02.07.2008

 

 

ჩვენი მეტოქე - უნგრული კლუბი ”დიორი ეტო” .

 

”დიორი ეტო” - გუნდი პუშკაშის, ალბერტის, დეტარის, ნილაშის, გროჩიშის, ჰიდეგკუტისა თუ ბენეს ქვეყნიდან. იყო დრო, როდესაც უნგრეთის ”დიდი გუნდი” ქუხდა მსოფლიოში, იყო დრო, როდესაც ”დიორიც” ამბობდა თავის სიტყვას. მაშინ ეს გუნდი ”რაბა ეტო”-თი იყო ცნობილი.

 

უნგრეთის სამგზის (1963, 1982, 1983) ჩემპიონი, ორჯერ მეორეადგილოსანი (1984, 1985), ოთხგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1967, 1974, 1986, 2008), და ოთხგზის თასის მფლობელი (1965. 1966, 1967, 1979) - ეს გუნდია ”ზესტაფონი”-ს მეტოქე უეფა-ს თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე.

დიორი საშუალო სიდიდის ქალაქია უნგრეთის ჩრდილო-დასავლეთით. გუნდი ქალაქის სახელწოდებისაა და 1904 წელს შეიქმნა. მას შემდეგ კლუბმა 11-ჯერ გამოიცვალა სახელი... გუნდის ამჟამინდელი სახელი ”დიორი ეტო”-ა. ”ეტო” აბრევიატურაა გუნდის სპონსორისა, რომელიც დაარსებიდან მოჰყვება. ”დიორი”-ს ფერებია მწვანე და თეთრი. თამაშობს სტადიონ ”ეტოზე”, რომელიც წლევანდელ რეკონსტრუქციის შემდეგ 20 000 მაყურებელს იტევს.

ევროსარბიელზე უნგრული გუნდის ყველაზე დიდი მიღწევა ჩემპიონთა თასის 1/2- ფინალში თამაშია (1964-1965 წლების სეზონში), სადაც ეუსებიოს ”ბენფიკა”-სთან დამარცხდა. ”დიორის” ტიტულების უმეტესობა 60-იან და 80-იან წლებშია მოპოვებული.

თავის დროზე ”დიორში” თამაშობდა მიკლოშ ფეჰერი, რომელიც 2004 წელს, ”ბენფიკას” შემადგენლობაში თამაშისას მოედანზე გარდაიცვალა 24 წლის ასაკში.

”დიორი” გაუწვრთნიათ ლეგენდარულ ნანდორ ჰიდეგკუტს და იოზეფ კიპრიხს. ახლა გუნდის მწვრთნელი შანდორ ეგერვარია. მისი თავკაცობით გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. ედერვარი ქომაგებმა ლამის გმირად შერაცხეს ...

გუნდის წამყვანი ძალა ნახევარდაცვაა, სადაც უნგრეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები - ზოლტან ბოორი და პეტერ შტარკი თამაშობენ. მათ თამამად ამოუდგა გვერდით 21-წლის ტამაშ კოლტაი, რომელიც ბოლო ოფიციალური თამაშისთვის მიიწვიეს ნაკრებში...

ძალიან საშიშია ჩერნოგორიელი ბრნოვიჩი, რომელიც გუნდის საუკეთესო ბომბარდირია (გასულ სეზონში 10 გოლი), მას სერბეთისა და ჩერნოგორიის ნაკრებებში უთამაშია. ბრნოვიჩის გარდა, ”დიორში” 6 ლეგიონერია - 2-2 სლოვაკი და სლოვენიელი, თითო გაბონელი და კამერუნელი.

”დიორის” ევროტურნირებზე ასპარეზობის სტატისტიკა -

ჩემპიონთა თასზე: 14 მატჩი, 7 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება, ბურთები 27-30;

თასების მფლობელთა ტასზე: 12 მატჩი, 6 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება, ბურთები 23-14;

უეფა-ს თასზე: 12 მატჩი, 4 მოგება, 2 ფრე, 6 წაგება, ბურთები 17-25;

ინტერტოტოს თასზე: 4 მატჩი, 1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, ბურთები 5-5.

 

გაზეთი ”სარბიელი”
   
FC ZESTAFONI © 2005