03.07.2008

 

 

ჩვენი მეტოქე - შანდორ ეგერვარის ინტერვიუ.

 

უნგრული ”დიორი ეტო”-ს მთავარი მწვრთნელი შანდორ ეგერვარი უეფა-ს თასის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრით უკმაყოფილო არ არის, მაგრამ, ამასთანავე, მიიჩნევს, რომ ”ზესტაფონ” -ზე სუსტი მეტოქე შეიძლებოდა შეხვედროდა.

 

ეგერვარი გამოცდილი სპეციალისტია და ”დიორ ეტო” სწორედ მისი ხელმძღვანელობით ცდილობს ძველი დიდების დაბრუნებას. ამ უნგრული გუნდისთვის ”ზესტაფონ”-თან მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია...

სიტყვა დავუთმოთ უნგრული გუნდის დამრიგებელ შანდორ ეგერვარს -

- ვერ ვიტყვი, რომ კენჭისყრაში არ გაგვიმართლა. ჩვენ ასე ვმსჯელობთ: პირველ ეტაპზე მოთამაშე ყველა განუთესავი გუნდი უნდა დავამარცხოთ. ”ზესტაფონი”-ს შესახებ მაინცდამაინც ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ზოგადად ქართველი ფეხბურთელების შესახებ კი მოგვეხსენება. შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციებით მდიდარი ქვეყნის წარმომადგენელს შევხვდით.

- და მაინც, რა ინფორმაციას ფლობთ ”ზესტაფონი”-ს შესახებ ?

- ჯერჯერობით ხელთ გვაქვს კლუბის სრული შემადგენლობა, რომელიც მეტოქის ინტერნეტ-საიტის საშუალებით მოვიპოვეთ. გარდა ამისა, ვეყრდნობით ჩვენი კლუბის გაბონელი ლეგიონერის არსენ კოპას მონათხრობს, რომელმაც ბევრი რამ იცის ”ზესტაფონი”-ს გაბონელი ლეგიონერების შესახებ...

- ”დიორ ეტო”-ს მდიდარი ისტორია აქვს, მაგრამ, ისიც გვითხარით, ახლა რას წარმოადგენს ეს გუნდი?

- მებრძოლი, შეტევაზე ორიენტირებული კოლექტივი გვყავს, რომელიც განსაკუთრებით კარაგად საშინაო მატჩებში გამოიყურება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამართული თანამედროვე ფეხბურთი ვითამაშოთ. ამის მიღწევა იოლი არ არის, თუმცა, ნამდვილად შეიძლება...

- გულწრფელად გვითხარით, შანსებს როგორ აფასებს?

- შანსები 50/50 -ზეა. ამ ეტაპზე კითხვას საფუძვლიან პასუხს ვერ გავცემ, რადგან მეტოქის შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცი. ცუდი ისაა, მეორე მატჩი მეტოქის მოედანზე რომ უნდა გავმართოთ. ამას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება დიდი სხვაობით გავიმარჯვოთ პირველ მატჩში.

თანაც, უმჯობესი იქნებოდა, მეტოქედ პერიფერიის კი არა, საქართველოს დედაქალაქის გუნდი შეგვხვედროდა...

- ზესტაფონში ჩასვლა გეძნელებათ?

- უმჯობესი იქნებოდა თბილისში გვეთამაშა. ასეთ შემთხვევაში ნაკლებად დავითვირთებოდით, მაგრამ, რას ვიზამთ? უნდა შევეგუოთ, რომ წინ მომქანცველი მგზავრობა გველის.

- ”დიორ ეტო”-ს როგორი ქომაგები ჰყავს?

- ძალიან კარგი გულშემატკივრები გვყავს. ისინი ყოველთვის ბოლომდე ავსებენ ჩვენს სტადიონს. ამიტომ არის, რომ ”დიორ ეტო” განსაკუთრებით ძლიერია საკუთარ კედლებში.

- კლუბის ხელმძღვანელობა უეფა-ს თასზე რამდენი ეტაპის გავლას აპირებს?

- ორი ეტაპი აუცილებლად უნდა გავიაროთ და თუ ჯგუფურ ეტაპზეც გავაღწევთ, ამას არაფერი აჯობებს. ორი ეტაპი შემთხვევით არ მიხსენებია. სწორედ ამას ითხოვს კლუბის ხელმძღვანელობა...

- პირველი საშინაო მატჩისთვის ვინმე ხომ არ დაგაკლდებათ?

- ალბათ, აღარ გვეყოლება კამერუნელი მცველი ფუმბოდი. ეს დანაკლისი აუცილებლად უნდა შევავსოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაცვაში ძალიან გაგვიჭირდება.

 

ესაუბრა ალეკო კაკაურიძე ,გაზეთი ”ოლიმპი
   
FC ZESTAFONI © 2005