სიონი ჩემპიონობას ეპარება ? სიონი - ზესტაფონი 1-0
ბოლნისი ისევ ფეხბურთით ცხოვრობს . " სიონი " ეროვნულ პირველობას ლიდერობს და ლამაზ ფეხბურთსაც აჩვენებს . " ზესტაფონთან " მატჩმა ბოლნისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და თამაშიც საინტერესო გამოდგა . ხვიჩა ქასრაშვილმა " სიონი " 4-4-2 სქემით განალაგა , მცველები და ნახევარმცველები ხაზზე თამაშობდნენ . თემურ მახარაძემ " ზესტაფონისთვის " 3-5-2 სქემა მიიჩნია სასურველად . მართალია , სტუმრებს მოედანზე სამი ფორვარდი ჰყავდათ - იმედაძე , გოცირიძე და ფიფია , თუმცა ეს უკანასკნელი ნახევარდაცვიდან ეხმარებოდა შემტევებს . ორივე გუნდი თავიდანვე ცდილობდა ფლანგების გამოყენებას , თუმცა მასპინძლები უფრო ახერხებდნენ ჩანაფიქრის შესრულებას . ჩინებულ ფორმაში მყოფი ბოლქვაძე და საყრდენი ხმალაძე მოედნის ცენტრში " ზესტაფონს " გასაქანს არ აძლევდნენ და თავისიანთა თამაშს ჩინებულად წარმართავდნენ . სწორედ ბოლქვაძის ჩინებული გადაცემით აღმოჩნდა მე -18 წუთზე გრიგოლ დოლიძე მეკარესთან პირისპირ და ქვაჩახია ფეხებში რომ არ ჩავარდნოდა , გოლი გარდაუვალი იყო . თუმცა " სიონის " მარჯვენა ნახევარმცველმა მალე თავი მაინც გამოიჩინა . 24- ე წუთზე სტუმართა კართან ჯარიმა დაინიშნა . ჩიკვილაძემ უძლიერესად დაარტყა , ბურთი კედელში გაძვრა და " ზესტაფონის " საჯარიმოში მარტო დარჩენილ დოლიძეს მიუგორდა . მან მარჯვენა ფლანგის მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა და ქვაჩახიას შანსი არ დაუტოვა - 1:0. ბოლნისელ ქომაგთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და მათ ახალი მისამღერი დააგუგუნეს , რომელიც ასე მთავრდება - " ვისაც " სიონი " არ უყვარს , ყველა მოსაკვლელია ".
მალე დოლიძემ ისევ უძლიერესად დაარტყა, მაგრამ უშედეგოდ. 34- ე წუთზე უკვე ბოლქვაძემ აანერვიულა სტუმრები, რომელმაც არაორდინალური მოძრაობით მცველები ჩამოიშორა და მეკარის სიფხიზლე შეამოწმა, თუმცა ბურთი კარს სანტიმეტრებით ასცდა.
მეორე ტაიმიც მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. ბოლქვაძის ჩაწოდებულ კუთხურს კვიტაიშვილმა თავი ზუსტად დაახვედრა და ქვაჩახიამ კვლავ კარგად შეარჩია პოზიცია. ამას დოლიძის კიდევ ორი დარტყმა მოჰყვა. თუმცა თემურ მახარაძის ხელქვეითები მალე უკეთ ათამაშდნენ და უპირატესობაც ხელში ჩაიგდეს. იმედაძის გადაცემის შემდეგ ფიფია ორ მცველს გაცდა და 5 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ ბობღიაშვილი ისე თამაშობდა, თქვენი მოწონებული. ამის შემდეგ " სიონის" მეკარემ ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი. 69- ე წუთზე თოდუამ 40- მეტრიანი გადაცემით გოცირიძე საჯარიმოში მოძებნა, სვანიძე შეცდა და სტუმართა ფორვარდმა ბურთი მიზნისკენ თავით გაგზავნა. თითქოს ანგარიში უნდა გათანაბრებულიყო, მაგრამ ბობღიაშვილმა საოცრება მოახდინა და ბურთს ნახტომით შესწვდა. მან მოგვიანებით ღონღაძის თავური და ძამსაშვილის უძლიერესი დარტყმაც მოიგერია.
მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, სტუმრები კი " სიონის" კარს უშედეგოდ ასკდებოდნენ. მახარაძე ვაბანკზე წავიდა. მცველი თოდუა თავდამსხმელი იონანიძით შეცვალა. თუმცა მასპინძლებმა ანგარიში შეინარჩუნეს და კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩნენ.
წესით და რიგით, " სიონის" ლიდერებში მოხვედრა შემთხვევითი არ უნდა იყოს. გუნდის წინაშე საშური პერსპექტივაც გადაიშალა. სააქციო საზოგადოება " მადნეულის" მყიდველი ვალდებულია ყოველწლიურალ " სიონი" 3 მილიონი დოლარით დააფინანსოს. ასეთ გუნდში კი ფეხბურთელი მონდომებით ითამაშებს.
მატჩის შემდგეგ
თემურ მახარაძე (" ზესტაფონი"): " ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში დავალების შესრულება ვერ შეძლეს და ამიტომაც პირწმინდად დავმარცხდით. საბედნიეროდ, მეორე ნახევარში ვითარების გამოსწორება მოვახერხეთ. " სიონი" ძლიერი გუნდია და მასთან ცალკარას თამაში, მით უფრო ბოლნისში ძალიან ძნელია. ჩვენ ეს კი მოვახერხეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ."
ხვიჩა ქასრაშვილი (" სიონი"): " ძლიერ მეტოქესთან მძიმე მატჩის მოგება ძალიან მახარებს. მართალია, მეორე ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ 3 ქულა მაინც მოვიპოვეთ. შევეცდებით, შემდეგ თამაშებში ნაკლი გამოვასწოროთ." |