22.06.2008

 

 

მშენებლობა გრძელდება .

 

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველი გუნდი, რომელიც უეფა-ს თასის გათამაშებაში დებიუტისათვის ემზადება, იმყოფება დაბა ურეკში, სადაც გადის ევროტურნირისათვის მზადების მეორე ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებულ საწვრთნელ შეკრებას .

ამასობაში კი, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ისევ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომლებსაც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ხელმძღვანელობა აფინანსებს. როგორც ცნობილია, ივნისის ბოლოს ზესტაფონში ელიან უეფა-ს კომისიას, რომელმაც უნდა შეისწავლოს უეფა-ს ეგიდით გასამართი მატჩების ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართვის შესაძლებლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სადღეისოდ ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ფაქტობრივად დასრულებულია მეტალოკონსტრუქციათა მონტაჟი და ბეტონის კონსტრუქციების ჩამოსხმასთან დაკავშირებული სამუშაოები (დასავლეთის ტრიბუნაზე ეს სამუშაოები ხვალ სრულდება). სამუშაოების შემდეგ ეტაპს წარმოადგენს ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება - სკამებს ზესტაფონში სამშაბათს ელიან. მანამდე კი სრულდება ტრიბუნების შემზადება სკამების დამონტაჟებისათვის - ტრიბუნები და მათზე არსებული მეტალოკონსტრუქციები შესაბამისად სუფთავდება და იღებება. ფაქტობრივად დასრულებულია საპატიო სტუმართა სექტორის მომზადებაც, გარემონტებულია საკომენტატორო ჯიხურები, დასავლეთის ტრიბუნის ქვეშ არსებული ფართი გამოყენებულია პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახის, ტელესტუდიის, მედიის სამუშაო დარბაზის კეთილმოსაწყობად. თითქმის მზადაა სტადიონის სპორტული კომპლექსიც, რომელიც აღმოსავლეთის ტრიბუნის უკან მდებარეობს - გარემონტდა და აღიჭურვა შესაბამისი რაოდენობის სანტექნიკით სტუმართა და მასპინძელთა გასახდელები, კეთილმოეწყო დოპინგ-კონტროლის, უეფას დელეგატისა და მსაჯთა ოთახები, რემონტდება ფეხბურთელთა მინდორზე გასასვლელი გვირაბი და ა.შ.

სასიამოვნო და მისასალმებელ სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ერთ-ერთი ზესტაფონელი ბიზნესმენის ინიციატივა. ამ პიროვნებამ საკუთარი სახსრებით ითავა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე აუზის შენობის ფასადის გარემონტება-გალამაზება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მუნიციპალური ხელმძღვანელობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მონაკვეთის განახლებისა და სტადიონთან ავტოსადგომის შექმნის შესახებ. ამ სამუშაოების დაწყება ორშბათიდან იგეგმება ...

ერთი სიტყვით, იმის მიუხედავად, რომ სტადიონის მესაკუთრის საკითხი კვლავაც გადაუჭრელია, იკვეთება კონტურები საერთო დიდი საქმისათვის ზესტაფონის საზოგადოების სხვადასხვა ფრთათა მომავალი თანამშრომლობისა. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიესალმება ყველა კეთილ წამოწყებასა და ინიციატივას და მადლობას უხდის ყველას, ვინც მცირედიც კი გაიღო ამ საერთო საშვილიშვილო საქმისათვის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის !

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005