მაგრამ ამ შეკრებას ერთი ნაკლი ჰქონდა - საკონტროლო თამაშების ჩატარება გაძნელდა, რადგან იქ არ იყო ბევრი გუნდი. სულ ორი ამხანაგარი მატჩი ვითამაშეთ, რაც შეკრებისთვის ცოტაა.
- გუნდის კამერუნელი ახალწვეულების, ერიკ რომეო ჩასემისა და ბოიომო ფრიდოლინის გარჯით კმაყოფილი დარჩით ?
- მათ კარგად ვიცნობ, ორი სეზონი ხომ ბოლნისის ”სიონში” თამაშობდნენ. ჩასემის ტრავმა ჰქონდა და ბოლო ხუთი დღეა, რაც ვარჯიში დაიწყო. ბოიომო ნელ-ნელა შედის ფორმაში.
- ფრიდოლინი ”სიონში” ცენტრალური მცველი იყო, თქვენ კი დღეს ის სხვა პოზიციაზე ათამაშეთ ...
- მასეა, გვინდა ეს ფეხბურთელი დაცვის ფლანგებზე მოვსინჯოთ.
- მიგაჩნიათ, რომ ”ზესტაფონი” ამ სეზონში უკეთესი გუნდი იქნება ?
- ჩვენი გუნდი ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა და ასეთი დანაკლისის აღმოფხვრა დიდ გუნდებსაც კი უჭირთ - ძირითადი შემადგენლობის ხუთი მოთამაშე წავიდა ”ზესტაფონიდან”.
- უეფა-ს თასზე თქვენ მეტოქეზე, უნგრულ ”დიორზე” რას იტყოდით ?
- ვნახე ამ გუნდის თამაში ვიდეოზე, საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს - ათლეთური, სწრაფი და ტაქტიკურადაც განსწავლული. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ ”დიორის” საშინაო მატჩებზე 20 ათასი კაცი დადის, ძალიან რთული მატჩი გველის. მთავარია, ღირსეულად გამოვიდეთ უეფა-ს თასზე.
- ალბათ, უკვე გაქვთ გარკვეული მონახაზი ”დიორთან” მატჩისთვის. ერთი გამოკვეთილი ფორვარდი და მის უკან ბექა გოცირიძე - შეტევაში ასეთ ვარიანტს აირჩევთ ?
- თავდასმაში დიდი კონკურენციაა და წინასწარ რამის თქმა გამიჭირდება - შემადგენლობაზე საბოლოოდ თამაშის დღეს ჩამოვყალიბდებით.
- უნგრეთში ჩარტერული რეისით მიფრინავთ ?
- არა, 16 ივლისს ვენაში ჩავალთ და იქიდან ავტობუსით გავემგზავრებით უნგრეთში.
- ეროვნულ ჩემპიონატში რას გეგმავს ”ზესტაფონი” ?
- სამი წრე უჩვეულო სისტემაა, თანაც ცუდი კალენდარი გვერგო. ”ზესტაფონი” დუბლისთვის იბრძოლებს - თასიცა და ჩემპიონობაც.
- მიგაჩნიათ, რომ ამ რესურსით ეს შესაძლებელია ?
- ტრანსფერებზე მუშაობას გავაგრძელებთ, ჩემპიონატი 23 აგვისტოს იწყება და იქამდე კიდევ არის საკმარისი დრო.
- თბილისის ”ამერიდან” აპირებთ ფეხბურთელების დამატებას ?
- ვნახოთ, ”ამერს” კარგი ფეხბურთელები ჰყავს...
|